საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის შეხვედრისას.

მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების საკითხებს შეეხნენ და ცოტა ხნის წინ, საქართველო-პოლონეთს შორის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

როგორც შეხვედრაზე გივი მიქანაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, მნიშვნელოვნად ვითარდება თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტის აპარატსა და პოლონეთის სეიმის კანცელარიას შორის, რასაც მოწმობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის ივლისში მოეწერა.

გივი მიქანაძის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში პარლამენტის აპარატის დელეგაციამ ვარშავაში საქმიანი შეხვედრები გამართა, სადაც სეიმის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის გაცნობა და შესწავლა მოხდა.

შეხვედრაზე გივი მიქანაძემ პოლონელ დიპლომატს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების მიერ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნულ ქსელში პოლონეთის სეიმის და სენატის კანცლერების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მარიუშ მაშკიევიჩი პარლამენტის აპარატის უფროსის ინიციატივას მიესალმა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის შეთავაზებული ფორმატი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის შექმნის ერთ-ერთ ინიციატივა, შვედეთთან ერთად, სწორედ პოლონეთის სახელმწიფოს ეკუთვნოდა.

შეხვედრაზე პარლამენტის აპარატის უფროსი, პარლამენტის თბილისის სასახლის რეკონსტრუქციულ სამუშაოების მიმდინარეობას შეეხო. აღინიშნა, რომ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ პარლამენტის სასახლე ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში ყველაზე ადაპტირებული შენობა იქნება. გივი მიქანაძემ პოლონელ დიპლომატს მისი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მიზნით, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტის საქართველოში მოწვევის წინადადებით მიმართა.

„მომავალი წლის პირველ კვარტალში, მას შემდეგ რაც დასრულდება სარეკონტრუქციო სამუშაოები, მნიშვნელოვანი იქნება პოლონელი ექსპერტის რეკომენდაციების გაცნობა, რაც დაგვეხმარება განვსაზღვროთ თუ რა დაგვჭირდება დამატებითი სერვისების მოძიებაში და მათ ეტაპობრივ განხორციელებაში“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ. პოლონეთის ელჩი აღნიშნულ ინიციატივას მიესალმა და პარლამენტის აპარატის უფროსს ამ მიმართულებით ქმედითი დახმარება აღუთქვა.

გაზიარება