ოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარემ მარეკ კუხჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა. სეიმის მარშალმა მინისტრს სეიმის მიერ მიღებული რეზოლუცია გადასცა და ხაზი გაუსვა პოლონეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ პოლონეთი გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ აგრესიას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გატაცებების, მკვლელობის და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ სხვა ძალადობრივ აქტებს.
„გვამოძრავებს რა პოლონელ და ქართველ ერებს შორის სოლიდარობის სულისკვეთება, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმს სურს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის მე-10 წლისთავზე ტრაგიკული მოვლენების გახსენება.
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი იხსენებს რა, ომის შემდგომი ევროპის ისტორიაში, პირველად, სუვერენულ სახელმწიფოზე, მეზობელი ქვეყნის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და მისი ტერიტორიების ოკუპაციას, რომელიც დღემდე გრძელდება, ისევე როგორც გარდაცვლილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ისტორიულ ვიზიტს თბილისში 2008 წლის 12 აგვისტოს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად უპრეცედენტო გამოხატულება გახლდათ.
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი ეწინააღმდეგება ყველა იმ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს ჩაერიოს ოფიციალური თბილისის სუვერენულ უფლებაში, განახორციელოს ხელისუფლება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მკაცრად გმობს საქართველოს მოქალაქეების მიმართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ მკვლელობების, გატაცებების, წამების ფაქტებს და სხვა ძალადობის აქტებს“- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის სეიმის მარშალს პოლონეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად, განსაკუთრებით კი საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გრძნობდა.
მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობას საპარლამენტო დონეზე, რისი გამოხატულებაც არის ორი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნება, რომელსაც ხელი მოეწერება თბილისში, ნოემბრის დასაწყისში პოლონეთის სეიმის მარშალის საქართველოში ვიზიტის დროს.