ფერადი და სახალისო, საინტერესო და გამორჩეული, ინდივიდუალური და სასარგებლო – ეს მახასიათებლები ის უპირატესობებია, რის გამოც „ფერადი ღვედი“ ქართულ ბაზარზე არსებობს. კომფორტისა და სიახლისკენ მიმართული საუკუნე იმ ადამიანებზეც ზრუნავს, რომლებისთვისაც სტანდარტული ღვედის ჩანაცვლება ფერადი ღვედით სტიმულისმიმცემია და საჭის მართვასთან დაკავშირებულ პროცესებს საინტერესოსა და სახალისოს ხდის.
„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს „ფერადი ღვედის“ იდეის ავტორი, შპს „ფერადი ღვედის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მარინე კურტანიძე პასუხობს:
რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობთ?
19 ოქტომბრიდან – ეს ის დღეა, როდესაც მოხდა „ფერადი ღვედის“ facebook გვერდის გააქტიურება და დაიწყო საზოგადოებისათვის ჩვენი პროდუქტის გაცნობისა და შეთავაზების პროცესი.
საიდან გაჩნდა იდეა, რომ ფერადი ღვედები დაგემზადებინათ?
პირველი ღვედზე გადასაკრავი წლების წინ დავუმზადე ჩემს შვილს. მანქანის ღვედმა ტანსაცმლის ქსოვილი დაუზიანა და, რა თქმა უნდა, შემომჩივლა. შესაბამისად, პრობლემის მოსაგვარებლად, რბილი და სასიამოვნო ნაჭრისგან შევუკერე ღვედზე გადასაკრავი, რომელიც ფხრიწით იკვრებოდა. უკვე დიდი ხანია, რაც ჩემი შვილი იყენებს ღვედზე გადასაკრავს, საზოგადოებისათვის ამ პროდუქტის შეთავაზების იდეა კი სულ ახლახან გაჩნდა და, შეიძლება ითქვას, მალევე შევუდექით გახორციელებას.
ქართულ ბაზარზე, კიდევ ვინმე თუ არის ამ ბიზნესით დაკავებული?
არა, არავინ. ქართულ ბაზარზე მსგავსი ბიზნესით ნამდვილად არავინ არის დაკავებული.
გაამართლა თქვენმა იდეამ?
ამ ეტაპზე, ძალიან რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ჩვენ მართლაც ახლახან დავიწყეთ. თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ – უამრავი ადამიანი გვწერს, რომ მოხიბლულები არიან იდეით, ძალიან მოსწონთ პროდუქტი და გვისურვებენ წარმატებებს.
რით არის თქვენი პროდუქტი გამორჩეული? რამ შეიძლება, დააინტერესოს მოსახლეობა?
„ფერადი ღვედის“ პროდუქციით შეიძლება დაინტერესდეს ნებისმიერი მძღოლი, რომელსაც დისკომფორტს უქმნის ავტომანქანის ღვედის უხეში კიდეები, რომელიც აღიზიანებს კანს კისრის მიდამოში და, ასევე, აზიანებს ტანსაცმლის ნაზ ქსოვილს. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, „ფერადი ღვედის“ დამცავი აქსესუარის გამოყენება შეუცვლელია.
ასევე, უნდა აღინიშნოს, ის რომ ტრანსფორმირებული ღვედი თავისი დახვეწილი ვიზუალით არამხოლოდ საჭესთან მსხდომებს, არამედ – ავტომანქანაში მსხდომ მგზავრებსაც წაახალისებს/უბიძგებს ღვედის შეკვრისაკენ, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.
რა მიზანი აქვს საინტერესო, ფერადი ვიზუალის ღვედებს მძღოლებისთვის?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, „ფერადი ღვედის“ პროდუქციას აქვს, უპირველეს ყოვლისა, დამცავი ფუნქცია. იმავდროულად კი ფერადი ვიზუალი სახალისოს გახდის მის გამოყენებას.
როგორ შეიძლება, ადამიანმა თქვენი პროდუქტით ისარგებლოს? მაღაზია თუ გაქვთ და მთელს საქართველოს თუ მოიცავთ?
„ფერადი ღვედის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინზე შეკვეთით (მომხმარებელს ვთავაზობთ უფასო საკურიერო მომსახურებას), ასევე, ფურცელაძის 14 ნომერში (კინო რუსთაველთან) და გალფის ავტოგასამართ სადგურებზე მდებარე მაღაზიებში (თეგეტა მოტორსთან, ელბაქიძის აღმართთან და აეროპორტის გზაზე ისთ ფოინთის მოპირდაპირ მხარეს).
სხვა ინვენტარის „გაფერადებასა“ და რეალიზებას თუ გეგმავთ?
ავტომანქანის ღვედების გარდა, უკვე გავაფერადეთ ფოტოაპარატის საკიდები. გარკვეული იდეები და სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა გვაქვს, რასაც ეტაპობრივად შევთავაზებთ მომხმარებელს.
მარიამ ტიელიძე