საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მეხუთე პანელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან (Munich Security Conference) პარტნიორობით გაიმართა და შავი ზღვის გეოპოლიტიკის პერსპექტივების განხილვას დაეთმო. მონაწილეებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით სიტყვით მიმართა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა. მან ფორუმის მონაწილეებს მნიშვნელოვანი სიახლე აცნობა და განაცხადა, რომ მომავალი წლის თებერვალში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში პარტნიორის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. იშინგერმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა და ნატოს გააქტიურების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ ბევრი წარმატებული რეფორმა განახორციელა და წარმატებით თანამშრომლობს ნატოსთან. დროა  საქართველოს ნატოში მომავალი წევრობისთვის კონკრეტული საგზაო რუკა შევიმუშავოთ და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენ ვეღარ დავტოვებთ საქართველოს გაურკვეველ სიტუაციაში, კონკრეტული გზამკვლევის და წინსვლის გეგმის გარეშე. ეს ავნებს არამხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ ეჭვქვეშ დააყენებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სანდოობას“, განაცხადა მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარემ.

ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მიწვევა მიუნხენის კონფერენციაზე საერთაშორისო ფორუმის წარმატების დასტურია. „პროფესორ იშინგერის მიერ კონფერენციის სახელზე გამოგზავნილი ოფიციალური მიწვევის საფუძველზე, მომავალ წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენი კონფერენცია იქნება  მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონფერენციის თანაპარტნიორი, როგორიცაა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება შესაძლებლობა, პარტნიორებთან ერთად ჩამოვაყალიბოთ გზამკვლევი იმისთვის, რომ კონკრეტულად გაიწეროს, თუ რა პირობებით და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებით, კონკრეტულად რა ვადებში მოხდება საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ეს არის მნიშვნელოვანი ექსპერტის განცხადება, რომელიც ამ კონფერენციის ფარგლებში გაცხადდა და მიუნხენის კონფერენციის თემა იქნება. ეს არ არის მხოლოდ კონფერენციის აღიარება, ეს არის მთლიანად იმ წარმატებების აღიარება და იმ დინამიკის ხაზგასმა, რომელიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გზაზე აქვს,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

პანელის მოდერატორობას  “ჯეიმსთაუნის ფონდის” წარმომადგენელი მეთიუ ბრაიზა უწევდა. შავი ზღვის გეოპოლიტიკაზე დისკუსიაში მონაწილეობდნენ ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა-კოზლევა, რუმინეთის წარმომადგენელი ვასილ ბუკური, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი არიელ კოენი და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დღეს ოფიციალურად დაიხურება. საერთაშორისო ფორუმის მუშაობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი მაიკლ კარპენტერი შეაჯამებენ.

Please follow and like us: