2018 წლის 9 ნოემბერს მედიით გავრცელებული და სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მიუხედავად მოცემულ შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების არარსებობისა, ზაზა სარალიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 1 ნოემბერს წერილით მიმართა და აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელება და კარვების განთავსება მოითხოვა.[1] მერიიდან მიღებული პასუხის შესაბამისად, ზაზა სარალიძეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე მითითებით ეთხოვა, მიმდინარე წლის 7 დეკემბრიდან შეცვალოს საპროტესტო აქციის ჩატარების დრო და ადგილი, რათა შეუფერხებლად გაიმართოს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია პარლამენტის შენობის წინ.
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, ხოლო მსგავსი უფლებით სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულობისა და საზოგადოების ღიაობის ხარისხს. ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მონაწილეების მხრიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე შეკრების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით არ შეუშალონ ხელი ზემოხსენებული კონსტიტუციური უფლების რეალიზებას.