საქართველოში სპორტის არაერთი სახეობა არსებობს. ამათგან მრავალი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. დანარჩენები კი რეგისტრირებულია, როგორც ფედერაცია, მაგრამ მასთან დაკავშირებულ შეკითხვებს ზემოხსენებული სამინისტრო არ პასუხობს. გართობის მიზნით ორგანიზებული არაერთი სპორტი დღეს, პირიქით, დაძაბულობასა და გადატვირთვას იწვევს. ბევრი სპორტის უპირველესი მიზანი ბიზნესი და მისგან ფინანსური სარგებლის მიღებაა. ეს ბუნებრივიც კია, მაგრამ თამაშის მთავარი მოტივი რომ განტვირთვაა, ამ იდეის არსებობის ხაზგასმა მნიშვნელოვანია. მსოფლიო მასშტაბით, სპორტის არაერთი სახეობა არსებობს. მათგან ზოგი წამყვანია, ზოგი – ახლადშექმნილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველ მათგანს საკუთარი მიმდევრები ჰყავს და ჯერ კიდევ გავითარების პროცესშია. ბუშტების ფეხბურთი საქართველოში, სულ რაღაც, სამ წელს ითვლის. მას ბევრი არ იცნობს, თუმცა, ის ნამდვილად უზრუნველყოფს დასვენებასა და განტვირთვას.
ბუშტების ფეხბურთი არის სპორტის ახალი და სახალისო სახეობა, რომელიც მაქსიმალურად ექსტრემალურია. ის არის უსაფრთხო თამაში, რომელიც ორიენტირებულია გართობასა და დადებით აქტივობებზე. მის შესახებ ბევრმა არ იცის, ბევრისთვის კი მცირე ინფორმაციაა ცნობილი.
ბუშტების ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვატო წულუკიძე გახლავთ, დეტალებზე „თბილისი თაიმსს“ სწორედ ის ესაუბრა
პირველ ყოვლისა, ფედერაციის დაარსების შესახებ მოგვაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია.
ფედერაცია დავაარსეთ 2015 წლის მაისში. მიზეზი და მიზანი იყო შემდეგი – მე, პირადად, ფეხბურთს კი ვთამაშობ ხოლმე, მაგრამ სიამოვნებას ვერასდროს ვიღებ. ეს იმიტომ, რომ არასდროს მქონია იმის შესაძლებლობა, ან გოლები გამეტანა, ან ამ აქტივობით რაიმე მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო. ეს არ იყო თვითმიზანი და გამარჯვებისაკენ მიდრეკილება და ჟინი სიამოვნებას არ მანიჭებდა. ყოველთვის მინდოდა, რომ ეს სპორტი და ფეხბურთი, რასაც ვთამაშობდი, ყოფილიყო, უბრალოდ, გართობის დანიშნულების მქონე. ეს პროცესი ყოფილიყო განსაკუთრებული. როდესაც ინტერნეტში ეს ბუშტები ვნახე, გადავწყვიტე, რომ ეს იყო ის, რაც მე მინდოდა. აქედან გამომდინარე, ჩამოვიტანე ეს ბუშტები და, ამის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ფედერაცია დაგვეარსებინა და სპორტის ეს სახეობა სხვა ადამიანებისთვისაც გაგვეცნო.
ეს სპორტი რას გულისხმობს?
ამ თამაშის მთავარი მიზანი არის გართობა, განტვირთვა, გორაობა. აქ არ აქვს მნიშვნელობა, გოლს გაიტან თუ არა. აქ მთავარია, იმ პროცესში, რა პროცესიც თამაშის დროს მიმდინარეობს, მაქსიმალურად დაიცალო ენერგიისაგან და დადებითი მუხტით აღიჭურვო. ეს თამაში არის აბსოლუტურად უმტკივნეულო. ამ სამი წლის მანძილზე, დაზიანების არანაირი შემთხვევა გვქონია. ხალხი ერთობა და ძალიან სიამოვნებს. მსურველები რეკავენ, მოდიან. ამ ეტაპზე, თბილისის მერიის პროექტი მიმდინარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. სპორტის აბსოლუტურად ყველა სახეობა არის მობილიზებული შაბათობით და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს და, მთელი დღის განმავლობაში, ბუშტების ფეხბურთით გაერთოს. შესაძლებელია სპორტის სხვა აქტივობებში ჩაბმაც.
