5 დეკემბერს, 18:30 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (მის: შოთა რუსთაველის გამზ. 3) გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე’’ გაიხსნება.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე გაუძღვებიან.

გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე“ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს ეძღვნება.

ექსპოზიციაზე, უძველეს არქეოლოგიურ არტეფაქტებთან ერთად, პირველად იქნება წარმოდგენილი გვიანანტიკური ხანის (ახ.წ. II-IV საუკუნეების) ოქროს სამკაული, ეთნოგრაფიულ კოლექციაში დაცული საოქრომჭედლო იარაღები და ძვირფასი ლითონის ნაკეთობები. ექსპონატები ზუსტად ასახავს ოქროსა და ზოგადად, ლითონის შესახებ ცოდნის მრავალსაუკუნოვან გზას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე თაობიდან თაობას გადაეცა და საკუთარი ადგილი დაუმკვიდრა ქართულ კულტურას ევროპულ ცივილიზაციაში.

გაზიარება