პროფესიული და პიროვნული წარმატება ინდივიდუალიზმშია – რაც უფრო განსხვავებულია ერთი მრავლისგან, მით მეტი გულშემატკივარი ჰყავს მას. იყო საინტერესო, ნიშნავს, გქონდეს ის ბუნებრივი მახასიათებლები, რაც აუდიტორიამდე, შენდაუნებურად, მიდის: მსახიობისთვის – მაყურებლამდე; მხატვრისთვის – დამთვალიერებლამდე; მუსიკოსისთვის – მსმენელამდე. კონსტანტინე კარანაძე ის ადამიანია, ვისთვისაც აუდიტორია მსმენელია – ამ უკანასკნელს ვერ მოატყუებ, ვერაფერს გამოაპარებ და მან საუკეთესოდ იცის, რა გამოარჩევს ერთ შემსრულებელს მეორისგან.

სულ რამდენიმე თვეა, რაც ქართველმა მსმენელმა ის გაიცნო. არც თუ ისე ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი მსმენელთა დიდი ნაწილისთვის ხდება საინტერესო, და ეს უმრავლესობა ენდობა მას, როგორც გამორჩეულს. ბევრისთვის არ არის უცნობი ის, რომ მათი ფავორიტი ბავშვობიდან მღერის, და რომ მისთვის სიმღერა ყოველთვის იყო ის, რაც მუდმივად თან ახლდა.

როგორი იყო კოსტას პირველი მუსიკალური ნაბიჯები? 

„თავიდან, რაღაცებს „ვბოდიალობდი“. როგორც ჩანს, პატარა ასაკში მინდოდა, რომ მუსიკოსი ვყოფილიყავი. დედაჩემი მუსიკოსი იყო. თუმცა, ყოფილი მუსიკოსი ხომ არ არსებობს? დღესაც არის მუსიკოსი და ძალიან უყვარს ის. ჩემი პირველი ნაბიჯი იყო, როდესაც ბებიაჩემმა მიმიყვანა „ხალხურ ხმებში“ – ხალხურ სიმღერაზე. ძალიან ცოტა ხანს ვიარე აქ და, შემდგომ, გარკვეული პრობლემების გამო, თავი დავანებე“.

რა ჟანრის მუსიკალურ გარემოში გრძნობთ თავს განსაკუთრებით კომფორტულად?

არსებობს ჟანრები, რომლებიც, ასე თუ ისე, არ მიყვარს. თუმცა, არც ერთს მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო – ჟანრობრივი დიფერენციაცია ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკისთვის – ფაქტობრივად – ერთი შობს მეორეს. ჩემთვის იდეალური გარემო არის ალტერნატიული, უცნაური, ექსპერიმენტული მუსიკა, ღრმა მუსიკა. ჟანრი – თუნდაც, პოპი. პლუს – ჰიპ-ჰოპის ელემენტები.
ძალიან მიყვარს ბლუზი, ძალიან მიყვარს ჯაზი – ძალიან ბევრს შესაძლებლობას გაძლევს და ძალიან ბევრი რამის საწყისია. ძალიან მიყვარს კლასიკა. დიდად ჩართული და გათვითცნობიერებული არ ვარ, მაგრამ როდესაც ვისმენ თითოეულ ბგერას, უბრალოდ, მბურძგლავს. ძალიან მიყვარს ხალხური სიმღერა – რა თქმა უნდა, როდესაც ვისმენ. სიმართლე გითხრათ, ამ მიმართულებით, მე თვითონ არ ვმღერი, თუმცა – სიამოვნებით ვიმღერებდი. უბრალოდ, ის იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ ვერ ვეხები, სანამ ვოკალი ძალიან ძლიერ და კარგ მდგომარეობაში არ მექნება. სხვათა შორის, მიყვარს ქალაქური სიმღერები. მიყვარს ელექტრონული მუსიკა.

რა საკრავებზე უკრავთ?

