ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, ფულის გათეთრების საქმეების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე, პროკურორებმა და გამომძიებლებმა ერთობლივი ტრენინგი გაიარეს. ერთობლივი სწავლების მიზანი უწყებებს შორის კოორდინაციის ზრდის ხელშეწყობა, საერთო პრაქტიკის დანერგვა და წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.
სასწავლო პროცესი, თეორიულ სწავლებასთან ერთად, დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით და მას ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ. კურსი მოიცავდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თემატიკას, მათ შორის: ამ მიმართულებებით არსებულ გამოწვევებს, ეფექტიანი გამოძიების წარმოებას, მტკიცებულებების მოპოვებას, სისხლის სამართლებრივ დევნას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციასა და სხვა აქტუალურ საკითხებს.
ტრენინგს, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში“ (PGG-GE) მხარდაჭერით განხორციელდა.