კონკურენცია ხარისხში, კონკურენცია იდეაში და კონკურენცია კრეატივში – კრეატივში, რომელიც, 21-ე საუკუნის მსოფლიოში, ერთ-ერთი წამყვანი პუნქტია ბიზნესის წარმატებისთვის. რაც უფრო მეტად პირადია პროდუქტი, რაც უფრო მეტად ასახავს მომხმარებლის გემოვნებასა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან თარიღებს, თუ – მნიშვნელოვან მომენტებს, მით უფრო მეტად არის ამ მწარმოებლის მიმართ მოთხოვნა.

„ტკბილი გალერეა“ ნამდვილად ითვალისწინებს ადამიანების პირად ისტორიებს.
„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს მისი
დამფუძნებელი, მთავარი დეკორატორი – ეკატერინე ექვთიმიშვილი პასუხობს:

რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობთ?

რამდენიმე დღის წინ შეგვისრულდა ერთი წელი რაც ჩვენი პატარა საკონდიტრო თბილისელების, და არა მარტო თბილისელების – განსაკუთრებული დღეების გალამაზებაზე ზრუნავს.

ძირითადად, რას აწარმოებთ?

ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვა სახის ტკბილეულს ყველა დღესასწაულისთვის. როგორც წესი, წვეულება ტორტის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი ძირითადი პროდუქტიც ტორტია. ამას გარდა, სადღესასწაულო სუფრისთვის ვამზადებთ ქაფქეიქებს, ორცხობილებს, ქეიქ-პოპსებს, მარშმელოს და სხვა. ეს ყველაფერი მზადდება დამკვეთის ყველა სურვილის გათვალისწინებით – ინდივიდუალურად.

ჩვენს ქვეყანაში, ტკბილეულის ბევრი მწარმოებელია. რით არის თქვენი პროდუქტი განსხვავებული?

ჩვენი პროდუქტით დაინტერესებული არიან მომხმარებლები, რომელთათვისაც მხოლოდ გემო არ არის მნიშვნელოვანი.  მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მათი დღესასწაულის ტკბილეული იყოს განსაკუთრებული ვიზუალის, ერგებოდეს ღონისძიების თემატიკას, იყოს შესრულებული მაღალი ხარისხით, რათა მიიქციოს სტუმრების ყურადღება, გააოცოს ისინი და დასამახსოვრებელი დახადოს წვეულების სუფრა.

 

ვინ არის თქვენთვის სამიზნე კატეგორია?

საზოგადოების ის ნაწილი, რომელთათვისაც საინტერესოა სიახლეები. ისევე, როგორც ყველაფერში, ტკბილეულშიც არის მოდური ესა თუ ის გაფორმება. ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ ახალ ტრენდებსა და ტენდენციებს. ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ ნიშნით გამოგვარჩევენ სხვა ტკბილეულის მწარმოებლებისგან.

ბევრი მომხმარებელი ჰყავს თქვენს ბიზნესს?

გამომდინარე იქედან, რომ არ ვაწარმოებთ ყოველდღიურ დესერტებს და ჩვენი ტკბილეული გათვალისწინებულია მხოლოდ სადღესასწაულო სუფრებისათვის, ერთი და იმავე მომხმარებელს, წლის განმავლობაში, 3-4 ჯერ თუ ვხვდებით. თუმცა, მათ სიმცირეს არ ვუჩივით.

როგორ ფიქრობთ, გაამართლა მან და მიხვდა მოსახლეობა, რით განსხვავდება თქვენი პროდუქტი სხვებისგან?

ვფიქრობთ, რომ ჩვენი ეს წამოწყება აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან ჩვენი პროდუქტი არ არის სტანდარტული. ყველა დეტალი მომხმარებლის სურვილსა და წარმოსახვას ემთხვევა, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, ტკბილეულის დახმარებით გამოხატონ თავი, გადასცენ ემოცია, მიაწოდონ მეგობრებს. ახლობლებს მნიშვნელოვანი შეტყობინებები.

თქვენი მთავარი იდეიდან გამომდინარე, კონკურენტად თუ აღიქვამთ ვინმეს დღევანდელ ქართულ ბაზარზე?

ჩვენდა სასიხარულოდ, თანდათან გამოიკვეთა კონკურენტი კომპანიები – თუმცა, სუსტად. ვიმედოვნებთ, ჯანსაღი კონკურენცია მოიმატებს, რაც ძალიან კარგი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე – მომხმარებლისთვის. კონკურენციის პირობებში, იხვეწება მომხმარებლის გემოვნება და მოთხოვნები, რაც ჩვენი პროფესიული ზრდისთვის ჰაერივით საჭიროა.

სამომავლოდ, რაიმე სხვა პროდუქციის შემატებას თუ გეგმავთ თქვენი ბიზნესისთვის?

ვგეგმავთ როგორც პროდუქციის, ასევე – სხვადასხვა სახის  მომსახურების დამატებას. იდეები, ჯერჯერობით, მუშავდება და თავს შევიკავებთ მათზე საუბრისგან. ყველაფერს თავის დროზე შევატყობინებთ მომხმარებელს სოციალური ქსელის საშუალებით.

მარიამ ტიელიძე

გაზიარება