გალაკტიონი-ამ სახელის წარმოთქმა უკვე საკმარისია, რომ ყველა ქართველის გონებაში პოეზიის მეფე, გალაკტიონ ტაბიძე ამოტივტივდეს. მიუხედავად მისი გენიალურობისა, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში სულიერად მარტო იყო. ამაზე მისი დაუსრულებელი ლექსიც მეტყველებს:
„უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა,
იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა.
გავაღე კარი, თეთრი თოვლი შემომეფეთა
მივხურე კარგი, მარტოობამ დაისადგურა”
გალაკტიონი უცნაური ბავშვი იყო. ერთხელ პატარა პოეტი დედამისს მარტო დაუტოვებია ოთახში და როდესაც მაკრინე ოთახში დაბრუნებულა, დაუნახავს, როგორ კოცნიდა გალაკტიონი ფანჯრის ჭრილში შემოპარულ მზის სხივს. გაკვირვებულ დედამისს ხმამაღლა უთქვამს: “რას შვრები, გატუნია?” გალაკტიონს შერცხვენია და დედის კალთაში ატირებულა. ასეთი უცნაური პიროვნება იყო ის ბავშვობიდან. ამიტომაც დედა წერილებში მუდამ ასე სწერდა: “ჩემო ფიქრებიდან მოუშორებელო, სხვადასხვანაირად სადარდებელო შვილო.” აბესალომს კი სწერს: “შენ გაბარებ გალაკტიონს, ხომ იცი, რა ძნელი მოსავლელია. ხალხში ნუ გაუბრაზდები, მარტო რომ იქნება, მაშინ დატუქსე, თორემ მეშინია, რამე არ აუტეხოს თავს.”
პოეტი თბილისში ხშირად იდგა ხიდის თავში, რომელსაც ახლა მისი სახელი ჰქვია და აღტაცებული უყურებდა მყინვარწვერს. ის მხოლოდ კარგ ამინდში ჩანდა. მეგობრებსაც ხშირად აჩერებდა ამ ადგილას, გაახედებდა მყინვარწვერისკენ და ეუბნებოდა: “შეხედე, ძამიკო, შეხედე. რა არის იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ამ სილამაზეს ვერ ხედავს”. ის ამაში გულისხმობდა იმ მგზავრებს, რომლებიც გადადიოდნენ ხიდზე და ვერც კი ამჩნევდნენ მყინვარწვერის სილამაზეს. ახვლედიანის ქუჩაზე ერთ-ერთ სახლს ამშვენებდა დაფა “ამ სახლში ცხოვრობდა მელიტონ ბალანჩივაძე”. სწორედ ამ სახლს ეძახდა გალაკტიონი ეკლესიას, რადგან სახლს ნამდვილად ეკლესიის ფორმა ჰქონდა და ფანჯრებთან ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ეკლესიის სარკმლის ფორმები. პოეტი ამბობდა, რომ ამ ეკლესიამ დააწერინა ლექსი “დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ”… გალაკტიონის მტკიცებით, ადრე მეძავებს ასეთი წესი ჰქონიათ: დილით ადრე მიდიოდნენ ეკლესიაში და ღამის ცოდვებს ინანიებდნენ. გალაკტიონიც შესწრებია ერთი მეძავის მხურვალე ლოცვას და ამის შემდეგ დაუწერია ეს ლექსი.
მე თუ მკითხავენ, ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზედ აღზევებული.
დღეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა.