სამხრეთ კავკასიის ქვეყნები იმყოფებიან რა, საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული გადაზიდვების გზაჯვარედინზე, მუდმივად განიცდიან უფრო მსხვილი პოლიტიკური ერთეულების და გაერთიანებების ზემოქმედებას. მათზე გავლენის მოპოვებას ცდილობენ, როგორც რეგიონალური: რუსეთი, თურქეთი, ირანი, ასევე გარე ძალები: აშშ, NATO, ევროკავშირი, ისრაელი, ჩინეთი. კავკასიაში და მის გარშემო მიმდინარე პროცესების განხილვისას, შეუძლებელია არ ვახსენოთ ისტორიული აბრეშუმის გზა ანუ სავაჭრო არტერია, რომლის გამოც მრავალი საუკუნის განმავლობაში მიდიოდა ბრძოლა კავკასიისთვის. დღეს მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რეგიონის მომავალი დამოკიდებულია ორ სტრატეგიულ პროექტზე, ერთის მხრივ დასავლეთი ცდილობს, ამერიკული ”ახალი აბრეშუმის გზის” კონცე ფციის შესაბამისად მოიპოვოს კონტროლი ცენტრალური აზიის ენერგო რესურსებზე, რუსეთისა და ჩინეთის გვერდის ავლით და მეორეს მხრივ რუსეთი ქმნის ევრაზიულ კავშირს. ”ახალი აბრეშუმის გზის” მნიშვნელობის შესახებ, შარშან ინდოეთში ვიზიტის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ილაპარაკა, ხოლო ამერიკულმა ნეოკენსერვატიულმა გამოცემამ «National Interest» აღნიშნა რომ, ეს პროექტი ცენტრალური და სამხრეთ აზიის ქვეყნებისათვის შეიძლება გახდეს ”პოლიტიკური პრიორიტეტი ნომერ ერთი”. თავის მხრივ რუსეთი ყველანაირ ბერკეტს იყენებს რათა ”ევრაზიულ კავშირში” რაც შეიძლება მეტი ქვეყანა გაერთიანოს. აბრეშუმის გზის კონტექსტში, ცეტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და პროცესების შესაძლო განვითარება, ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ცენტრალური აზია ერთერთი ყველაზე მდიდარია მსოფლიოში ენერგორესურსების თვალსაზრისით, ჩინეთის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას საიმედო ენერგეტიკული მომარაგება სჭირდება, სწორედ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ჩინეთი იქცეს მსოფლიო ეკონომიკურ ლიდერად, რუსეთი ცენტრალურ აზიასთან განსაკუთრებული ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს, როგორც პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, მის გეგმებში შედის ენერგო რესურსების განაწილობის ექსკლუზიური უფლების მოპოვება და შენარჩუნება. თვითონ ცენტრალური აზია დაინტერესებულია საკუთარი რესურსების ტრანსპორტირების დივერსიფიკაციით, ალტერნატიული ენერგოდერეფნის შექმნის შემთხვევაში, რეგიონი მიიღებს როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ დივიდენდებს, შემცირდება მისი რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი. ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები-ეგვიპტეში პრეზიდენტ მოჰამედ მურსის გადაყენება, ”მუსლიმი ძმების” შევიწროება და სამოქალაქო ომის საშიშროება; არასტაბილურობა თურქეთში, კონფლიქტის ესკალაცია სირიაში, ისრაელის განცხადება ირანის მიმართ სამხედრო ძალის გამოყენების მზადყოფნის შესახებ, ყატარში ხელისუფლების შეცვლა, ერაყის ქაოსი, მოძრაობა დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შექმნისთვის და სხვა-გამოირჩევა თავისი რადიკალიზმით და ინტესიურობით, ეს გვაფიქრებინებს რომ ენერგეტიკული ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები შეიძლება აისახოს სამხრეთ კავკასიაზეც, ეს რეგიონი აბრეშუმის გზის შემადგენელი და არცთუ სტაბილური ნაწილია. მსოფლიო პოლიტიკურ ლიტერატურაში ტერმინი ”სამხრეთ კავკასია” ახალი დამკვიდრებულია. საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად საქართველომ, სომხეთმა და აზარბაიჯანმა დამოუკიდებლობა აღიდგინეს, ამან თავის მხრივ რეგიონში სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია. 1998 წელს რუსეთმა შეიმუშავა სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია, ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში, ამით მან გადადგა ნაბიჯი საერთო ”კავკასიური სახლის” იდეის საპირისპიროდ. ამასთან ერთად სამხეთ კავკასიამ დაიწყო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სუბრეგიონად ჩამოყალიბება. პოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყანებში