ჟურნალ JAMA Ophtalmology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ლეონარდო და ვინჩის იშვიათი ფორმის სიელმე, წყვეტილი ეზოტროპია ჰქონდა.

“ნამუშევრებზე დაკვირვების შედეგად, შევნიშნე, რომ თვალების განლაგება მის ყველა ნახატში განსხვავებულია “- ამბობს კვლევის ავტორი ქრისტოფერ ტაილერი.

ორი ქანდაკება, ორი ზეთის საღებავებით შესრულებული ნამუშევარი და ორი ნახატი – ტაილერმა, ოფთალმოლოგიური კუთხით, დეტალურად გამოიკვლია ლეონარდო და ვინჩის ექვს ავტოპორტრეტში მზერის მიმართულება. მან დაადგინა, რომ ზოგიერთ ნამუშევარში გამოვლინდა ეზოტროპიის ნიშნები.

ტაილერმა გუგებზე, ფერად გარსსა და ქუთუთოებზე წრეების დახაზვით შეაფასა თვალების მდგომარეობა და დახრილობა, ასევე გაზომა მათი განლაგება. კვლევამ აჩვენა, რომ და ვინჩის ჰქონდა ეზოტროპიისადმი მიდრეკილება – ერთი თვალი -10.3 გრადუსით გადახრილი, ნორმას დაშორებული იყო.

ტაილერი მიიჩნევს, რომ და ვინჩის ეს დაავადება მარცხენა თვალზე ჰქონდა.

თვალების ეზოტროპია, სიელმის ეს ფორმა, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს აქვს. ქრისტოფერ ტაილერი ფიქრობს, რომ  ამ დაავადებამ და ვინჩის საშუალება მისცა სამყარო განსხვავებული კუთხით დაენახა. ის ამბობს, რომ ლეონარდოსთვის გარემო უჩვეულოდ „ბრტყელი“ იყო.

“რასაც ის უყურებდა, უფრო ბრტყელ ტილოს ჰგავდა, ვიდრე სამგანზომილებიან ზედაპირს.“ – ამბობს ქრისტოფერ ტაილერი.

მარცხენა თვალის მდგომარეობა კონტრასტული, განსხვავებული იყო  მარჯვენა თვალისგან, „რაც მას სამგანზომილებიანი სივრცის ფერწერულ ტილოზე გადატანას უადვილებდა“. ტაილერი ამბობს, რომ ლეონარდოს ეს უნარი დაეხმარა ჩრდილების შექმნაშიც.

კვლევამ აჩვენა, რომ და ვინჩის ზოგიერთ ნამუშევარში თვალის გუგების განსხვავებული მიმართულება და ზომა შეიძლება აიხსნას ანიზოკორიით, გუგების უთანაბრობით. მაგრამ, ტაილერი ამბობს, რომ ეს „ნაკლებად სავარაუდოა“. მას მიაჩნია, რომ და ვინჩი ასახვის ამ მეთოდს იმისთვის იყენებდა, რომ ეჩვენებინა მისი გამოცდილება – მხოლოდ ერთი თვალიდან გარკვევით, ნათლად დანახვის.

მსგავსი მეთოდით ადრე სხვა მხატვრების, რემბრანდტის, ედგარ დეგასა და პიკასოს ნამუშევრებიც შეისწავლეს. კვლევამ თვალის განლაგების დარღვევები მათ შემთხვევაშიც აღმოაჩინა.

წყაროები: cnn.com

arstechnica.com

ნინი მაზიაშვილი

გაზიარება