დროის გაჩერება არ შეიძლებაო ამბობენ, მაგრამ ცდებიან. ჩვენ შეგვიძლია ერთი წამით დავიჭიროთ დრო და ის სამუდამოდ აღვბეჭდოთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩვენ შეგვიძლია მას გამოსახულებაც მივცეთ. დრო შეგვიძლია გამოვსახოთ ასოებით, სიტყვებით, კადრებით, ფერებით… გადავხედოთ ისტორიას და ამაში მარტივად დავრწმუნდებით. სწორედ ადამიანთა მონათხრობი, მათ მიერ დაწერილი, მათ მიერ ფირზე, ფოტოზე აღბეჭდილი რეალობა გვიყვება ისტორიას, ის იქ და იმ წამს ხდებოდა. ასე, რომ არსებობენ ყოვლისშემძლე ადამიანები. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად ერთ–ერთ ასეთ ადამიანს, ფოტოგრაფ გიორგი ძიძიკაშვილს ესაუბრა. როგორც თავად რესპოდენტი ამბობს მას ხეტიალი უყვარს და მასთან ერთად ჩვენც გვახეტიალებს სურათებით მოძრავ სამყაროში.
დედა-მსახიობი, მამა-მხატვარი, ხელოვანების ოჯახში გაზრდილი გიორგი ძიძიკაშვილმა ერთ სრულიად ჩვეულებრივ დღეს აღმოაჩინა, რომ ფოტოგრაფია იტაცებდა.
მოგვიყევით თქვენ შესახებ…
-ვფიქრობ, არაფრით გამოვირჩევი. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ისეთივე პრობლემები და სიხარული მაქვს გამოვლილი რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. მეც ჩვეულებრივად გადავიტანე უშუქობა, უგაზობა და ა.შ. პატარაობიდანვე ვფიქრობდი, რომ უნდა მესწავლა და მემუშავა, მუდმივად მეცვალა დამოკიდებულება, დეპრესიაში არ ჩავვარდნილიყავი და საერთოდ ცხოვრება მესწავლა.ამ დროის განმავლობაში უამრავი პროფესია მოვსინჯე, ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, რამაც უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება შემძინა. ბავშვობიდან ვხატავდი, ძალიან მომწონდა შემოქმედებითობის პროცესი. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ერთ-ერთ წელს ჩემი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. მქონდა პერიოდი, როდესაც ხელოვნებას სრულიად მოვწყდი, სრულიად სხვა საქმით ვიყავი დაკავებული.
რამ განაპირობა თქვენი არჩევანი და როდის მიხვდით რომ ფოტოგრაფია გიტაცებდათ?
ზუსტად სამი წლის წინ , 19 იანვარს, სამებაში ავედი. ეზოში ვბოდიალობდი და გამვლელებს ვათვალიერებდი. უცებ, მიუსაფარი, სრულიად ჩამოძენძილი ბოშა ბავშვი დავინახე, არაბუნებრივი, არაამქვეყნიური გამოხედვა ჰქონდა. მინდოდა, ეს კადრი უცებ სადღაც აღმებეჭდა, რათა არასოდეს დამვიწყებოდა, ავიღე ტელეფონი და ასე გადავიღე ჩემი პირველი ფოტო -ფოტოგრაფიის გზაზე.
ამ დღის შემდეგ,მივხდი, რომ ფოტოების გადაღებაში უდიდეს სიამოვნებას ვპოულობდი. გადავიღებდი კადრებს, სახლში მისული ვათვალიერებდი და ვხვდებოდი, რომ თითოეული აღბეჭდილი კადრი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.
ფოტო გამოფენების შესახებ რომ მოუყვეთ ჩვენს მკითხველს..
ერთ დღეს დამიკავშირდა ერთ-ერთი კომპანია და მათი ნამუშევრების ფოტოების გადაღება მთხოვა. ეს პირველი სერიოზული საქმე იყო, ფოტოგრაფიის გზაზე. ამავე კომპანიამ მოგვიანებით შემომთავაზა გამოფენის მოწყობა და პირველი გამოფენა გალერეა „ვაჩეში“ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი გამოფენა იყო, ყველაფრის ორგანიზება მე გავაკეთე. ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. პირველ გამოფენას “ფერადი სამყარო” ვუწოდე. ჩემს ფოტოებში ფერებს დიდ უპირატესობას ვანჭებ. ჩემებურად, განსხვავებულ ფერებში ვუყურებ სამყაროს,რაც ხშირად დამთვალიერებლის გაოცებასაც იწვევს ხოლმე. როდესაც ფოტოს ვიღებ, მოუთმენლად ველოდები, როდის მივიტან მნახველამდე, ველოდები მათს ემოციებსა და შეფასებებს. ნებისმიერი ხელოვანი, რომელიც ხელოვნებას ემსახურება დაინტერესებული უნდა იყოს, თავისი შემოქმედება როგორმე მიიტანოს ხალხამდე.”
