18 წლის ლიზი ბუდაღაშვილი – ერთი სიტყვით – ხელოვანი, მრავალი სიტყვით – მხატვარი, პოეტი, კომპოზიტორი. მხატვრული სამყაროს ნიჭიერი ხელოვანი და მისი პირველი ნაბიჯები ამ ფერად სამყაროში…
18 წლის ხელოვანი, ამჟამად, UnitedWorldCollegeDilijan-ში სწავლობს და აქ ცხოვრობს. აქ ის ძალიან დიდი სახელოსნო ნაწილია. სახლში მუშაობა, ასე თუ ისე, მისთვის მაინც რთული იყო. რთული იყო იმ კომფორტთან შედარებით, რომელსაც მას ახლა სახელოსნო აძლევს. სამხატვრო სკოლას სანამ დავამთავრებდი, სკოლაში ვმუშაობდი, მაგრამ მაშინაც, სახლში ბევრად მეტს ვხატავდი, ვიდრე გაკვეთილებზე. შთაგონებას რაც შეეხება, ამ ასპექტში რომ განვიხილოთ გარემო, ნებისმიერი რამ შეიძლება გამოდგეს, ყველაზე წარმოუდგენელი გარემოც კი, რამდენადაც ხელოვანი რისი ხელოვანია, თუ ყველასგან შეუმჩნეველი დეტალები ვერ დაიჭირა?!
პირველად, მახსოვს მუსიკა. რაღაც კადრები მაქვს გონებაში. დილაობით როგორ მივდიოდი ფორტეპიანოსთან საღამურებით და ფეხზე დამდგარი (კლავიშებს ვერ ვწვდებოდი) ვუკრავდი და თითქოს ვაწყობდი რაღაც მელოდიებს. ოთხი წლის ვიქნებოდი, ალბათ. ვიდეოჩანაწერებიც გვაქვს, ძალიან სასაცილო. სკოლაში ჯერ კიდევ არ დავდიოდი, ხუთი წლის ვიყავი , როცა მისაღები გამოცდებით მუსიკალურ შვიდწლედში ჩავირიცხე. ერთი წლის შემდეგ,„ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში“ –ნიჭიერთა ათწლედში (რეალურად თორმეტწლედში)ასევე შესარჩევი გამოცდების გავლით მოვხვდი. მახსოვს, ერთი სული მქონდა, როდის გამეზრდებოდა ხელი, რომ ოქტავას გავწვდომოდი. ასე, ნელნელა შევაბიჯე მუსიკის სფეროში. ალბათ, თერთმეტი–თორმეტი წლის ვიყავი, როცა ქალბატონ მერი დავითაშვილთან მიმიყვანეს კომპოზიციაში სამეცადინოდ. ამ დროს, ათწლედში ვსწავლობდი, როგორც პიანისტი. თუმცა, დავიმატე კომპოზიციაც და, საბოლოოდ, მეცხრე კლასში, მთავარ სპეციალობადაც ავირჩიე და კომპოზიციის განხრით დავამთავრე მუსიკალური. უნდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის ძალიან მიმართლებდა პედაგოგებში, ყველას დიდ მადლობას ვუხდი. რაც შეეხება მხატვრობას, ადრეული ასაკიდან ვხატავ.შვიდის წლისა ვიყავი, ცენტრალური სამხატვრო სასწავლებლის (ათწლედის) შესახებ რომ გავიგეთ. მისაღები გამოცდები იყო შემოდგომაზე. ვნახოთ, მოვსინჯოთო, ვთქვით. მივედი, დავხატე, წამოვედი. არ ვიცოდი, უნდა მქონოდა რაიმე მოლოდინი, თუ არა.
მახსოვს დედამ რომ დაგვირეკა მე და მამას, ჩარიცხულთა სიებშია ლიზი, მიიღესო და თან მოაყოლა მასალების სია, რა უნდა გვეყიდა. ძალიან გამეხარდა. იმ ცისფერი კედლების აურამ განსაზღვრა ის, რომ ჩემთვის ახლა ხელოვნებაა უპირველესი. ჯერ ხელოვნება, ჯერ მისი სრულყოფა და მერე დანარჩენი სხვა. ჩემთვის არაფერია ხელოვნებაზე უფრო ყოვლისმომცველი, ხელოვნებაზე უფრო დიდი და უკვდავი. ეს განსაზღვრავს ჩემს გონებაში ყველაფერს. მიყვარს ყველა, მიყვარს უკლებლივ ყველა, ვინც ქმნის და არ შეუძლია სხვანაირად. ვისი შინაგანი სამყაროც დიდია იმდენად, ფიზიკურ რეალიზებას საჭიროებს და ითხოვს შექმნას, შექმნას და შექმნას.
