ფსიქოლოგების დასკვნით, ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია სკოლამდელ დაწესებულებაში განათლების მიღება და მისი სოციალიზაცია თანატოლებთან . სწორედ ამ ფუნქციას ემსახურება ბაგა-ბაღები, რომელთა რაოდენობა ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ ბევრია.

სხვადასხვა ტიპის და სიდიდის ბაგა-ბაღები ზრუნავენ ბავშვების როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებაზე და ამას ხელს უწყობს დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, აღმზრდელები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ აღსაზრდელებთან.

კანონი სკოლამდელი აღზრდა განათლების შესახებ ითვალისწინებს რიგ საკითხებს, რომელიც ბაგა-ბაღების ფუნქციონირებას არეგულირებს და მნიშვნელოვან თემებს განსაზღვრავს. მათ შორის არის ბავშვების კვების, ასევე უსაფრთხოებისა და სხვა პროცესების სტანდარტები.

უმთავრესი სწორედ უსაფრთხო გარემოს არსებობაა, რათა დაცული იყოს ბავშვის უფლება. ამას ადგენს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ. კანონში ვკითხულობთ,  რომ დაწესებულებაში ბავშვის მიმართ ნებისმიერი ძალადობა აკრძალულია. ასევე  დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს, რომ დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი და სხვა პერსონალი ფლობდნენ და იყენებდნენ არაძალადობრივი მოპყრობისა და აღზრდის მეთოდებს, აგრეთვე მათ ჰქონდეთ ინფორმაცია ბავშვის მიმართ ძალადობის შედეგებისა და პასუხისმგებლობის ფორმების თაობაზე.

ბოლო პერიოდში გამოვლინდა  ბაგა-ბაღებში ბავშვების ცემისა და მათზე ძალადობრივი მოპყრობის ფაქტები. ეს საკმაოდ ნეგატიურად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე და შესაბამისად სამომავლოდაც უარყოფითი პერსპექტივების მომტანია.

რამდენად ხდება ბაგა-ბაღებისთვის აუცილებელი სტანდარტების შესრულების მონიტორინგი და როგორია ახალი სასწავლო წელი, “თბილისი თაიმსის”  კითხვებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ უპასუხა .

-რა სიახლეებით შეხვდა თბილისის ბაგა-ბაღები ახალ 2018 სასწავლო წელს ?

2018  ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს გაიხსნა 11 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა, საიდანაც 2 შეუერთდა არსებულ ბაღებს, 9 კი დამოუკიდებელ ბაღებად დარეგისტრირდა.  დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება ბაღებში დასაქმებული საგანმანათლებლო ნაწილის კოორდინატორების გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით. დაინერგა პროექტი “ნეიროპლასტიურობა და განათლება” 74ე ბაგა-ბაღში.  ასევე, სააგენტომ მოიპოვა მართვის ხარისხის სერთიფიკატი Iso 9001:2015.

როგორი იყო დარეგისტრირების მსურველთა აქტივობა და რამე ხარვეზი ხომ არ გამოვლენილა ამ ელექტრონულ პროცედურებში ?

აქტიურობა საჯარო ბაღებში დარეგისტრირების მსურველების მხრიდან ყოველთვის მაღალია ამ სერვისების მაღალი ხარისხიდან გამომდინარე. ამჟამად საბავშვო ბაღებში რეგისტრირებულია 61 000-მდე აღსაზრდელი; დაუკმაყოფილებელი დარჩა 2500-მდე განცხადება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღსაზრდელთა გადინება და რეგისტრაცია მუდმივი პროცესია მთელი წლის განმავლობაში, შესაბამისად, აღნიშნული განცხადებების დაკმაყოფილებაც ეტაპობრივად მიმდინარეობს და მცირდება მომლოდინეთა რაოდენობა.

რაც შეეხება ხარვეზს, ხარვეზი პროგრამულად ელექტრონული

რეგისტრაციის პირველ ორ ეტაპზე არყოფილა, ხოლო დამატებითი რეგისტრაცია წარიმართა საბავშვო ბაღებში განცხადებების წარდგენის გზით.

-ბოლო პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე ცემის ფაქტი და აღსაზრდელის მიმართ უხეში მოპრობა. ამის დადგენის და თავიდან აცილების რა მექანიზმები არსებობს და რას ფიქრობთ, ამ პრობლემასთან  დაკავშირებით?

ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, არსებობს კონკრეტული მექანიზმები ამ ფაქტორის კონტროლისათვის. სააგენტოში არის მონიტორინგის განყოფილება, რომლის ჯგუფები მუდმივ რეჟიმში, ყოველდღიუად აწარმოებენ მონიტორინგს.

რაც შეეხება კონკრეტული ფაქტებს, რაზეც ხდება მომართვა სააგენტოსათვის, მონიტორინგის ჯგუფი ახდებს მათ ინდივიდუალურ შესწავლას და მხარეთა გამოკითხვის საფუძველზე, რეაგირებას ახდენს კანონით გათვალისწინებული მექანიზმებით.

-რამდენად ხშირად ხდება აღმზრდელების გადამზადება და პროფესიული დატრენინგება და როგორ შეაფასებთ ამ ტრენინგების მნიშვნელობას ?

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს  დაფინანსებით  გადამზადდნენ ბაღებში     დასაქმებული ფსიქოლოგები, ლოგოპედები და სპეც.პედაგოგები. სამომავლოდ იგეგმება აღმზრდელების გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების შესაბამისად.

ანა ურუშაძე

 

გაზიარება