რამდენიმე თვის წინ საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს მთავრობის კანცელარიასთან სახელწოდებით „ პანკისი არ არის შორს . „ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გახმაურებული სპეცოპერაციის გამოძიებას მოითხოვდნენ, ასევე მთავარ მესიჯად იკითხებოდა, ისიც რომ ზოგადად არასწორია და შესაცვლელია დამოკიდებულება პანკისის და მისი მაცხოვრებლების მიმართ.
პანკისი შორს ნამდვილად არაა.
პირიქით, მეტისმეტად ახლოსაც კია.
ეს ძალიან ლამაზი და ბუნებით გამორჩეული ხეობა კახეთში, ალაზნის ველზე მდებარეობს. ხეობას საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორია და ეთნოგრაფია გამოარჩევს.
ისტორიული მოვლენების კვალდაკვა პანკისის ხეობა ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონად გადაიქცა. ამჟამად პანკისის ხეობა ძირითადად ქისტებითაა დასახლებული. დაახლოებით 8 ათასი ქისტია, უმთავრესად ცხოვრობენ დუისში, ჯოყოლოში, ბირკიანში, ჯიბახევში, წალახანში (ზემო, შუა, ქვემო) და ომალოში. ქისტური სოფლების გარდა ხეობაში არის ფშავების, თუშებისა და ბაცბიელების სოფლები.
დუისი– პანკისის ადმინისტრაციული ცენტრია. აქ არის განთავსებული ადგილობრივი მმართველობა ახმეტიდან.
დუისიდან გზა მიემართება მორიგი ქისტური სოფლებისაკენ, რომლებიც ასევე მდინარე ალაზნის გასწვრივ მდებარეობს : ჯოყოლო, ბირკიანი, ჯიბახევი. დუისიდან, მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით, გორაკზე განთავსებული ამფითეატრის უკან, მიემართება გზა დუისის პარალელურად მდებარე, მაგრამ მთებში ჩამალული ფშაური სოფლისაკენ – დედისფერული (კაკლიანი).
ბოლო სოფელი ჯიბახევი მაღალმთიან ხადორის ხეობამდე აღწევს, იქედან სამი გასასვლელია მაღალმთიან ტრასებამდე – საქისტო (ბატანა), ლამაზურ (კოჭადალა) და ალაზანი-ბორბალოს სათავე.
ხეობაში ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით მიედინება. მოსახლეობას ბევრ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემასთან უწევს გამკლავება, თუმცა გარდა ამ ყოველდღიური საფიქრალისა, მათ ბრძოლა არსებულ სტიგმებთან და სტერეოტიპებთანაც უწევთ.
ბოლო პერიოდში მედიაში პანკისის თემის ხშირმა გაშუქებამ ნეგატიურ კონტექსტში ხელი შეუწყო ამ რეგიონის ერთგვარ სტიგმატიზაციას და დაკავშირებას ტერორიზმთან, რაც სრულად გაუმართლებელია და სამომავლოდ ერთგვარი გაუცხოვებისა და აქ მაცხოვრებელთა გარიყვის საფრთხეს ქმნის.
არადა პანკისის ხეობა ისევ ახლოსაა, ისევ საქართველოა და აქ მაცხოვრებელი ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლოება ისევ ყოველდღიურობას ეჯიბრება საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
პანკისში ბევრი ისტორიული ძეგლია,საინტერესოა მუსულმანური და ქრისტიანული რელიგიური ძეგლების ერთად გვერდი–გვერდ ხილვა. ეს კომპოზიცია ხეობას კიდევ უფრო გამორჩეულსა და საინტერესოს ხდის .
პანკისური პოეზიის სადარაჯოზე
პანკისის ხეობაში საკმაოდ ბევრ ნიჭიერ და შემოქმედ ადამიანს შეხვდებით. აქ ბევრი წერს ლექსებს და ჩანახატებს. თუ ერთი წამით მაინც მოავლებთ თვალს ხეობის ულამაზეს ბუნებას და ღრმად ჩაისუნთქავთ მთიდან მობერილ სუფთა ჰაერს, მაშინ მიხვდებით, რომ გასაკვირი არცაა ამ პატარა კუთხეში ამდენი შემოქმედის დაბადება.
პანკისური პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენელია სულეიმან გუმაშვილი. ეს ცნობილი ქისტი პოეტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ჩეჩნეთისა და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი 1944 წელს ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოში, მრავალ შვილიან ოჯახში დაიბადა.
საკმაოდ რთული და საინტერესო გზა განვლო. წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა სოფლის საჯარო სკოლების დირექტორი, ასევე 1999 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1995 წელს გამოიცა სულეიმან გუმაშვილის ლექსების კრებული ,,ჩემო ჩეჩნეთო“ (ჩეჩნურ ენაზე). 2001 წელს იგივე კრებული ითარგმა ქართულ ენაზე.