ლიზიმ ყველაზე ბოლოს წერა დაიწყო. სავარაუდოდ, ამ დროს ის ცხრა წლის იყო. ცხრა წლის ასაკი და შეგრძნება, რომელიც, გასაკვირი არ არის, რომ მისთვის დღემდე შეუცვლელია. მძაფრდება და მძაფრდება მხოლოდ, რადგან მგონია, მეტად ვიაზრებ ლექსის მნიშვნელობას და უფრო ორგანულად შევიგრძნობ ლექსის წერის პროცესს – ზრდასთან ერთად.
რას ხატავ? რის შესახებ ხატავ? რატომ ხატავ?
ხატვა უდიდესი მისტიკაა ჩემთვის. არის რაღაც ნაწილი, რომელსაც მე განვკარგავ, როგორც მხატვარი, მაგრამ არის ის მისტიკური ნაწილი, რომელშიც არის მთელი სილამაზე ზოგადად შექმნის პროცესისა და რომელიც თავისით განისაზღვრება, ჩემგან დამოუკიდებლად. თავისით ამოტივტივდება. ეს არის ენერგია. ეს არის შინაგანი ენერგია, რომელიც განუწყვეტლად და ქაოსურად ტრიალებს ჩემში და, ჩემი აზრით, საჭიროა მისი გამოთავისუფლება. აი, გამოთავისუფლების დროს შემოდის ხელოვანის გონება და პასუხისმგებლობა, რომ დაიჭიროს ის წამი და აქციოს მარადიულობად. ნამუშევარში დააბინავოს ეს ენერგია, რომელიც, ცხადია, იქაც განაგრძობს არსებობას. დაბინავება ჩახშობას არ გულისხმობს, გადანაცვლებაა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენში განახლდეს რესურსები. ვხატავ იმპულსურად. იმპულსურსსხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვს, მაგრამ მე იმას ვგულისხმობ, რომ ვხატავ იმას, რასაც იმ მომენტში, იმ პერიოდში ვგრძნობ. ან რაც ახლო წარსულში განვიცადე. შორს არ მივდივარ ხოლმე, წარსულში, რადგან დიდი ხნის ჩავლილი განცდები განელებულია მაინც. ისეთი ხალასი აღარ არის და ნამუშევარსაც ეტყობა მერე ეს პასიურობა, ნაკლებად მეტყველია. მე კი ყველაზე მეტად განწყობასა და ხასიათს ვაფასებ ნამუშევარში. არ მიყვარს სიმბოლოებით საუბარი. შეიძლება, გაუცნობიერებლად გამოვსახო რაიმე გარკვეული სიმბოლოთი, თუმცა არ მიყვარს ისეთი სიმბოლოები, რომლებიც ერთი შეხედვითვე საეჭვოდ გამოიყურება და შეხედავ თუ არა, იცი, რომ იქ რაღაც გამოსაცნობია. ეს კომპლექსურობა მე იდუმალების მიღმა მიზიდავს. განსაზღვრული, ასე რომ გითხრათ, რას ვხატავ, არ მაქვს, მაგრამ აშკარაა, ადამიანების ხატვა მიყვარს. დიდი მისტერიაა ადამიანიც ჩემთვის და მისი სხვადასხვა ასპექტში გამოსახვით ყოველ ჯერზე, თითქოს, უფროდაუფრო, მეტს ვიგებ მასზე. მიყვარს ძიება ადამიანების, განურჩევლად და მიუკერძოებლად. ვაღიარებ იმასაც, რომ საკუთარი თავის ხატვა მიყვარს ძალიან. მარტო იშვიათად ვგრძნობ თავს ძალიან, მაქვს თვითკმარობის ფუფუნება, მაგრამ გამიზნული, თუ გაუმიზნავი ავტოპორტრეტების ხატვით საკუთარი თავის განუწყვეტელი ძიების სურვილის ერთ-ერთ ასპექტს ვიკმაყოფილებ თითქოს. ასეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, ლიზის როცა ვხედავ ნამუშევარში.
რა საერთო აქვს თქვენს ნახატებს იმასთან, რასაც წერთ?