საზოგადოების ჩართულობა და ინტერესი როგორია?
ჩვენ რა შესაძლებლობების გვაქვს, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალური დაინტერესება იგრძნობა. ეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა იმიტომ, რომ ხალხი ერთობა. ჩვენი მიზანი რაც არის, რომ გავაგებინოთ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს, ნელ-ნელა მიდის საკუთარი მიმართულებით.
რა კეთდება იმისთვის, რომ, ამ სპორტთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ცნობიერების დონემ აიწიოს?
ამ მხრივ, ძირითადად, პრობლემები გვაქვს. საჭიროა გარკვეული დახმარებები ვიღაცებისგან. მაგალითად, კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ მერია, ამ მხრივ, ძალიან გვეხმარება. რამდენჯერმე მან თავის პროექტებში ჩაგვრთო, ორჯერ თბილისობაზეც ვიყავით და ა.შ. დანარჩენს რაც შეეხება, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ, სოციალური ქსელების მეშვეობით, ბევრს მივაწოდოთ ინფორმაცია. სამეგობრო წრის გამოყენება ერთ-ერთი მეთოდია კომუნიკაციისა.
როგორ ფინანსდება ბუშტების ფეხბურთის ფედერაცია?
ფინანსურ მხარდაჭერას რაც შეეხება, პირდაპირ რომ ვთქვათ, არავინ გვეხმარება. ჯერჯერობით, ყველაფერი საკუთარი სახსრებით მოვაწესრიგე. ნელ-ნელა, ვფიქრობთ, რომ შეიძლება, ვიღაცები შემოგვიერთდნენ. გარკვეული იურიდიული პირებიც არიან დაინტერესებულები ბუშტების ფეხბურთით. არ არის გამორიცხული, რაღაც ტურნირიც მოეწყოს და ა.შ.
რა ღონისძიებებს უწევს ფედერაცია ორგანიზებას?
სამწუხაროდ, მთლიანი საქართველოს მასშტაბით, ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს ამ თამაშის ორგანიზება იმიტომ, რომ ველოდებით გარკვეულ პასუხებს, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება. რაც შეეხება ჩატარებულ ღონისძიებებსა და ტურნირებს – ჩავატარეთ მედიატურნირი, ასევე – ქალთა ტურნირი, ორგანიზება გავუკეთეთ უნივერსიადას. ჯერჯერობით, ეს აქტივობები გავახორციელეთ.
ეს სპორტი ყველასთვის არის ხელმისაწვდომი?
ნებისმიერს შეუძლია, დაკავდეს სპორტის ამ სახეობით მიუხედავად იმისა, არის ის სპორტსმენი, თუ არა. არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს, არც ასაკს. ნებისმიერს შეუძლია, მოვიდეს და განიტვირთოს. ბუშტების ფეხბურთის ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ არ განასხვავებს ერთმანეთისგან არავის და არაფერს. ეს არის ამ სპორტისთვის ძალიან დიდი ქულა.
საიდან გაჩნდა ბუშტების ფეხბურთის იდეა?
ბუშტების ფეხბურთის იდეა ნორვეგიიდან მოდის. ის ენრიკ ელვესტადისა და ჯოან გოლდენის მიერ შეიქმნა. მათ ძალიან უყვართ ექსპერიმენტები და სპორტის სახეობებთან დაკავშირებით ატარებენ მათ. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტი იყო, რომ გასაბერი ბურთებით ეთამაშათ ისეთი თამაში, რომელიც მოსახერხებელიც იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ამ იდეამ გაამართლა. შემდეგ ამ ადამიანებმა მოითხოვეს დაფინანსება, მაგრამ ვერ მოიპოვეს. თავიდან ამ სპორტს ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ.
