საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გორში, 2018 წლის 25 ოქტომბერს მომხდარი არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობის საქმის ზედამხედველ პროკურორს ზაზა მეტონიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე შალვა თადუმაძემ მომხდარი ფაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და შიდა ქართლის პროკურორთან სისხლის სამართლის საქმის შესახებ ისაუბრა.

მთავარმა პროკურორმა ზაზა მეტონიძეს მკვლელობის საქმის გახსნის პროცესში განხორციელებული ეფექტიანი საპროკურორო ზედამხედველობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დაზარალებულებს და საზოგადოებას სამართლიანობის განცდა ჰქონდეს, რისთვისაც საქართველოს პროკურატურა ყველა საჭირო ღონისძიებას განახორციელებს.

გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ ი.ნ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 3-ე ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს.

Please follow and like us: