„ვნახეთ ჩვენ საზოგადოების რეაქცია, მათ შორის საპატრიარქოსი, მთელმა გუნდმა ანგარიში გავუწიეთ და შევაჩერეთ ეს კანონნპროქტი“, – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა კანაფის წარმოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
„შფოთვა, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ [მასზე], ადეკვატური იყო რეაქცია გუნდის მხრიდან, კანონპროექტი არის შეჩერებული, გაგრძელდება მასზე მსჯელობა, მათ შორის საპატრიარქოსთან. თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ჩვენი გუნდი არასდროს არ წასულა საზოგადოების წინააღმდეგ, არ წავა არც ახლა… წარმოება არ არის იოლი, მაგრამ მთავარია ჩვენი საზოგადოება და მათი რეაქცია. ჩვენ დიდ ანგარიშს ვუწევთ ჩვენს ეკლესიას, ძალიან დიდი პატივს ვცემთ ილია მეორეს, მეუფე შიოს, სხვა მეუფეებს, ვინც შეშფოთდნენ და რეაქციაც იყო ადეკვატური”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის წარმოებას თავად მხარს უჭერს; ასევე, ძალიან დიდი ხიბლია იმაში, რომ შესაძლოა ქვეყანამ დამატებით 1-2 მილიარდის ექსპორტიც მოახერხოს.
„ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ხელწერაც გვახსოვს დღეს, ცდილობს და ილაშქრებს მარიხუანას დათესვის და წარმოების წინააღმდეგ. ერთი რამ მინდა გითხრათ, თქვენივე გუნდის წევრმა, „გირჩის“ ზურაბ ჯაფარიძემ შეგახსენათ რამდენი მომხმარებელი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ნარკოტიკს. ისევ თქვენი გუნდის ყოფილმა წევრმა შეგახსენათ და თქვენი დირექტორი დაასახელა უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაში. თქვენ არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ იმის, რაც დღეს გინდათ, რომ აიღოთ, აიტაცოთ ხელში. მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ მისი გუნდის წევრები ასახელებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უამრავი მომხმარებელი ჰყავს. ასევე, ასახელებენ თქვენი ტელევიზიის დირექტორსაც. ასევე, მყავს თქვენი ლიდერიც ნანახი ტელევიზიით ამ თემაზე. ის, რომ საპატრიარქო ღელავს და შფოთავს, მისი უწმინდესობა, მეუფე შიო და ბევრი პატივცემული მეუფე, ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია. ქართული ეკლესია ზრუნავს საზოგადოებაზე, ჭეშმარიტად და ობიექტურად აღელვებს ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა თემა, ეს გასაგებია, მაგრამ ამას რომ იწერს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ცინიზმია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„რენტაბელობა ძალიან დიდია, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, 500%-ზე მეტია, და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ მილიარდი დოლარის და უფრო მეტის ექსპორტი განხორციელდეს 1, 2 და 3 წელში. ქვეყნები მინდა ჩამვთვალო, რომლებიც აწარმოებენ და ექსპორტზეც გააქვთ, აშშ, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია, ასევე უზბეკეთი”, – განაცხადა ივანიშვილმა.