საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ თვის დასაწყისში ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო.
„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელსაც მოკლევადიანი მერყეობა ახასიათებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს. კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება.“ – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოქმედებს თუ არა არჩევნები ლარის კურსზე? -ამ კითხვით „თბილისი თაიმსმა“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეკონომიკურ ანალიტიკოსს, მერაბ ჯანიაშვილს მიმართა.
-არჩევნები ლარის კურსზე არანაირად არ მოქმედებს. წესით, არც უნდა მოქმედებდეს. თუ „შავი“ ფული არ იქნება ან საზღვარგარეთიდან, უცხოეთიდან არალეგალური ფული არ შემოვაარჩევნებისპერიოდში, თორემ, სხვა შემთხვევაში, არ იმოქმედებს.
ის შიშები, რომ არჩევნდების გამო ლარი უნდა დაეცეს და ა.შ, უსაფუძვლოა. არანაირ კავშირში არ არის არჩევნები და ლარის კურსი. თუ გადავხედავთ ჩვენს ბოლო რამდენიმეწლიან ისტორიას, ამაში დავრწმუნდებით. ის თანხები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში იხარჯება, ან ბიუჯეტიდან გამოდის ან კომპანიები ხარჯავენ. შესაბამისად, ფულის ახალი მასა ბაზარზე არ გამოდის. ამასთან, ის ადამიანები, ვინც დროებით სამსახურს შოულობენ არჩევნების პერიოდში, ის მასა არ არის, რომელიც გაიქცევა და შემდეგ დოლარს იყიდის. ამიტომ, არანაირი ეკონომიკური საფუძველი იმისა, რომ არჩევნებმა ლარის კურსზე რაიმე ზეგავლენა მოახდინოს, არ არსებობს.
ნინი მაზიაშვილი