მუდმივად დაძაბულია, ამ დაძაბულობას ხელს უწყობს სამი ფაქტორი: გლობალური-გარე ძალების რეგიონისადმი დიდი ინტერესი, შიდარეგიონალური-ტერიტორიული პრეტენზიები, სამი გაყინული კონფლიქტი და საშინაო-შიდაპოლიტიკური განვითარების ნეგატიური დინამიკა. რეგიონზე გავლენის მოსაპოვებლად თუ შესანარჩუნებლად სწორედ, შიდაპოლიტიკური ფაქტორი და ტერიტორიული კონფლიქტები იქნა გამოყენებული რუსეთის მიერ და არ არის გამორიცხული მომავალშიც გამოიყენოს. იმ შემთხვევაში თუ საქართველო და აზარბაიჯანი შეეცდებიან შეცვალონ, განცხადებული საგარეო პოლიტიკურ კურსი, სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელია დასავლეთმა მოახდინოს არეულობის ინსპირაცია. სიტუაციას ართულებს ისიც რომ, რეგიონის ქვეყნებს ნათლად არა აქვთ განსაზღვრული საკუთარი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, ისინი ძირითადად რეაგირების რეჟიმში მოქმედებენ. რუსეთს კარგად ესმის ამერიკული ”ახალი აბრეშუმის გზის” მნიშვნელობა, ახალი ენერგეტიკული გზების მშენებლობა ცენტრალური აზიისა და კასპიის აუზისთვის ასრულებს მისი როგორც, ერთპიროვნული განმკარგავის ფუნქციას, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის პოლიტიკურ წონას-გლობალურ პოლიტიკაში. ”ევრაზიულ კავშირის” შექმნით რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს გეოპოლიტიკური კონტროლი რეგიონზე და ამის შესაბამისად მოქმედებს, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ კავკასიაში. სომხეთთან და აზარბაიჯანთან, რუსეთი განაგრძობს სპეკულირებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტით, ამასთან სომხეთში 49 წლიანი ხელშეკრულებით სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული, ხოლო აზარბაიჯანს გამალებული აიარაღებს. საქართველოსთან მიმართებაში კი რუსეთს, სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ, ამოეწურა კონფლიქტებით ზემოქმედების ბერკეტები და ერთადერთი პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობა აქვს დარჩენილი. გარდა ზემოთქმულისა 2014 წელს, ამერიკა ავღანეთიდან გამოიყვანს შეიარაღებული ძალების ძირითად კონტინგენტს და წინასწარი მოლაპარაკებების შემდეგ, ბაქოს თანხმობის შემთხვევაში მათი ნაწილი განთავსდება აზარბაიჯანის ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადა NATO-ს ოფიცერ-კორდინატორმა სამხრეთ კავკასიის მიმართულებით უილიამ ლახუამ, აზარბაიჯანში ვიზიტის დროს. რიგი ექსპერტების აზრით აზარბაიჯანი დათანხმდება შეთავაზებას, ამერიკული ძალები შეიძლება აზარბაიჯანისთვის იქცეს, ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთერთ ფაქტორად. ამერიკისთვის კი ეს იქნება პლაცდარმი ირანის წინააღმდეგ და პირდაპირი გასასვლელი ”ახალი აბრეშუმის გზის”კიდევ ერთ მონაკვეთზე. რას მოიმოქმედებს რუსეთი ამგვარად სიტუაციის შესაძლო განვითარების წინააღმდეგ? მან შეიძლება ,მოინდომოს საქართველოზე პირდაპირი გზის გაჭრა სომხეთამდე და ეს ნებით, ან ძალით განახორციელოს. მოვლენების ამგვარი განვითარება საქართველოსთვის შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც მოხდეს, თუ ისრაელი იერიშს მიიტანს ირანზე. უნდა აღინიშნოს რომ ისრაელი აქტიურად აიარაღებს აზარბაიჯანს და ამას შორსმიმავალი მიზნები აქვს-აზარბაიჯანს ირანთან ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნია და ის ტერიტორია ჩრდილოეთ ირანში, სწორედ აზარბაიჯანელებითაა დასახლებული. საქართველოს ინტერესებს ყველაზე ნაკლებად გაითვალისწინებენ მიმდინარე პროცესებში, თუ არ ვისწავლეთ საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება. მსოფლიოში მიეჩვივნენ საქართველოს უსიტყვო თანხმობას ყველაფერზე. ჩვენ არ გვაქვს რესურსები როგორც აზარბაიჯანს, არ გვყავს ლობი როგორც სომხეთს, ჩვენი არმია, მიუხედევად კარგად მომზადებული ჯარისკაცებისა, რეგიონში ყველაზე სუსტია და რაც მთავარია საქართველო დაყოფილია არა მხოლოდ ტერიტორიულად, არამედ მიმდინარეობს ერთიანი სახელმწიფოებრივი ცნობიერების ნგრევა და ამას ხელს თვითონ ქართველები ვუწყობთ, – აღნიშნულ სტატიას აქვეყნებს ჟურნალი ,,360 გრადუსი“.
06.10.13
მალხაზ ხაზარბეგიშვილი