საგარეო სავაჭრო ურთიერთობები დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. ეკონომიკური განვითარება დღესდღეობით საქართველოს მთავარი ამოცანაა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს არა მხოლოდ კომერციულ სფეროზე, არამედ სხვა მიმართულებებზეც.
თუ რა მდგომარეობაა დღეს ქართული პროდუქციის რუსეთში გატანასთან დაკავშირებით, მომავალში რა პროდუქტის გატანა იგეგმება, ასევე სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი რამდენად იქონიებს გავლენას გლეხების მდგომარეობაზე ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით შერვაშიძე.
რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავ აქტუალური საკითხია. დღეის მონაცემებით, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანამ ქვეყნის ეკონომიკაზე თუ იმოქმედა დადებითად?
ნებისმიერ ახალ ბაზარზე გასვლა, რა თქმა უნდა, სასიკეთოდ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. როგორც იცით, გაზაფხულზე რუსეთის ფედერაციის ბაზარი გაიხსნა ქართული ღვინისა და მინერალური წყლისთვის, ხოლო 28 ივნისიდან რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციამ, „როსსელხოზნადზორმა“ დაუშვა საქართველოდან დაბალი რისკის შემცველი ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტი (დაფნის ფოთოლი, ჩაი, მშრალი ხილი და ა.შ.). ამას პირველი შედეგებიც მოჰყვა – რუსეთის ფედერაციაში უკვე გადაიტვირთა ქართული დაფნის პირველი პარტია.
მარტო წელს, პირველი 6 თვის განმავლობაში, ღვინის ექსპორტის ზრდამ 40%-ს გადააჭარბა, თუმცა, ეს მარტო რუსეთის ბაზრის ხარჯზე არ მომხდარა. ქართული ღვინის ინდუსტრია დღეს აღმავლობის გზაზეა და, შესაბამისად, ახალ ბაზრებზე გასვლაც აქტუალური საკითხია. კარგია, როდესაც ყველას და მათ შორის მეწარმეებსაც, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას ქმნიან, გაცნობიერებული აქვთ, რომ ერთ ბაზარზე ორიენტირება დიდი შეცდომაა, ამის მწარე გაკვეთილი საქართველომ 2006 წელს უკვე იგემა და ახლა ცდილობს ბაზრების დივერსიფიცირებას. ამისთვის ყველაფერს აკეთებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურები – ღვინის ეროვნული სააგენტო და სურსათის ეროვნული სააგენტო. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იყოს და ის აკმაყოფილებდეს მიმღები ქვეყნის მოთხოვნებს უვნებლობასა და ხარისხზე. ახლა ბიზნესზეა დამოკიდებული რამდენად იაქტიურებს ახალი ბაზრების ასათვისებლად.
როგორც აღნიშნეთ, ერთ-ერთი პირველი პროდუქცია, რის ექსპორტიც მოხდა ეს არის ალკოჰოლური სასმელები და მინერალური წყლები. რამდენად გამართლდა ქართული მხარის მოლოდინი ამ პროდუქციის გაყიდვებთან დაკავშირებით?
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი შედეგი სრულად არის მიღწეული და მეტიც… მთავარი პრეტენზია, რომელსაც ონიშენკოს უწყება -„როსპოტრებნადზორი“ ქართულ ღვინოს უყენებდა ხარისხი და უვნებლობა იყო. ამ მხრივ 2006 წლამდე საქართველოში მართლაც იყო პრობლემები, თუმცა ყველა ღვინის ქარხანაზე ამის თქმა არ შეიძლებოდა. ამჟამად ეს პრობლემები მოგვარებულია. ქართული ღვინო ამ კუთხით ყველა მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ის მსოფლიოს საუკეთესო ბრენდებს შორის დამსახურებულად იკავებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს.
ახალი ბაზრების ათვისება სწორედ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ მიდგომები შეიცვალა. ჯერ შენ უნდა სცე პატივი შენს ტრადიციასა და კულტურას და მერე მოსთხოვო სხვას მისი პატივისცემა.
სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რა სახეობების გატანა ხდება ამჟამად? იგეგმებაა თუ არა მომავალში სხვა პროდუქციის გატანა (მაგალითად ლუდის, ციტრუსების და ასევე სხვა)?
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მისმა უწყებებმა ბევრი გააკეთეს ამ მიმართულებით. ღვინისა და მინერალური წყლების შემდეგ რამდენიმე ქართულმა ლუდის მწარმოებელმა კომპანიამაც გამოთქვა სურვილი გაეტანა თავისი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე. „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტების მესამე ვიზიტისას მათ დაათვალიერეს რამოდენიმე ლუდის ქარხანა. ექსპერტების დასკვნა მალევე გახდება ცნობილი. როგორც ჩემთვისაა ცნობილი უკვე დაწყებულია რუსეთში ამ კომპანიების რეგისტრაციის პროცედურა. სურსათის ეროვნული სააგენტო მზადაა შეისწავლოს, შეაფასოს და კანონმდებლობის შესაბამისად გასცეს ჰიგიენური სერტიფიკატები. იმედია რუსულ ბაზარზე მალე ქართულ ლუდსაც ვიხილავთ.