როგორ ფიქრობთ რითი გამოირჩევით სხვა ფოტოგრაფებისაგან?
– მე არ ვიცი რითი გამოვირჩევი სხვა ფოტოგრაფებისგან. ერთი ის ვიცი, რომ არ მეზარება მუშაობა, გადაღება, მიყვარს ბევრი სიარული, რადგან მეტი და მეტი კადრი გადავიღო. მიყვარს ეს საქმე და არ მბეზრდება. საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ფოტოგრაფია, ვცდილობ მათსავით შრომისმოყვარე, მიზანდასახული ვიყო და მათსავით საკუთარი ხელწერა მქონდეს. ფერები და განწყობები- სწორედ ეს გამომარჩევს ალბათ სხვებისგან. ჩემი განწყობის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობ ფოტოებში დადებითი განწყობა ჩანდეს.
ალბათ ძნელია ამდენ ფოტოში საყვარელი ფოტო გამოარჩიო, მაგრამ მაინც რომელია თქვენი საყვარელი ფოტო და რატომ?
ძნელია რაიმე ნიშნით გამოარჩიო ფოტო, ჩემთვის ყოველი მათგანი ძალიან დიდი ემოციასთან და გრძნობებთან არის დაკავშირებული. ჩეჩნები განთქმულები არიან თავისი სიხისტითა და მტკიცე ხასიათით. მე შემძრა იმ ფაქტმა , რომ სრულიად შემთხვევით პირველად ვნახე ჩეჩენი მამაკაცი, მალხაზ მაჩალიკაშვილი როგორ ტიროდა. მართალია, ფოტოს არ აქვს კარგი ხარისხი, მაგრამ ეს ფოტო ჩემთვის დიდი ემოციების მატარებელია.
რას გრძნობთ შემოქმედების პროცესში? გადაღების პროცესში რა განიჭებთ სიამოვნებას?
“ძალიან მიყვარს ქუჩაში წანწალი. სიურიალისტური ჟანრის ფოტოების გადაღება. მიყვარს პორტრეტულ ფოტოებზე ადამიანის უხილავი თუ ხილული ემოციების აღბეჭდვა. ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, გადაიღებ ფოტოს და შემდეგ უყურებ რას გრძნობდა ჩემი ფოტოობიექტივის გმირი ფირზე აღბეჭდვის დროს.
ვოცნებობ-ბევრ ხალხს რომ ვუყვარდე
მწამს რომ-ყველაფერი გამოვა
ვიმეგობრებდი-ჰოლივუდის მსახიობებთან
ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში-ჩემი შვილი
ყველაზე დიდი შეცდომა-აქამდე რომ არ გავხდი ფოტოგრაფი და ჩემი ცხოვრების ბევრი წელი დავკარგე
ყველაზე დიდი მიღწევა-ჯერ არ ყოფილა ასეთი
მინდა ადამიანებს დავამახსოვრდე – პოზიტივით
ჩემი ფოტოებით მინდა ვთქვა- მინდა ადამიანებს მეტი პოზიტივისა და ბედნიერებისკენ მოვუწოდო.
მაბედნიერებს – ხალხთან ურთიერთობა
საყვარელი ადგილი – ძველი თბილისი უბნები
ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი – ფოტოაპარატი
ვინახავ – ვერაფერს, არაფრის შენახვა არ შემიძლია
ოქროს თევზი რომ მყავდეს, ვთხოვდი- ყველა ადამიანის შეეძლოს გააკეთოს ის რაც გულით უნდა; მინდა რომ მშვიდობიან გარემოში ვიცხოვროთ ომის გარეშე; მინდა, რომ ყველა ბავშვს აუხდეს ბავშვობის ოცნება.
როგორია „მოხეტიალე ფოტოგრაფის“ სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ არ ვიცი რა მინდა, უბრალოდ ვიცი, რომ არ მინდა ფოტოგრაფიას შევეშვა, ესაა ის ადგილი, სადაც თავს იმად ვგრძნობ, რაც სინამდვილეში ვარ.
მარიამ ლეკიაშვილი