გაეროს ქალთა ორგანიზაცია ოზურგეთში ქართველი მწერლების ზღაპრების კრებულს – „იყო ერთი გოგო“ – წარადგენს. შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი ბავშვები დაესწრებიან, კრებულის ერთ-ერთი ავტორი, მწერალი პაატა შამუგია პატარებს ამ წიგნისთვის შექმნილ ზღაპრებს წაუკითხავს.

თანამედროვე ქართული ზღაპრების კრებული – „იყო ერთი გოგო“ – გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა. იგი 12 პოპულარული ქართველი ავტორის 21 ზღაპარს აერთიანებს. ეს არის ამბები ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. ნაწარმოებების პერსონაჟები არიან როგორც ყველასთვის ნაცნობი, ისე ნაკლებად ცნობილი ქალები: კოლხი მედეა, წმინდა ნინო, პირველი ქართველი მფრინავი ქალი რუსუდან ჟორდანია, მარო მაყაშვილი, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე და სხვები. ზღაპრები მათ სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე გვიყვება. პაატა შამუგიას ზღაპრის მთავარი გმირი თამარ მეფეა.

აღსანიშნავია, რომ წიგნში შესულია ქართველი ილუსტრატორების მიერ შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც სპეციალურად ამ კრებულისთვის მომზადდა. ზღაპრები ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ ვებგვერდზეა (saba.com.ge) განთავსებული და ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. დაინტერესებულ მკითხველს ავტორების მიერ გახმოვანებული ზღაპრების ხმოვანი ვერსიების მოსმენაც შეუძლია.

შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას ეძღვნება, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება. იგი პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართება.

გაზიარება