ფეხბურთი სპორტის ერთ-ერთი წამყვანი სახეობაა და ბუშტების ფეხბურთის არსებობას არასერიოზულ საკითხად აღიქვამდნენ. შემდეგ ამ ადამიანებმა თვითონვე დააფინანსეს, თავად მოიძიეს რესურსები, შეაწუხეს სხვები, შეიწუხეს საკუთარი თავები და ბოლოს მოხდა ის, რომ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სპორტის ეს სახეობა ძალიან პოპულარული გახდა. უკვე იმართება ტურნირები; გაკეთდა საერთაშორისო ასოციაციაც, სადაც ძალიან მალე საქართველოც გაწევრიანდება და, საბოლოოდ, არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც ამოვყოთ თავი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია დროზე იმიტომ, რომ ჯერ თვითონ ეს საერთაშორისო ასოციაციაც ახალი ჩამოყალიბებულია. ის ჯერ თვითონ წესრიგდება, რის შემდეგაც უკვე ყველა იმ ქვეყნის ბუშტების ფედერაცია გაეცნობა დეტალებს, რომელიც გაწევრიანებული ამ ასოციაციაში. იმედია, მალე იქნება დადებითი სიახლეებიც.
რა მოეთხოვება ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს, ამ სპორტით დაკავდეს?
სპორტის ამ სახეობის კიდევ ერთი დიდი დადებითი მახასიათებელი არის ის, რომ მსურველს არაფერი მოეთხოვება განსაკუთრებული. უბრალოდ, უნდა მოვიდეს, გაერთოს და იგორაოს. შეიძლება ითქვას, რომ სლოგანი არის ძალიან მარტივი – „მაქსიმალური გართობა მინიმალური წესებით“. არსებობს ორი მარტივი წესი, რომელსაც ინსტრუქტაჟის ფორმა უფრო აქვს – სახელურს ხელი არ უნდა გაუშვა და დაგდებულს კიდევ არ უნდა დაუმატო ზეწოლა. კიდევ არის თამაშის დროს გასათვალისწინებელი უმარტივესი დეტალები მობილურის გამოყენებასა და სამკაულებით მოსვლასთან დაკავშირებით.
რა გეგმები აქვს ბუშტების ფეხბურთის ფედერაციას?
ბუშტების ფეხბურთის ფედერაციის გეგმები არის ის, რომ ის მხარდაჭერა, რომელსაც ველოდებით, რეალურად გახორციელდეს. ამის ფონზე, მიმდინარეობს კიდევ იმ თემების განხილვა, რომ მოხდეს საქართველოს შიდა ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში. ამისთვის ჯერ ფართომასშტაბიანი აქტივობები არის ჩასატარებელი. ნელ-ნელა, რაღაცები იგეგმება.
Adjarasport-მა გამოაქვეყნა ფეხბურთის 11 ყველაზე უცნაური ნაირსახეობა:
- ფეხბურთი ბატუტზე;
- წყალქვეშა ფეხბურთი;
- Bubble ფეხბურთი, ანუ ფეხბურთი გასაბერი ბუშტებით;
- გოლფ-ბურთი;
- მოტობურთი;
- ფეხბურთი ბილიარდის მაგიდაზე;
- ფეხბურთი ელექტრო შოკერით;
- თავბურთი;
- ცოცხალი მაგიდის ფეხბურთი;
- ბოსბოლი.
ეს პუბლიკაცია ბუშტების ფეხბურთს შემდეგნაირად განმარტავს: თუ თქვენ მეტოქესთან პირდაპირი ფიზიკური კოტნაქტი გაშინებთ, ბუშტების ფეხბურთი თქვენთვისაა. სხვათა შორის, ბუშტების ფეხბურთის ფედერაცია საქართველოშიც არსებობს და ის სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციით არის დაკავებული.
ზემოთ ჩამოთვლილი სპორტის ყველა სახეობასთან ერთად, ბუშტების ფეხბურთს მხარდაჭერა სჭირდება, რომ მისით კიდევ მეტი ადამიანი დაინტერესდეს და ისარგებლოს ამ თამაშის შესაძლებლობებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ფინანსური მხარდაჭერა ამ ფედერაციას არ აქვს. ამ ხელშეწყობის არსებობის შემთხვევაში, ფედერაციას მეტი რესურსი ექნება, რომ დახვეწოს და განავითაროს ამ სპორტის ქართული ანალოგი.
რაც უფრო ახალი და უცხოა იდეა, მით უფრო საინტერესოა ის საზოგადოებისთვის. როდესაც შენ ნაცვლად გეგმავენ აქტივობებს, რომლებიც განტვირთვასა და გართობაზეა ორიენტირებული, ის ორმაგად საინტერესოა. მთავარი სამიზნე კი მსოფლიო ჩემპიონატია.
მარიამ ტიელიძე