მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.
„კარგად არის ცნობილი თავისუფალი ბაზრის უპირატესობებიც და კონკრეტული გამოწვევებიც. ხელის გულზე დევს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, როგორ შეძლეს მათ არ დაერღვიათ ეს პრინციპები და ამავე დროს შეძლეს საკუთარი წარმოება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ჩამოვყალიბდეთ საქართველოს შემთხვევაში რისი ალტერნატივა გვაქვს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ და როგორ“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შპს. „რუსთავის ფოლადის“ გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ კაჩუხაშვილმა, სს „ჰაიდელბერგ ცემენტის“, შპს „ჯეოსტილის” ხელმძღვანელმა მიხაელ ჰამპელმა და შპს „ჯეოსტილი“ – ჰარდიფ სინგჰიმ ისაუბრეს მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში მოქმედ საწარმოებში არსებულ პრობლემებზე, იმპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე, დემპინგზე და ხარისხის კონტროლზე ისაუბრეს. ისინი მოითხოვენ ხელისუფლებამ დაიცვას თავისუფალი ბაზარი არაკეთილსინდისიერი მოთამაშეებისგან, რომელიც დემპინგის პირობებში ხელს უშლიან ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას. მეწარმეთა განცხადებით, ხელისუფლებამ ანტიდემპინგური კანონმდებლობით უნდა უზრუნველყოს ამ პრობლემების მოგვარება.
კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები.
აღნიშნულ საკითხზე გაიმართა ხანგრძლივი დისკუსია, რის შემდეგაც შეთანხმდნენ, რომ დამატებითი შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა ფორმატში, რათა დეტალურად აწონ-დაწონონ შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
სხდომაზე კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საერთაშორისო შეთანხმებები განიხილა, რომლებიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა გააცნო კომიტეტს.