ქართულ ბაზარზე ახალი ხელნაკეთი კოსმეტიკის ბრენდი „ევოლი“ დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა და დღეს საკმაოდ დიდი მოთხოვნითა და პოპულარობით სარგებლობს. მისი დამფუძნებელი ევგენია ბელიავსკაია „თბილისი თაიმსს“ ბრენდის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
თქვენ შესახებ მოუყევით მკითხველს, რას საქმიანობთ?
პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ და საპნების კეთებასთან პარალელურად წლებია ვმუშაობ კომპიუტერული თამაშების სფეროში. ამიტომ საპნების და სხვა პროდუქტების ვიზუალური მხარე ისევე მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც ხარისხი.
საიდან გაგიჩნდათ იდეა ხელნაკეთი კოსმეტიკის წარმოების და რამდენი ხანია რაც ბაზარზე ხართ?
ბაზარზე ერთი წელია რაც ვართ. ყველაფერი დაიწყო ჩემი სიყვარულით მცენარეების და ნატურალური კოსმეტიკის მიმართ. ძალიან მგრძნობიარე და მშრალი კანი გვაქვს ყველა ოჯახის წევრს და ყოველთვის მიჭირდა ნატურალური კოსმეტიკის მოძებნა საქართველოში. როდესაც აღმოვაჩინე, რომ მე თვითონ შემიძლია დავამზადო ყველაფერი, რაც მჭირდება მოვლისთვის, მოვიმარაგე წიგნები, მოვიძიე ინფორმაცია და დავიწყე სწავლა და ცდების ჩატარება.
რა მასალას იყენებთ წარმოების დროს?
ჩვენი საპონი მზადდება ნულიდან ცივი მეთოდით. ეს მეთოდი გამოირჩევა ცხელისგან იმითი, რომ ზეთები ინარჩუნებენ ყველა სასარგებლო თვისებებს.
ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ ზეთებს, ცხიმებს და ეთერზეთებს. ყველა საპნის საფუძველში არის ცივი გაწურვის ზეითუნის ზეთი, რომელსაც აწარმოებს ქართული კომპანია კახური ზეთისხილისგან და არის უმაღლესი ხარისხის. ასევე საპნების ძირითად შემადგენლობაში შედის ქოქოსის და კაკაოს ცხიმი და გამდიდრებისთვის ვიყენებთ ნუშის, ჟოჟობას, ავოკადოს და ატმის კურკის ზეთებს. არ ვიყენებთ ქიმიურ საღებავეებს და ჯერჯერობით ყველა ჩვენი პროდუქცის არომატისთვის ვიყენებთ ძვირფასს ეთერზეთებს. თუმცა სულ მალე გვექნება ახალი ხაზი, რომელშიც გამოვიყენებთ მაღალი ხარისხის პარფიუმერულ ზეთებს, იმისათვის რომ ჩვენს მომხმარებელს ჰქონდეს უფრო ფართო არჩევანი.
რითი განსხვავდება თქვენი კოსმეტიკა ქიმიური ნაწარმისგან და რა გამოგარჩევთ სხვებისგან?
პირველ რიგში იმითი რომ ყველაფერი ხელნაკეთია. ასეთი პროდუქცია მზადდება დიდი ყურადრებით ყოველი ინგრედიენტის მიმართ და არ არის მასსიური წარმოების. ჩვენ არ ვიყენებთ პარაბენებს, ფლატალებს, სულფატებს და სხვა სინტეთურ ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს. ეს ტოქსიკური დანამატები სახიფათოა როგორც კანისთვის ასევე მთლიანად ორგანიზმისთვის.
ქიმიური კოსმეტიკა თუნდაც ძვირადღირებული ხშირ შემთხვევებში არ განსხვავდება იაფიანისგან შემადგენლობით. იაფიან მცენარეულ ზეთებთან ერთად მასში დამატებულია ბევრი ტოქსიკური ნივთიერება რომელიც ამცირებს პროდუქტის თვითღირებულებას, კანზე კიდე დროთა განმავლობაში აჩენს ბევრ პრობლემას.
რა სახის პროდუქციას აწარმოებთ?
ამ მომენტისთვის გვაქვს 10 სახეობის საპონი, შხაპის გელი, ჰიგიენური ტუჩსაცხი და რამდენიმე სახეობის ტანის კარაქი.
სად შეიძლება პროდუქციის შეძენა და როგორია ფასები?
პროდუქციის შეძენა შეიძლება როგორც შეკვეთით ჩვენი ფეისბუკის გვერდიდან, ასევე „ქალთა ბედნიერება“-ში მარჯანიშვილის და გალერია თბილისის ფილიალებში და მაღაზიაში „ხურჯინი“ ლესელიძეზე. ფასები საპნებზე 7 და 8 ლარია. დანარჩენი პროდუქციის ფასები მერყეობს 5 დან 24 ლარამდე.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
პირველ რიგში, ასორტიმენტის გაზრდას ვგეგმავთ. დავამატებთ ბევრ ახალ პროდუქტს როგორც ტანის მოვლის ხაზიდან ასევე სახის მოვლისთვის.
მარიამ ლეკიაშვილი