რაც შეეხება ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებულ მაღალი რისკის შემცველ მცენარეული წარმოშობის პროდუქტს (ციტრუსი, ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული), ამის თაობაზე მოლაპარაკებები რუსეთის შესაბამის უწყებასთან – „როსსელხოზნადზორთან“ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამართა. პროდუქციის გატანაზე პრინციპული თანხმობა უკვე არსებობს. მოლაპარაკების დროს მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის მიზნით ა.წ. აგვისტოში საქართველოში იმყოფებოდა „როსსელხოზნადზორის“ ექსპერტთა ჯგუფი, რომლებმაც ადგილზე შეისწავლეს სურსათის უვნებლობის კონტროლის სისტემა, საექსპორტო პარტიების ფორმირებისა და პროდუქციის სერტიფიცირების პროცედურები. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების დაზუსტება. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე ციტრუსის, ხილისა და ბოსტნეულის პირველი პარტიები გაიგზავნება რუსეთის ფედერაციაში.
თქვენი აზრით, რამდენად შეიცვალა ქართული პროდუქციის მიმართ 2006 წლამდე არსებული მოთხოვნა რუსეთში?
მიმაჩნია, რომ ჯერ რაიმე კონკრეტულის თქმა ძნელია, თუმცა ფაქტია, რომ ღვინის ექსპორტის შემთხვევაში 8 მლნ ბოთლი ღვინო უკვე გადაიზიდა რუსეთში და ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. რაც შეეხება სხვა პროდუქციას, მაგალითად მწვანილს, დაფნის ფოთოლს, ციტრუსსა თუ ხილს მცირე პარტიებით მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში ემბარგოს პირობებშიც კი შედიოდა. ეს ტრადიციული პროდუქტებია, რომელიც საქართველოდან რუსეთში გადიოდა. ის მოსწონდათ და ყიდულობდნენ. ამიტომ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე სრულად დაბრუნების შემთხვევაში არ მგონია, რაიმე სერიოზული სარეკლამო კამპანიის ან განსაკუთრებული მარკეტინგული ღონისძიებების გატარება გახდეს საჭირო. თუმცა, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ამ მიმართულებით არაფერია გასაკეთებელი. ბაზარზე საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად და შესანარჩუნებლად ბრძოლა ყოველთვის საჭიროა და რეკლამაც აუცილებელია.
თავისი განსაკუთრებული გემური თვისებებით ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველთვის იყო, მთავარია დაცული იყოს აღნიშნული პროდუქტის უვნებლობა და ხარისხი, რასაც დღეს, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, სახელმწიფო მაქსიმალურად უზრუნველყოფს. დღეს რუსეთი ის ქვეყანა აღარ არის, როდესაც შესაბამისი დოკუმენტების გარეშე, ხელჩანთებით, მანქანის საბარგულებით გადადიოდა შეუმოწმებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და მის უვნებლობაზე არავინ ზრუნავდა. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ასეთი „პარტიზანული“ მეთოდებით კვლავაც მოახერხებს პროდუქტების საზღვარზე გადატანასა და მის რეალიზაციას. ეს უპირველესად არ აწყობს ქართულ მხარეს, რადგან ილახება სახელმწიფოს იმიჯი და ზარალდებიან ის კეთილსინდისიერი მეწარმეები, რომლებიც ცდილობენ წესების სრული დაცვით აწარმოონ თავიანთი საქმიანობა.
ქართული პროდუქციების გატანა გაზრდის თუ არა რუსული კომპანიების ინვესტიციებს საქართველოში?
ზოგადად ნებისმიერ ახალ ბაზრებზე გასვლა, მით უფრო, ისეთ დიდ და საინტერესო ბაზარზე, როგორიც რუსეთია, ყოველთვის მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ამიტომ სტაბილური ბაზრის პირობებში ინვესტიციების რაოდენობა ცხადია მოიმატებს. ძნელი სათქმელია, რამდენად სოლიდური იქნება რუსული კაპიტალის წილი ასეთ შემთხვევაში, მაგრამ ინვესტორები არც სხვა ქვეყნებიდან და არც თავად ქვეყნის შიგნით გულგრილნი არ დარჩებიან ამ შესაძლებლობის მიმართ.
ამბობენ, პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეაო. მოდით ჩვენც ნუ ვიჩქარებთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
თქვენი აზრით, ალკოჰოლური სასმელების და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი რამდენად იქონიებს გავლენას გლეხების მდგომარეობაზე?
რასაკვირველია, ეს იქონიებს პირდაპირ და დადებით გავლენას. ამის მაგალითი წლევანდელი რთველია. ის რაც წელს რთველთან დაკავშირებით ხდება, ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ასეთ ფასად ყურძენი გლეხს არასდროს გაუყიდია. თან გაითვალისწინეთ, რომ წინა წლებთან შედარებით, სახელმწიფო აღარ არის ბაზარზე ძირითადი მოთამაშე. ადრე თუ სახელმწიფო 70%-მდე ყურძენს თავად იბარებდა და სახელმწიფო ქარხნების მეშვეობით ამუშავებდა, ახლა ეს ციფრი 10%-ია. სწორმა პოლიტიკამ, სუბსიდირების მექანიზმის სწორად შერჩევამ და ახალი ბაზრების მოძიებაზე ზრუნვამ მოგვცა ის შედეგი რაც დღეს ხდება. ასევე იქნება სხვა სასოფლო-სამეურნე პროდუქციაზეც, რის შესახებაც ზემოთ გიამბეთ.
სოფლის მეურნეობაში გატარებულმა ახალმა პოლიტიკამ და ეფექტურად ჩატარებულმა პროექტებმა შედეგები უკვე მოგვცა. ეს წელი ქართული სოფლის მეურნეობისთვის გარდამტეხი იყო. გლეხებმა დაინახეს, რომ სოფლის მეურნეობა არამარტო სიტყვით არის პრიორიტეტული, არამედ განხორციელდა რეალური პროექტები და ის დახმარება, რომელიც მთავრობამ განახორციელა იყო მიზნობრივი და მნიშვნელოვანი.
03.10.13
მარინა ფიდუაშვილი