ჩვენს ქვეყანაში, 2018 წლის 20 ოქტომბრიდან არსებობს ტკბილი სამყარო „გაამოს“. ბევრი მსგავსი ბიზნესის სამყაროში, რთულია, იყო გამორჩეული და, ამასთან, ეს გამორჩეულობა ხარისხსა და კარგ გემოს უკავშირდებოდეს. დღესდღეობით, უპირველესად, ბუნებრივი პროდუქტია მოთხოვნადი. „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს „გაამოს“ დამფუძნებელი და მთავარი კონდიტერი, ნინო შოშიაშვილი პასუხობს:

რას ამზადებთ და რისგან?

ამჟამად, ვამზადებთ ორცხობილებს, რომლებსაც ვრთავთ მინანქრით და მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთს: მაგალითად, საახალწლოდ ნაძვის ხის მოსართავები გვექნება წარმოდგენილი. მომავალში, სხვა ხელნაკეთ ნივთებსა და საკონდიტრო პროდუქციასაც შემოგთავაზებთ.

ვიზუალის იდეები საიდან მოდის? პირად შეკვეთებზე თუ მუშაობთ?

დიახ, ვმუშაობთ პირად შეკვეთებზე, თუ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია ფიზიკურად. ქართველი მომხმარებელი არ არის შეჩვეული მინანქრიან ორცხობილებს. უფრო მეტად, საახალწლო და საშობაო ჯინჯერის ორცხობილებია მათთვის ნაცნობი. მაგრამ სადღესასწაულოდ, რატომღაც, მარციპანით მორთული მაფინები უფრო პოპულარულია საქართველოში. ამიტომ, მომხმარებელს, უმეტესად, ვეშლებით და სხვადასხვანაირად მორთული მაფინების ფოტოებს გვიგზავნიან. გვიწევს მათი ჩანაცვლება ორცხობილების ვარიანტით, რაც, ხშირად, მოსწონთ კიდევაც.
რაც შეეხება იდეეებს. პირადად მე, როდესაც რაიმის კეთებას ვიწყებ, არასოდეს ვიცი, საბოლოო ვარიანტი როგორი გამოვა. იდები პირდაპირ მუშაობის პროცესში მოდის. რა თქმა უნდა, ვეცნობი ახალ ტენდენციებსაც – მაგალითად, როგორ ირთვება ორცხობილები საზღვარგარეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნების მიხედვითაც კი განსხვავდება დიზაინი.
ასევე, მუდმივად ვცდით ახალ რეცეპტებს იმისათვის, რომ უფრო გემრიელი და მრავალფეროვანი ნაწარმი შევთავაზოთ მომხმარებელს.

რით განსხვავდება თქვენი პროდუქცია სხვების ნაწარმისგან?

ჩვენი პროდუქცია, პირველ ყოვლისა, იმით განსხვავდება სხვა ნაწარმისგან, რომ ეს არ არის მოლოდ საკონდიტრო, სადაც შეგიძლიათ ორცხობილა შეუკვეთოთ და მერე გემრიელად მიირთვათ.
ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ და დავაინტერესოთ კულინარიით და – არამარტო. სწორედ ამიტომ ვატარებთ ვორქშოპებს, სადაც მომხმარებელს აქვს საშუალება, თვითონ მიიღოს მონაწილეობა ორცხობილების გაფორმებაში.
ფეისბუქისა და ინსტაგრამის ჩვენს გვერდზე მუდმივად იდება ინფორმაცია ჩვენი ნაწარმის მომზადებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაძლევთ რჩევებს ჩვენს მომხმარებლებს და ვამხელთ საიდუმლოებებს . არაფერია დაფარული. თუ თქვენ გსურთ მოამზადოთ ორცხობილა ჩვენი რეცეპტით, ჩვენ მხოლოდ მადლობლები დაგრჩებით.

მთელს საქართველოს მოიცავთ?

ჯერჯერობით, ძირითადად, თბილისში გვაქვს შეკვეთები, მაგრამ რეგიონებშიც ვაგზავნით. მაგალითად – სულ ახლახან, სოფელ გურჯაანის სკოლაში ჩატარდა ვორქშოპი ჩვენი ორცხობილების გამოყენებით. როგორც გვაცნობეს, ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან. ხუთშაბათს თელავში ვაგზავნით ორცხობილებსა და მოსართავ მასალას, სადაც ამერიკულ კუთხეში ტარდება ღონისძიება ბავშვებისთვის. ერთ ერთი აქტივობა ორცხობილების მორთვა გახლავთ.

ბევრი მომხმარებელი გყავთ?

იმის კვალობაზე, რომ ჯერ ახალი დაწყებული გვაქვს საქმიანობა, ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი. თუმცა, მომავალში, კიდევ უფრო ბევრი ადამიანის დაინტერესებას ვაპირებთ.

რაიმე მხრივ, გაფართოებას თუ გეგმავთ?

ვგეგმავთ, მაგრამ ეს ჯერ მომავლის პერსპექტივაა. ასევე, გვაქვს ჯერ კიდევ გაუხორციელებელი პროექტები, რომლებსაც, ვფიქრობთ, ეტაპობრივად ხორცი შეესხმება. კიდევ გვინდა გავახაროთ ჩვენი მომხმარებელი მრავალფეროვანი პროდუქციითა და ღონისძიებებით.

მარიამ ტიელიძე

გაზიარება