აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შესაძლოა, ადგილობრივი პარაზიტების გამოყენებაც მოხდეს. როგორც ჟურნალისტებს სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, ამ მიზნით უკვე შერჩეულია 4 ადგილობრივი პარაზიტი, რომელიც წლების განმავლობაში თავთავიანი კულტურების მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენებოდა.

მისივე თქმით, შექმნილია ლაბორატორია, რომელიც ამ მიმართულებით კვლევებს 2019 წლის ზამთრიდან დაიწყებს.

„მომავალი წლის სტრატეგია ანალოგიურია, როგორც წლევანდელი წლის, დამატებულია მეცნიერული ნაწილი, რომელიც ბიოლოგიური აგენტების საქართველოში მოძიებასა, ასევე მათი შესაძლებლობების შესწავლას გულისხმობს, თუ რამდენად დააზიანებს მავნებელს ეს ბიო-აგენტები. ღონისძიებების გატარება დაახლოებით, 800 000-1 000 000 ჰექტრამდე გვაქვს გათვალისწინებული. ჩვენ უკვე ვიცით ცხელი წერტილები, სად უფრო ინტენსიურად გამოვა ეს მავნებელი და ეს არის იმერეთის რეგიონი, სადაც მავნებელი სამეგრელოსა და გურიის რეგიონიდან გადავიდა.

ზოგადად, ჯერ კიდევ 40-50-იან წლებში საქართველოში და მთლიანად, სამხრეთ კავკასიაში დაახლოებით, 40-მდე სახეობის პარაზიტია გამოვლენილი, რომელსაც ფაროსნების კვერცხის დაზიანება შეუძლია. მათ შორის 4 არის განსაკუთრებით გამოყოფილი, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა თავთავიანი კულტურების მავნებლის წინააღმდეგ და საკმაოდ წარმატებულადაც. ამ 4-დან შეიძლება ერთ-ერთი შეირჩეს და ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. ესენი არა შემოყვანილი, არამედ, ადგილობრივი მტაცებლები არიან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში ბინადრობენ“.

გაზიარება