ღრმად მწამს ხელოვნების ყველა დარგის კონცეპტუალური ერთიანობის. ჩემთვის განსაკუთრებით ხატვისა და წერის შთაგონების წყაროები გადაიკვეთება ხოლმე, მაგრამ ერთდროულად – არასდროს. ეს გულწრფელად არ ვიცი, როგორ ავხსნა. ვგრძნობ უბრალოდ, როდის მევალება შთაგონებისგან ხატვა და როდის წერა. შინაგანი ენერგიის სიდიდის გააზრება ქმნის ყველაფერს. გააზრებაა აქ გასაღები. თუ არ გაიაზრე, რამხელა ძალა გაქვს, არც შეგაწუხებს, ის არის იქ და იქნება შეუმჩნევლად. მაგრამ როგორც კი გაიაზრებ, გაწუხებს, „ხელები ექავებაო“ მოჩხუბარზე რომ იტყვიან, აი, მაგას შევადარებდი. გაწუხებს აზრი, რომ შეიძლება, გაიფლანგოს ეს ენერგია და მანდ იწყებ უკვე შექმნას, მანდ გრძნობ შექმნის ვალდებულებას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს შექმნილი რა დარგი იქნება ხელოვნების. აი, ეს მიზანი, ეს კონცეფცია აქვს ჩემს ლექსებსაც, მუსიკასაც და ხატვასაც. ეგ აცოცხლებს, ჩემი აზრით, ყველა ხელოვანს.
მუსიკას რაც შეეხება, სახლში ვქმნი, ძირითადად. ინსტრუმენტი მჭირდება მაინც სიახლოვეში და ამიტომ. მუსიკალურ სკოლას სანამ დავამთავრებდი, სკოლაშიც ვწერდი ხოლმე, თუმცა აქაც იგივე, სახლში უფრო მეტს. წერა უფრო მარტივია ამ მხრივ. ფურცლის ნაფლეთს და კალამს მუდამ იპოვი ნებისმიერ ჯიბეში. ამჟამად, აქ, სადაც ვარ, მუსიკის მხრივაც ვმუშაობ . საუკეთესო გარემოა ამისთვის.
თითოეულ სფეროში ლიზის მიღწევებსა და წარმატებებზე საუბარი დიდ დროს გულისხმობს. მისთვის თითოეული წარმატება საკუთარი ისტორიისა და ემოციის მატარებელია. პირველად რომ მიიღო კონკურსში მონაწილეობა, ათი წლის იყო. სულ რაღაც, ერთი წლის წინ, მან გამოსცა მუსიკალური ნაწარმოებების კრებული. პოეზიაში ორი კრებული აქვს. მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოფენებში მონაწილეობაა. ვენაში ლიზის ორჯერ ჰქონდა პერსონალური გამოფენა, ერთხელ – ვანაძორში, ერთხელაც – თბილისში. პოეზიის საღამოების წევრიც ხშირადაა.
თქვენთვის, როგორც ხელოვანისთვის, რა სახის აქტივობებია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი?
ეს კითხვა ცოტა რთულად საპასუხოა, არ ვიცი. მხატვრისთვის გამოფენებია მნიშვნელოვანი, პოეტისთვის – პოეზიის საღამო, მწერლისთვის – წიგნის გამოცემა, მუსიკოსისთვის – კონცერტი. ხედავთ, ეს ყველაფერი აუდიტორიასთან მიდის მაინც?! მე მგონია, სახლში გამოკეტილი ხელოვანი თავისი ხელოვანის მოვალეობის მხოლოდ ნახევარს ასრულებს. უნდა დაანახო ხალხს, უნდა აგრძნობინო, შეარყიო და აზრი შეუქმნა, თუ არ აქვს, აზრი გაუჯანსაღო, თუ არასწორი აქვს, ხედვა, გემოვნება გაუუმჯობესო. სილამაზე შეაგრძნობინო, ღირსეული სილამაზე. განსხვავება ასწავლო ფსევდოსა და ნამდვილს შორის და ა.შ. ეს არის, მე რასაც ვფიქრობ.
მიზანი ჩემი ნახატებისა არ არის განსაზღვრული მესიჯი. მე ესთეტიკასა და სილამაზეს ვემსახურები. ადამიანის ფასეულ და ძვირფას განცდებს აღვბეჭდავ. და მიზანზე იშვიათად ვფიქრობ ხოლმე. უფრო გაუთვიცნობიერებლად იქმნება მიზანი. მაგრამ, ალბათ, მე თუ რაიმე მიზანი მაქვს, ეს დამთვალიერებელში ემოციის აღძვრაა, განცდის გამოწვევაა, რომელიც ბოლოს ფიქრის საგანი გახდება, ფიქრამდე მიიყვანს ამ განცდისთვის ჩაღრმავება და ფიქრის აღძვრა სხვაში უდიდესი მიღწევაა ჩემთვის. მე მეტი არაფერი მინდა.
მარიამ ტიელიძე