ამჟამარ საკუთარ მოღვაწეობაზე და ზოგადად პანკისის მიმართ დამოკიდებულებაზე სულეიმანი Ttimes-ს ესაუბრა :
„ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ჩამოშორებული ვარ . განათლების განვითარების მხრივ პანკის ეტყობა პროგრესი, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა ფუნქციონირებს და ეს საშუალებას აძლევს ქისტ ახალგაზრდა თაობას უფასოდ მიიღოს განათლება და მოახდინოს თავისი შესაძლებლობების რეალიზება. შემოქმედებითი საქმიანობა ბოლო წლებში პროგრეს განიცდის და ქისტ საზოგადოებაში გამოჩნდნენ ჩემი მიმდევრები მწერლობაში.
წლებია პანკისის ხეობის მიმართ არასწორ პოლიტიკას ატარებენ და შედეგიც სავალალოა . მასმედიაც ამაში დიდ როლს თამაშობს და გარკვეული სტერეოტიპები ჩამოყალიბდა. საზოგადობის დამოკიდებულება ქისტების მიმართ დიდწილად შეიცვალა. ეს ყველაფერი გაუცხოებას და ნდობის დაკარგვას იწვევს და ქისტი მოსახლეობა ამას განიცდის. შედეგი სახელმწიფოს საზიანო არ იქნება, ქისტები ყოველთვის იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ეს ჩვენმა ისტორიულმა ურთიერთობებმაც აჩვენა.
რას ნიშნავს ჩემთვის პანკისი ? – ეს არის ადგილია სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ვისწავლე ადამიანური ღირებულებები, ჩვენი ადათ-წესები, სადაც ლამაზი ბავშვობის მოგონებები მაკავშირებს. სიყვარულს საქართველოსა და პანკისის მიმართ ჩემს შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია.
გულზე მედება დედის ამბორი
და სიყვარული ჩემში შედედდა,
პანკისი არის ჩემი აკვანი,
ხოლო გამზრდელი – ქართველი დედა. „
ქალები პანკისიდან
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პანკისის ხეობაში ქალები მიხვდნენ – აღარ უნდოდათ იმ რეალობაში ცხოვრება, სადაც გადაწყვეტილებას მხოლოდ კაცები იღებდნენ. დაიწყო ბრძოლა ცვლილებებისთვის, რამაც შედეგი გამოიღო კიდეც.
2006 წელს ქალთა კლუბების შექმნის იდეა გაჩნდა. მოხალისე ქალები შეიკრიბნენ და სამ სოფელში – ომალოში, დუისსა და წინუბანში – მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს. ჩაჰქონდათ ჟურნალ-გაზეთები, ხვდებოდნენ ადგილობრივ ქალებს, ისმენდნენ მათი ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ.
გაჩნდა უხუცეს ქალთა საბჭოს შექმნის იდეა, რომელიც პანკისის ხეობაში ქალებს სხვადასხვა საკითხის გადაჭრაში დაეხმარებოდა. იდეის ხორცშესხმა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. საჭირო იყო უხუცეს კაცთა საბჭოს თანხმობა. კაცები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ . მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქალებმა შეძლეს კაცებთან მოლაპარაკება. 2011 წელს პანკისის ხეობაში უხუცეს ქალთა საბჭო შეიქმნა.
ქალებისთვის განსაკუთრებული გულისტკივილია სირიაში წასული პანკისელი მებრძოლები. ქალთა საბჭოს წევრები არაერთხელ შეხვდნენ დედებს. სთხოვეს, არ გაეშვათ შვილები სირიაში და მთელი ძალისხმევა გამოეყენებინათ, რომ მათ შვილებს საზღვარი არ გადაეკვეთათ.
იყო ქალი საქართველოში, სადაც ბევრი გენდერული სტერეოტიპი არსებობს, ძალიან რთულია. განსაკუთრებით ისეთ კონსერვატულ საზოგადოებაში, როგორიც პანკისია. თუმცა პანკისელმა ქალებმა შეძლეს და საკუთარი ადგილი დაიმკვიდრეს. მათ შეძლეს და ხმა სხვა ქალებსაც მიაწვდინეს.
და დღეს პანკისში ბევრ სოციალურად აქტიურ ქალბატონს შეხვდებით, რომლებმაც წამოიწყეს მცირე ბიზნესიც და ოჯახურ სასტუმროებს ხელმძღვანელობენ, ასევე აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ კამპანიებში და მოსახლეობის სხვადასხვა საკითხზე ინფორმირებულობას უზრუნველყოფენ.
ლუიზა მუთოშვილის ისტორიაც ძალიან საინტერესოა. ის არის ქალი პანკისიდან, უფრო ზუსტად ქალის ხმა ხეობიდან , რომელიც არც ისე შორსაა.
