საქართველოს მთავარ პროკურატურას 200-მდე სკოლის მოსწავლე და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი სტუმრობდა. განხორციელებული შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკოსი პროკურორებისგან მიიღეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის საქმიანობისა და სტაჟირების სისტემის შესახებ. ამასთან, იმსჯელეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციფიკასა და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე. პროექტი ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის მომართვის საფუძველზე განხორციელდა.

შეხვედრები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების 2 ჯგუფთან გაიმართა და ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა – მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე. მომხსენებლებმა კი მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. ესაუბრნენ პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, პროკურორის პროფესიულ საქმიანობაზე, საქართველოში მოქმედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემაში არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე. ასევე, სტაჟირების სისტემაზე, პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობასა და უპირატესობებზე.

ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. სისტემის მხრიდან, ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Please follow and like us: