განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში, დოქტორ ღასან ხალილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბავშვთა კეთილდღეობის და განათლების მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე, მათ შორის ადრეული განვითარების, სკოლამდელი განათლების მიმდინარე რეფორმაზე, განათლების სექტორში შეფასების სისტემის გადახედვის აუცილებლობასა და ასევე, ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელ პრიორიტეტულ ღონისძიებებზე.
დოქტორი ხალილი სულ რამდენიმე კვირაა რაც საქართველოში ჩამოვიდა და სათავეში ჩაუდგა UNICEF-ის ოფისს. როგორც თავად აღნიშნა, ის მზადაა საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდროდ ითანამშრომლოს ბავშვთა უფლებების დაცვისა და განვითარების მიმართულებებით.
„გაეროს ბავშვთა ფონდისთვის ახალგაზრდობის საკითხები ხდება ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება გლობალური პოლიტიკის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ეს ხედვა ემთხვევა საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას განათლების და ზოგადად, ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მუშაობა UNICEF-თან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი თანამშრომლობის სფერო გახდება“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, UNICEF-ის წარმომადგენლობამ საქართველოში განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდას ეხება.