პროფესიით მასწავლებელია და უკვე მეხუთე წელია, რაც ჩეჩენ ლტოლვილებს ეხმარება ქართული ენის შესწავლაში. ლუიზა 2012 წლიდან ჩაერთო ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” პროგრამაში, რაც ითვალისწინებს არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესწავლას. ამ პროგრამის ფარგლებში მან რამდენიმე სკოლაში იმუშავა დამხმარე პედაგოგად და მოსწავლეებს ქართული ენის შესწავლაში დაეხმარა.
მასწავლებლის პროფესიის სირთულეებსა და საკუთარ პოლიტიკურ ნაბიჯებზე ლუიზა გვიყვება :
„ ბავშვებთან მუშაობაზე დიდი სიამოვნება არაფერი არ არის ცხოვრებაში, თუმცა თავად მასწავლებლის პროფესია წარმოუდგენლად საპასუხისმგებლოა.
სკოლის პარალელურად ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში და ხეობის ახალგაზრდებთან ყოველდღიური შეხება მაქვს. სხვადასხვა აქტივობით ვცდილობთ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. ვთვლი, რომ ერთ ერთი მაღალი სამოქალაქო შეგნების ეთნიკური უმცირესობა ვართ საქართველოში. თუმცა სამუშაო ჯერ კიდე ბევრია. ჩემმა გამოცდილებამ დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთეული ადამიანების აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება თემის განვითარების საქმეში .
2014 წელს ადგილოვრივ თვითმმართველობის არჩევნებში გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, გულწრფელად გითხრათ, არ მიფიქრია, რომ ამ არჩევნების მოგების შანსი მქონდა, პირიქით ვიცოდი, რომ წაგებულ თამაშს ვთამაშობდი. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ მონაწილეობით სხვა ქალებისთვის მიმეცა სტიმული. შედეგი იყო მოულოდნელი, არჩევნები წავაგე 12 ხმით. ეს იმ პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ავტორიტეტების როლი და გავლენა ჯერ კიდევ ძლიერია , იყო მოგების ტოლფასი. ეს კარგი მაგალითი იყო სხვა ქალებისთვის. ბევრჯერ მიფიქრია ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი ამომრჩეველი და ვფიქრობ ალბათ ქალები, რომლებსაც ჰქონდათ ამის სურვილი და ვერ ბედავდნენ პოლიტიკაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიეღოთ ან იქნებ ახალგაზრდები, რომლებთანაც ბოლო წლებში მქონდა შეხება, ვისაც სჭირდებოდა ცვლილებები. ამ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი იყო მამაჩემის თანადგომა, რადგან ჩემს თემში ქალების აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისთვის გადამწყვეტია მამაკაცების თანადგომა, ვგულისხმობ მამას, ძმას მეუღლეს და ა.შ.
პანკისის კრიზისიდან დღემდე პანკისის ხეობა როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე ჩანს, როგორც ჩვენი ქვეყნის არაუსაფრთხო ნაწილი. ამაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის მედია საშუალებებს, რადგან პანკისი წარმოჩენა ხდება ნეგატიურ კონტექსტში. განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბოლო ორი სპეცოპერაციის შემდეგ, პანკისის, როგორც ტერორიზმის საფრხთის მატარებელ ნაწილად დასახელება.
პანკისი და ქისტები ყველაზე რთული შვილები არიან ჩვენი ქვეყნის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრობიდან მოყოლებული დღემდე ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გვერდით. პანკისის დემონიზება ყველაზე მტკივნეულია ქისტებისთვის, რადგან ძალიან მტკივნეულა, როცა შენივე თანამოქალაქისთვის გიწევს იმის მტკიცება, რომ საფრთხეს არ წარმოადგენ და გიყვარს ეს ქვეყანა.
ქალების უფლებრივი მდგომარეობის განსაკუთრებულ მძიმე სურათს არ ქმნის ჩვენ რეგიონში, რადგან საერთო კავკასიური მენტალიტეტიდან გამომდინარე ქალის როლი განისაზღვრება ოჯახში და შვილების აღზრდაში. ამ ფონზე რთულია ქალის აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება, თუმცა ბოლო პერიოდში ხეობაში გაჩნდა ქალთა აქტივი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ხეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესებში .
პანკისში იგივე პრობლემებით ვცხვრობთ, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში. ძირითად პრობლემას მაინც დასაქმება წარმოადგენს და ის სტერეოტიპები, რაც პანკისის და ქისტების მიმართ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში.
საქართველო ჩემთვის იწყება პანკისიდან, ეს არის ადგილი, რომელიც სამყაროს მირჩევნია. ეს არის ადგილი, სადაც ერთად ცხოვრობს ქისტი, ოსი და ქართველი, როგორც ერთი ოჯახი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახში იყოს სიმშვიდე და სიყვარული ! “
ანა ურუშაძე