დღეს განსხვავებულსა და საინტერესოს ბევრი ამზადებს. იმის გამო, რომ მოთხოვნა დიდია, ქართული საზოგადოებისთვის ბევრიც მზადდება. ფერად და ხალისიან, ნიჭიერ და მრავალფეროვან სამყაროში, საკუთარ ფერად სიტყვას მაკო გნოლიძეც ამბობს.
მეთოჯინე მაკო გნოლიძე დედაქალაქში დაიბადა – 1972 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო – ფიზიკის ფაკულტეტზე.
ბავშვობიდან მოყოლებული, განსაკუთრებულად უყვარდა ხელოვნება. ხატავდა, ძერწავდა და ამ საქმეში ატარებდა საუკეთესო პერიოდს. დიდი ხანი არ არის, რაც თოჯინების დამზადებით არის დაკავებული. სულ რაღაც, ხუთი წელია, რაც თოჯინების კეთება მისი ყოველდღიურობის თანმდევია. სწორედ ამ პერიოდის წინ დაინტერესდა ამ ხელოვნებით. ამზადებს საკუთარი იდეებით, ამზადებს სხვების იდეებითაც და მან ბევრი გმირიც გახადა ხელშესახები.
მასალად რას იყენებთ?
„ვიყენებ იაპონურ მასალას – “papperclay”. ეს სპეციალური თიხაა თოჯინების შესაქმნელად. მუშაობისთვის მჭირდება მშვიდი და წყნარი გარემო. უნდა ვიყო მარტო და თან კარგ ხასიათზე.
თოჯინებს რა მიზნით ამზადებთ?
თოჯინებს ვამზადებ, პირველ ყოვლისა, გამოფენებისთვის. შემდეგ უკვე, ალბათ, გასაყიდად.
მაკოს შემოქმედებით, გარდა იმისა, რომ ქართველები არიან აღფრთოვანებულები, უცხოელებიც საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენენ.
რა წარმატება აქვს თქვენს თოჯინებს?
ამ თოჯინებმა მონაწილეობა მიიღო არაერთ გამოფენაში. მათ შესახებ სიუჟეტები მომზადდა ყველა ტელევიზიის მიერ. იყო, ასევე, მრავალი საგაზეთო და ჟურნალის სტატიების მნიშვნელოვანი თემა. 2017 წელს, მე დაა ჩემმა თოჯინებმა მეთოჯინეთა საერთაშორისო გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში.
გარდა იმისა, რომ მაკო თოჯინების დამზადების პროცესით თვითონ იღებს სიამოვნებას, ჰყავს ადამიანები, მოსწავლეები, რომელთაც გადასცემს ამ ხელოვნების შექმნის უნარებს.
„მყავს მოსწავლეები, ვასწავლი მათ და მეც მიხარია, რომ ასე კარგად ითვისებენ და გამოსდით“.
როგორ ფიქრობთ, მეთოჯინეობას საქართველოში პერსპექტივა აქვს?
ჩეკი აზრით, პერსპექტივა ნამდვილად აქვს. მეთოჯინეობა არის ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც თბილისში მე-19 საუკუნიდან არსებობს. თუმცა, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ, ნელ-ნელა, უფრო მეტად ვითარდება ის. დაინტერესებაც მეტია და მოთხოვნაც.
მე ვისურვებდი, რომ ეს დარგი უფროდაუფრო დაიხვეწოს და არამარტო საქართველოს მისახლეობამ, არამედ მთელმა მსოფლიომ ნახოს ქართველ მეთოჯინეთა შემოქმედების ნიმუშები.
დღეს, საქართველოში არცისე ცოტა ამზადებს თოჯინებს. გმირების დიდ სამყაროში, რთული და საინტერესოც კია ის პროცესი, რომელიც „გაიძულებს“, გაავლო საკუთარი ხაზი ამ გარემოში. თუმცა, სამწუხაროდ, ღირებული თოჯინის სუვენირად შეძენა დღევანდელ საქართველოში იმდენად მიმზიდველი ვერ არის, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მაკო გნოლიძის გმირებს კი სამყაროს არაერთ კუნჭულში უმოგზაურია.
მარიამ ტიელიძე