საქართველოს მთავარ პროკურატურას სკოლის მოსწავლეები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული გაერთიანების“ მომართვის საფუძველზე განხორციელდა და მას 60-მდე მონაწილე ესწრებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, მსმენელებმა პრაქტიკოსი პროკურორებისგან მიიღეს ინფორმაცია პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, პროკურორის პროფესიულ საქმიანობაზე, სტაჟირების სისტემაზე, პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობასა და უპირატესობებზე. ასევე, გამომსვლელებმა მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავების, დახვეწის, დამარწმუნებელი და არავერბალური კომუნიკაციის წარმართვის შესახებ. გააცნეს შესავალი, დასკვნითი სიტყვის, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სპეციფიკა. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა – მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ამ მიმართულებით პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. სისტემის მხრიდან, ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Please follow and like us: