ჭარბვალიანობა ეს,ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ, კი მაკროეკონომიკური პრობლემაა. ჭარბვალიანობის ტვირთის გამო,700 000 ჩვენი თანამოქალაქე წლებია, ამოვარდნილია ეკონომიკური საქმიანობიდან, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ მთავრობის ახალ ინიციატივაზე, რომელიც ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერას ითვალისწინებს.
„პრემიერ-მინისტრის დღეს გაჟღერებული ინიციატივით, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ეს პრობლემა 31 დეკემბრამდე მოუგვარდება, 600 000 ადამიანის დავალიანება, რომელიც, ჯამში, 1.5 მილიარდ ლარს აღწევს განულდება, 600 000 ადამიანია ამოვა მევალეთა სიიდან“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა უპრეცენდენტოა როგორც მასშტაბით, ასევე შინაარსით. ამასთანავე, მთავრობის ჭარბვალიანობის დაძლევის კომპლექსური სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია.აღნიშნული პრობლემის დაძლევის გარეშე კი სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
„რას ვგულისხმობ მე? ორი რამ განვიხილოთ ერთად, პირველი, როგორც ვთქვით, კონკრეტულად, ამ ინიციატივით, 600 000 კაცს გაუნულდება დავალიანება, ანუ ყოველი მეექვსე ჩვენი თანამოქალაქე განთავისუფლდება ფინანსური წნეხისგან; მეორე, მთავრობის და სებ-ის ინიციატივით, შემუშავებულია სესხების გაცემის ახალი წესი, ე.წ. პასუხისმგებლიანიდაკრედიტსების სისტემა და მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ეს წესი ძალაში შესულიყო 2019 წლის 1 იანვრიდან. ამ მექანიზმით, ვალების სამომავლოდ დაგროვების ალბათობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
„ერთი მხრივ, ვალების განულება და, მეორეს მხრივ, სამომავლოდ ვალების არ დაგროვება, აი, ეს არის მთავრობის ინიციატივების საბოლოო მიზანი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გაზიარება