განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობები ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად მისი საჭიროებისა, რელიგიური თუ რასობრივი კუთვნილებისა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბაშვები (შემდგომში სსსმ) მკაცრად სერეგრირებულები იყვნენ საზოგადოებისგან და არქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში თანატოლებთან ერთად. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლება როგორც პრიორიტეტი სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული იქნა 2004 წლიდან, როდესაც დაიწყო განათლების სისტემური რეფორმა.
წლებია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები თანატოლებთან ერთად იღებენ განათლებას, თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ სკოლაში სიარულით პრობლემა არ აღმოიფხვრება და კვლავაც არსებობს გარკვეული საფრთხეები. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად ერთ-ერთ მშობელს დაუკავშირდა, რომელიც მოკლედ გვესაუბრა საჯარო სკოლებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

რამდენი ხანი დაგყავდათ ნინიკო საჯარო სკოლაში?

ნინიკო საჯარო სკოლაში პირველი კლასიდან მესამე კლასამდე დადიოდა.

რა გახდა სკოლიდან გამოყვანის მიზეზი? შეინიშნება თუ არა გარკვეული პრობლემები, როგორც სკოლის დამოკიდებულების, ასევე მასწავლებლების გადამზადების საკითხებში?

საჯარო სკოლიდან გამოყვანის მიზეზი გახდა ის, რომ სრულყოფილად ვერ დაძლია სკოლის პროგრამა. რა თქმა უნდა, არის პრობლემები, როგორც სკოლის დამოკიდებულებასთან, ასევე პედაგოგების მოუმზადებლობასთან დაკავშირებით. მსგავს მოსწავლეებთან მუშაობისათვის პედაგოგებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, გამოცდილება და შესაბამისად, რთულდება ურთიერთობა ბავშვსა და მასწავლებელს შორის.

ამჟამად რომელ სკოლაში დაგყავთ და შეინიშნება თუ არა გარკვეული პროგრესი?

ამჟამად დავდივართ დღის ცენტრში სახელწოდებით „იმედი“, რა თქმა უნდა, არის პროგრესი, რაც ძალიან მახარებს.

აქვს თუ არა რამისადმი განსაკუთრებული ინტერესი და რით გამოხატავს ამას?

კი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ინტერესი და ვფიქრობ, რომ ნიჭიც აქვს მუსიკისადმი. ძალიან უყვარს მუსიკა და ხშირად მღერის კიდეც.

ძირითადად რა დაბრკოლებებს აწყდებით? (მაგ: სამედიცინო დაწესებულებებში, საზოგადოებასთან ურთიერთობისას და ა. შ.)

დაბრკოლებებს რაც შეეხება, მედიცინაში ჩვენ ნაკლებად, ალბათ იმიტომ, რომ არ გვაქვს ხშირი შეხება. თუმცა ხშირია პრობლემები საზოგადოებასთან, ვფიქრობ ესეც არასაკმარისი ინფორმაციის გამო ხდება.
საზოგადოების დამოკიდებულება მსგავსი საკითხებისადმი სულ უფრო პოზიტიური ხდება, თუმცა თქვენი აზრით, ძირითადად

რა არის შესაცვლელი, როგორც ცალკეული ინდივიდების, ამასთანავე საზოგადოების ცნობიერებაში?

კი, საზოგადოება სულ უფრო პოზიტიური ხდება, თუმცა, ჩემი აზრით, აუცილებელია მეტი ინფორმაციის მიწოდება, პრობლემის გააზრება და მათთვის იმის ახსნა, რომ დადებითად შეხვდნენ ასეთ ბავშვებს.

ნინი ჭრიკიშვილი

გაზიარება