ჩემი პირადი ინსტრუმენტი და უსაყვარლესი ინსტრუმენტი არის გიტარა, რასაც, ასე თუ ისე, ვფლობ და ძალიან მიყვარს. ჩემი სიმღერების დიდი ნაწილი გიტარაზე მაქვს დაწერილი. ვუკრავ კლავიშზე. ტექნიკა ძალიან ძლიერი არ მაქვს, მაგრამ ვუკრავ კლავიშზე და ძალიან მომწონს ის. ასევე, ვუკრავ რიტმულ ინსტრუმენტებზე. ძალიან მინდა, ვისწავლო ჩასაბერი ინსტრუმენტი. ძალიან მინდა, ვისწავლო კონტრაბასი, ან ჩელო: მაგარმ, კონტრაბასი უფრო მეტად.

თუ გიცდიათ, თავად შეგექმნათ მუსიკა?

დიახ, მიცდია. ყოველთვის ვცდილობდი, უბრალოდ, მე სათანადო მუსიკალური განათლება არ მქონდა. სხვადასხვა მუსიკალურ განათლებას იღებდნენ ახალგაზრდები და ძალიან დიდი ბაზაა, რასაც იქ ქმნიან. მშობლები უქმნიდნენ ამას შვილებს, რაც მე, სამწუხაროდ, არ მქონია. ამიტომ, გამიჭირდა. თუმცა, ვწერ მუსიკას იმიტომ, რომ, ყოველდღიურად, ძალიან ბევრი იდეა და აზრი მაწუხებს. ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი ყველასთვის. ყველა შექმნილ სიტუაციაზე მაქვს სასაუბრო. ხელოვანი ადამიანი ყოველთვის განსაკუთრებულად მგრძნობიარეა ნებისმიერი საკითხის მიმართ. ძალიან ბევრი ვთქვი ჩემს მუსიკაში, ძალიან ბევრი კი ჯერაც არ მითქვამს.

რა გამოცდილება გაქვთ მუსიკალურ კონკურსებში?

მუსიკალურ კონკურსებში გამოცდილება, ფაქტობრივად, მაქვს ნულის ტოლი იმიტომ, რომ არცერთ მათგანში მქონდა მონაწილეობა მიღებული. „მხოლოდ ქართული“ ჩემთვის პირველი პროექტი იყო. ვფიქრობ, წარმატებული აღმოჩნდა. ეს ჩემი პირველი შეხება იყო ხალხთან – ასე ძლიერად. ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა. ბებიაჩემმა რომ „გამაგდო“ სახლიდან. ხომ იცი, როგორ მიყვარს ქართული მუსიკა და გადი, თორემ სახლში არ მოგიშვებო. ქასთინგის დღეები იყო შაბათი და კვირა. შაბათს არ გავედი იმიტომ, რომ არ ვაპირებდი, საერთოდ. კვირასაც არ მივდიოდი და ოთხ საათზე „გამაგდო“ სახლიდან. ვეუბნებოდი, რომ უკვე დამთავრებული იქნებოდა. მივედი და დასრულებული არ იყო. ასე მოვხვდი ამ პროექტში, რაც ძალიან მიხარია.

მსმენელს ძალიან მოსწონს თქვენი ინდივიდუალიზმი. ამ მხრივ, თქვენი შეფასებით, კონკრეტულად რა მოწონთ?

ვფიქრობ, მოსწონს ხალხს ჩემი ინდივიდუალიზმი, რადგან აფიქსირებენ მსგავს მოსაზრებებს. განსაკუთრებით, ქუჩაში, ძალიან დიდი სითბო და სიყვარული მიგრძნია. უამრავი თბილი შეტყობინება და შეფასება მომსვლია. ამის გამო მე უმადლიერესი ვარ ხალხის. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მათ. ინდივიდუალიზმს რაც შეეხება, ალბათ, ის გულწრფელობა მოსწონთ. ძალიან მეუხერხულება ამაზე საუბარი. ალბათ, მოსწონთ ჩემი ხედვა, ჩემი ნამღერი – როგორი შინაგანი სამყარო მაქვს, როგორ გადმოვცემ…

