,,დეკრეტული შვებულების აღება ძალიან გამიჭირდა, ინფორმაცია არ არსებობდა. დამსაქმებლებისგან თავიდან უცნაური, შემდეგ კი დადებითი დამოკიდებულება წამოვიდა, რადგან სახალხო დამცველის აპარატი მეხმარებოდა და მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობა არასწორი იქნებოდა.

მამაკაცებს ვურჩევდი – ნუ შეშინდებიან დაცინვის გამო. საზოგადოებას აუცილებლად ექნება სხვადასხვა რეაქცია. მზად იყვნენ ამისთვის და ყველაფერი კარგად იქნება,“-ამბობს გიორგი ბეჟანიშვილი – ერთ-ერთი პირველი ქართველი მამაკაცი, რომელმაც დეკრეტული შვებულება აიღო.

2014 წელს მას და მის მეუღლეს მეორე ბავშვი გაუჩნდათ. გიორგი ამბობს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო – სურდა, მეუღლის კარიერული წინსვლა არ შეეჩერებინა და თავად გასძღოლოდა ბავშვის აღზრდის პროცესს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოვლენილი გარკვეული წინააღმდეგობის შემდეგ, კუთვნილი შვებულებიდან თვე-ნახევრის გამოყენება მოახერხა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის მონაცემებით, დეკრეტული შვებულებით 8 673 ქალმა ისარგებლა. საინტერესოა, რომ ამ წელს ეს უფლება არცერთ მამაკაცს არ გამოუყენებია. შედარებით დადებითი სტატისტიკა გამოვლინდა 2016 წელს, როცა დეკრეტული შვებულება ერთმა მამაკაცმა აიღო. ჯამში კი, ამ უფლებით ათამდე მამაკაცსაც კი არ უსარგებლია საქართველოში.
,,საქართველოს შრომის კოდექსში” ცვლილებები 2013 წლის 27 სექტემბერს შევიდა. თუმცა, 5 წლის გასვლის შემდეგაც, საქართველოში მამაკაცების საკმაოდ დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, რომ დეკრეტული შვებულების აღებაც და თითქმის იმავე პრივილეგიებით სარგებლობა შეუძლია.

კერძოდ: თუ ბავშვის მამა არის საჯარო მოსამსახურე, მას აქვს უფლება აიღოს ბავშვის მოვლის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღით, აქედან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დახმარების თანხა არ აღემატება 1000 ლარს. თუ ბავშვის მამა არ არის საჯარო მოსამსახურე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დახმარება მასზე არ გაიცემა. თუმცა, შესაძლებელია არაანაზღაურებადი შვებულების აღება.

რაც შეეხება მსოფლიო გამოცდილებას – პირველი ქვეყანა, რომელმაც მამებს დეკრეტული შვებულების გამოყენების საშუალება მისცა, 1974 წელს შვედეთი იყო. მას შემდეგ, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში კანონითაა გარანტირებული მამათა შრომითი უფლებები.

გარდა იმისა, რომ დეკრეტული შვებულება საკმაოდ ხანგრძლივი და მაღალანაზღაურებადია, ამ ქვეყნებში ამ ტიპის შვებულების აღება ორივე მშობელს შეუძლია ერთდროულად ან გადანაწილებით. თუმცა, მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში – აშშ-ში, დეკრეტული შვებულების ცნება საერთოდ არ არსებობს.

წლიდან წლამდე, უკვე ტრენდული ხდება კომპანიების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის აღება, რაც საზოგადოებრივ საქმიანობაში დადებითი წვლილის შეტანას გულისხმობს. როგორც წესი, მსგავსი პროექტები მიმართულია გარემოს დაცვითი, ჯანდაცვითი მიმართულებებით, თუმცა, რატომღაც, შრომითი  ბაზრის გაუმჯობესებისთვის გამოჩენილ ინიციატივებს პირი არ უჩანს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კერძო ბიზნესს სრულებით არ ავალდებულებს გასცეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, ათასში ერთხელ მაინც გვსმენია დადებითი ფაქტების შესახებ. თუმცა, მთლიან შრომით ბაზარზე, პრობლემა საკმაოდ დიდია.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, ცნობიერების ამაღლების კუთხით, დიდი ხანია მუშაობს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ  შრომის კოდექსში შეტანილი ნორმა არის ალტერნატიული ხასიათის, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულება  მშობლებმა შეიძლება გამოიყენონ ორსულობის და მშობიარობისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ბავშვის მოვლა არ უკავშირდება სქესის ნიშნით შეზღუდვას.

ამ კუთხით არაერთი კამპანია მიმდინარეობს, რათა საოჯახო აღზრდა გულისხმობდეს დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორ გაგებას და ბავშვის აღზრდისა და განვითარების საქმეში მამაკაცისა და ქალის საერთო პასუხისმგებლობის აღიარებას. უპირველესი მიზანი კი – თავად დამსაქმებლების ცნობიერების გაზრდაა, რაც სოციალური პასუხისმგებლობის აღებასა და მოქნილი შრომითი  ბაზრის შექმნას გულისხმობს.

საზოგადოებაში დეკრეტული შვებულების აღება  ქალის უფლებად უფრო აღიქმება ვიდრე მამაკაცისა, ამას ადასტურებს ,,თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შემთხვევებზე ჩატარებულ კვლევაში.

როგორც ირკვევა, დეკრეტული შვებულების არგაცემის საჩივრები ომბუდსმენის აპარატამდე ხშირად აღწევს. ცხადია, რომ დამსაქმებლები თავად ვერ ერკვევიან შრომის კოდექსში არსებულ ჩანაწერებში, მაგრამ თავად დასაქმებულებიც რომ არ ეცნობიან თავიან უფლებებს – ეს მეორე უკიდურესობაა.

 

 

ნატალია ჯალაღონია

Please follow and like us: