კრეატიული და საინტერესო, ამავდროულად – ეროვნული და, ამის გამო, კიდევ უფრო მეტად საინტერესო. რაც უფრო ეროვნულია პროდუქტი, მით უფრო მიმზიდველია, არამხოლოდ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ – უცხო ქვეყნების წარმომადგენლებისთვისაც.

„დარბაისელი“ ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან არსებობს. სხვადასხვა მიზეზის გამო, ბრენდს მცირე პაუზები და შეფერხებები ჰქონდა. თუმცა საკუთარი მომხმარებელი არ დაუკარგავს და სტაბილურად მიიწევს წინ.

“თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს „დარბაისელის“ დამფუძნებელი და დიზაინერი, ქეთევან ჯინჭარაძე პასუხობს:

მაქმანებით გაფორმებული თავსაბურავი, პირველად, პირადი გამოყენებისთვის შევქმენი, მაგრამ ნაკეთობამ იმდენად დიდი ყურადღება მიიქცია, გადაწყვიტე, თავსაბურავების შექმნა საქმიანობად მექცია. ასე შეიქმნა ბრენდი “დარბაისელი”. ყოველი ნაწარმი უნიკალურია – დამზადებული, პირადად, ჩემ მიერ, შეზღუდული რაოდენობით.

რას აწარმოებთ?

ამ ეტაპზე, ვაწარმოებთ ტრადიციული ქართული ყაბალახისა და თავსაფრის გათანამედროვებულ ვარიაციებს, როგორც მანდილოსნებისთვის, ასევე – მამაკაცებისთვის. შემდეგი წლიდან, ვგეგმავთ ახალი ხაზის დამატებას. ჩვენი მიზანია, ტრადიციული ქართული ელემენტებით გაფორმებული სამოსი გახდეს ტრენდული, როგორც საქართველოში, ასევე – მის ფარგლებს გარეთ

რა მასალისგან მზადდება თქვენი პროდუქცია?

ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ მასალას. ხშირად ძალიან ძვირიც გვიჯდება, მაგრამ ქსოვილებისა და განსაკუთრებით მაქმანის არჩევანი ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მწირია. ხშირად მაქმანის გამოწერა amazon-დან გვიხდება. მოცემული ვალუტის კურსიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ნაწარმის ფასზეც.

საიდან გაჩნდა ამ ბიზნესის იდეა?

“დარბაისელის” ისტორია იმ დღიდან იწყება, როდესაც შევიკერე პირველი თავსაბურავი პირადი გამოყენებისთვის. ეს იყო ჩემი საცდელი ნამუშევარი. მას აქტიურად ვიყენებდი სხვადასხვა ღონისძიებაზე. თავსაბურავი ყველგან დიდ ყურადღებას იქცევდა. სწორედ აქ გაჩნდა იდეა, შემექმნა საკუთარი ბრენდი.
ბიზნესი თავიდან, სულ რაღაც, 200 ლარით დავიწყე. მასალა მხოლოდ რამდენიმე თავსაბურავზე მეყო… ბრენდს ეწოდება “დარბაისელი”, ხოლო კონკრეტულად ყაბალახებს, რომელიც უნისექსია და რომელსაც პირადად ვქმნი – “ქეთასეული”. ბრენდი “დარბაისელი” არ აპირებს მხოლოდ “ქეთასეული” თავსაბურავით შემოიფარგლოს. ვაპირებ, მაქმანები გამოვიყენო სხვადასხვა ტიპის სამოსზეც.

ბევრი მომხმარებელი გყავთ?

ყაბალახის დამზადებას, უნიკალური დიზაინითა და მაქმანით, რამდენიმე დღე და ძლიერი მუზა სჭირდება. შესაბამისად, ჩვენი მომხმარებელი არ და ვერ გაიზომება რაოდენობით.
დაინტერესება საკმაოდ დიდია, თაბსაბურავები, ასევე, პერიოდულად, გათავსებული გვაქვს ebay-ზეც. ბევრი უცხოელი მომხმარებელი დაინტერესდა, განსაკუთრებით კი მწვანე ფერზე იყო დიდი მოთხოვნა ამერიკაში. ხშირად ვაგზავნით მოძმე უკრაინაშიც.

როგორ იქმნება თქვენი პროდუქცია?

ამ ეტაპზე, მარტო ვმუშაობ და ვქმნი. იდეებსა და ფანტაზიებს არ ვუჩივი. ვაკეთებ შეზღუდული რაოდენობით, რადგან არ მესმის ცნება – გააბევრე და გააიაფე! ამიტომ, მხოლოდ ონლაინშეკვეთებზე ვმუშაობთ.

როგორ უნდა ისარგებლოს მსურველმა თქვენი პროდუქციით?

მსურველები, როგორც წესი, გვწერენ ფეისბუქის მეშვეობით, ჩვენ კი ვაწვდით ადგილზე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ასევე – საზღვარგარეთ.

კონკურენტად თუ აღიქვამთ ვინმეს?

ბაზარზე კონკურენტებს ნაკლებად ვხედავთ, უფრო – პარტნიორებს. პრესა და სატელევიზიო სიუჟეტები ცხადყოფს, რომ პირველად ჩვენ გამოვიყენეთ მაქმანი და ჩვენ მოვარგეთ ყაბალახი სხვადასხვა სტილის ახალგაზრდებს.

მარიამ ტიელიძე

გაზიარება