კოსტა და ქართული მუსიკა – „კოსტა და ქართული მუსიკა არის ძალიან გადაკვეთილი იმიტომ, რომ მივიჩნევ, ქართული მუსიკა ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან. მხოლოდ ქალაქური სიმღერები, ფოლკლორი და ეს ჟანრები არ არის ქართული მუსიკა. ქართული მუსიკა არის ბლუზიც, პოპიც, ჯაზიც… რეალურად, ჩემი სიმღერა და ჩემი მუსიკაც ქართული, უბრალოდ – სხვა ჟანრია, რაც, სამწუხაროდ, ქართველებს არ გვაქვს. ან გვაქვს – თუმცა, ძალიან მწირი. არიან, ამ მიმართულებებით, ძალიან ნიჭიერი არტისტები. მეც, მუსიკალურად, ჟანრობრივი უმცირესობის წარმომადგენელი ვარ. ამიტომ, ამას ნაკლებად უწოდებენ „ქართულ მუსიკას“. მე არ ვეთანხმები, რომ მხოლოდ ფოლკლორული, „სუფრის“ სიმღერები უნდა იყოს ქართული მუსიკა. ქართული მუსიკა არის ზუსტად ის ჟანრებიც, რაც მე ზემოთ ჩამოვთვალე.

გარდა სიმღერისა, რის კეთება გსიამოვნებს?

ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში. მუსიკოსობასაც მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ფეხბურთელობასაც – ძალიან ბევრი. კალათბურთის გუნდშიც ვიყავი და მასაც დიდი სიამოვნებით ვთამაშობ. ძალიან მიყვარს სპორტი – სისხარტე, აზროვნება. ვცხოვრობ ცხოვრების ჯანსაღი წესით – არ ვეწევი, არ ვსვამ… უბრალოდ, სამწუხაროდ, ვეგეტარიანელი არ ვარ და დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი. მიყვარს პინგ-პონგის თამაში. ასევე – ჩემს მეგობრებთან ერთად – სიცილი, გართობა, ურთიერთობა, კომუნიკაცია და, რა თქმა უნდა – სწავლა.

ამ ეტაპზე, რით ხართ დაკავებული?

ამ ეტაპზე, პროექტის შემდეგ და პროექტამდეც, მქონდა გარკვეული შემოთავაზებები – ზოგზე უარი ვთქვი, ზოგზეც – არა. ვსწავლობ, ვარ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტი – მუსიკის ფაკულტეტზე. ვსწავლობ ჯაზს. იყო მომენტი, როდესაც შევიჩერე სტუდენტის სტატუსი და წავედი პოლონეთში . ვიყავი საქართველოს წარმომადგენელი და პრეზენტაციებს ვაკეთებდი საქართველოს შესახებ პოლონეთში და ვასწავლიდი მათ ინგლისურს. შემდეგ, ჩამოვედი და პროექტში მივიღე მონაწილეობა. პროექტის შემდეგ, წავედი ბელგიაში და აქაც ვიყავი საქართველოს წარმომადგენელი. იქაც ვაკეთებდი პრეზენტაციებს და მაქსიმალურად ვაცნობდი ჩვენს კულტურასა და ჩვენს ტრადიციებს.

შემდეგ, გადავწყვიტე სტუდენტის სტატუსის აღდგენა და გავაგრძელე სწავლა. ამ ეტაპზე, კვლავ ვსწავლობ უნივერსიტეტში. ასევე – ნიკოლოზ ლეჟავასთან ვსწავლობ გიტარას, რომელიც ფანტასტიკური და გენიალური გიტარისტის და საქართველოში ჩემთვის მას ბადალი არ ჰყავს. ვსწავლობ სოლფეჯიოს, მუსიკის სიღრმეებს. მინდა, ახლა მაინც მივიღო ის მუსიკალური განათლება, რაც ადრე დამაკლდა და არ მქონია. ასევე, ვწერ მუსიკას და ვცდილობ, გავვითარდე – მეტი ვისწავლო. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ – ჩემი მთავარი საქმიანობა ფიქრია. ძალიან მიყვარს ფიქრი. სულ ვფიქრობ და სულ განვიცდი.

მარიამ ტიელიძე

გაზიარება