26 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, ქართულ „ფეისბუქ“ სივრცეში მოქმედებენ ანონიმური გვერდები, რომელთა მიზანს კანდიდატების, პოლიტიკური პარტიების, ლიდერების, პოლიტიკურად აქტიური პირების ან ზოგადად, მიმდინარე და აქტუალური პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია წარმოადგენს.
„აღნიშნულ გვერდებს მოქმედების ჩამოყალიბებული და ორგანიზებული სტრატეგია გააჩნიათ, რომელიც ორიენტირებულია პროპაგანდისტული მეთოდებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.“ – ვკითხულობთ „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, შესწავლილი ფეისბუქ გვერდები რამდენიმე მიმართულებით მოქმედებენ: ერთის მხრივ, ისინი დისკრედიტაციას უწევენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, მხარდამჭერებს, მათ პროგრამებს და მეორეს მხრივ, უპირისპირდებიან იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
„აღნიშნული ფეისბუქ გვერდები დროის კონკრეტულ მონაკვეთში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პარალელურად თითქმის ერთი და იმავე შინაარსის პოსტებს, ფოტო და ვიდეო მასალას კოორდინირებულად ერთდროულად ავრცელებენ, რომელთა მიზანი, სავარაუდოდ, სამიზნე აუდიტორიაში სასურველი განწყობების ჩამოყალიბებაა.“ – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნებული ფოტო-და ვიდეო მასალა ცხადყოფს, რომ გამოყენებულია ერთგვაროვანი მულტიმედიური ტექნოლოგიები, როგორიცაა: მონტაჟი, სუბტიტრები, გრაფიკა და ა.შ. რაც მიუთითებს, რომ მათი შექმნის წყარო შეიძლება ერთი ორგანიზებული ჯგუფი იყოს.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა მსგავსი სტრატეგიით მოქმედი 21 გვერდი. რომელთა მომწონებელთა ჯამური რაოდენობა არის 719,995. ამ გვერდების მიერ 1 ივნისიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდში ჯამში გამოქვეყნებულია 5,081 პოსტი.
ძირითადი გზავნილები
პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაციისა და საზოგადოებრივი განწყობის შექმნის მიზნით მოქმედი გვერდების ძირითადი გზავნილები:
- ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავშირება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. პოსტები, რომ ენმ საკუთარ პოლიტიკურ გზავნილებს ზაზა სარალიძის საშუალებით ავრცელებს. ასევე, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ერთ-ერთ აქციაზე გაკეთებული განცხადება, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში თავის აფეთქებას გეგმავდა. მოგვიანებით აქტიური ხდება პოსტები იმის შესახებ, რომ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ოფიციალურად ჩაერთვნენ გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიაში.
- არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია, რომელიც აქტიურდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ორგანიზაციებზე თავდასხმის კვალდაკვალ. ფოტო და ვიდეო მანიპულაციებში სხვადასხვა ორგანიზაციის დირექტორები უხამსი ფორმებით გამოსახული არიან მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიასთან ერთად, იმის ცრუ-მტკიცებულებად, რომ თითქოს, ორგანიზაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებენ.
- ზაზა ოქუაშვილის, როგორ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად წარმოჩენა, რომელმაც დადგა „სპექტაკლები“ და დამონტაჟებული ჩანაწერებით ცდილობს არ გადაიხადოს ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი დავალიანება;
- სპეკულირება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემით. ხაზგასმა მაშინდელი ხელისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაშვებულ „შეცდომებზე“, რამაც გამოიწვია ომი. ძირითადი მესიჯები მიმართულია იმისკენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ამერიკელების გაფრთხილება არაფრად ჩააგდო და ქვეყანა თავიდანვე განწირულ ომში ჩართო“.
- მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით პოზიტიური გზავნილების შემცველი პოსტები. ხაზგასმულია, რომ მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო და საზოგადოება ამ გადაწყვეტილებას მოუმზადებელი შეხვდა. ამიტომ სახელმწიფომ უნდა დააწესოს მოხმარებასთან და კულტივაციასთან დაკავშირებული რეგულაციები, ხოლო მარიხუანას ექსპორტით საქართველო მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს.
- პოსტები შინაარსით, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ სალომე ზურაბიშვილის ციტატების გამოყენება სიცრუეა.
- პოსტები იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილის კომენტარები აფხაზეთის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება.
ნინი მაზიაშვილი