1 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით, ახალგაზრდა ხელოვანებმა-თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს გამოფენაზე “WOMEN IN COLOR”. გამოფენა სამ დღიანია, არტისტები წარსდგებიან სხვადასხვა ფორმატში შესრულებული ნამუშევრებით (ფერწერა, ხატვა, ქანდაკება და შერეული მასალა). „თბილისი თაიმსი“ ამჯერად გამოფენის ერთ-ერთ მონაწილეს, მედეა ყირიმელს, ესაუბრა

როდის დაიწყე სამხატვრო საქმიანობა? როდის გაჩნდა პირველი ინტერესი ხატვისადმი?

სამი წლიდან, ძალიან პატარა ვიყავი, საიდანაც ჩემი ცნობიერება არსებობს იქიდან ვხატავ, მართალია თავიდან მამიდის საშინაო დავალებების რვეულებით დავიწყე, მაგრამ მთავარია დავიწყე.

ეს თქვენი პირველი გამოფენაა? 

არა, ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა რამდენიმე წლის წინ მოეწყო , მაგრამ საკმაოდ მასშტაბური იყო პირველისთვის. შემდეგ მქონდა ჯგუფური გამოფენები, სხვადასხვა სივრცეში თითოეული ნამუშევრის წარდგენა და ახლა უკვე ჯგუფური ნამუშევრების სამ დღიანი გამოფენაა.

ძირითადად რა სტილში ხატავ?

თავდაპირველად პორტრეტებით დავიწყე, ძირითადად ქალებს ვხატავდი, სუსტი სქესის წარმომადგენლებს. პეიზაჟები მაინც და მაინც არ მხიბლავდა, მაგრამ ახლა უკვე დავიწყე შერეული ტექნიკით ხატვა. ძირითადად სიურეალისტურია ჩემი ნამუშევრები, სხვადასხვა თავისებური დატვირთვით და შეიძლება ითქვას რომ, შერეულ ტექნიკასთან ერთად მინდა გავაერთიანო სხვადასხვა სტილის ნამუშევრები, თუნდ პეიზაჟი და პორტრეტი ერთად და სიურელიზმი და პორტრეტი ერთად. ექსპერიმენტებს ვატარებ, ვცდილობ რაღაცები დავამსხვრიო, რაღაც დოგმები, რაც არსებობს თუნდაც სამხატვრო სფეროში. ანალოგიურად ამ გამოფენაზე ნატურმორტის სტილში წარვადგინე ორი ნამუშევარი, ორი პორტრეტი, შავკანიანი ქალი. ზოგადად, გამოფენებზე ასე არ ხდება, მხოლოდ და მხოლოდ დაკიდებულ ვარიანტში არის ნახვა შესაძლებელი და მინდოდა, რომ რამე განსხვავებული ყოფილიყო, იმედია გამომივიდა.

სამომავლო გეგმებზე მოუყევით ჩვენს მკითხველს?

ამ ეტაპზე აქტიურად ვაგრძელებ მუშაობას სახელოსნოში და როცა გამოიზაფხულებს აუცილებლად ვაპირებ პერსონალური გამოფენის გაკეთებას და აუცილებლად იქნება ინსტალაციებით სავსე, საინტერესო, შეიძლება ითქვას უცნაურ გარემოში. ჯერ ასე ჩამოყალიბებული არ ვარ სად იქნება და როგორ, მაგრამ აუცილებლად იქნება განსხვავებული და ძალიან საინტერესო.

ნინი ჭრიკიშვილი

გაზიარება