ავტობანი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, ეს არის გზა, რომელსაც დასასრული არ უჩანს, არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობით.
ჯერ კიდევ 2006 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (თბილისი-სენაკი-ლესელიძის) მშენებლობა დაიწყო, პერიოდულად მას ემატებოდა სხვადასხვა მონაკვეთები საქართველოს მთლიანი მასშტაბით.

ავტობანის პროექტი, რომლის საერთო სიგრძე 390 კილომეტრია, გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც საგზაო დეპარტამენსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ტენდერებმა და სხვა ფორმალურმა პროცედურებმა გააჭინაურა ეს პროცესი. ასე რომ ავტობანის საბოლოო პროექტის დასრულებამდე კიდევ ორი წელია დარჩენილი.

როგორც დასკვნები და მონიტორინგის შედეგები აჩვენებს მაგისტრალის ზოგიერთ მონაკვეთზე სამუშაოები დაუსრულებელი ან უხარისხოდ შესრულებულია, რაც საკმაოდ ბევრ პრობლმეას უქმნის გზის პირას მცხოვრებ ოჯახებსა და სოფლების მაცხოვრებლებს.

ორი კვირის წინ ხაშურის სოფლებზე გამავალი ავტობანის ნაწილზე მიმდინარე სამუშაოები შეწყდა, ადგილი დატოვა მუშებმა და მძიმე ტექნიკამ, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში ასრულებდა გზის დაგების სამუშაოებს. როგორც გზების დეპარტამენტში განუცხადეს “თბილისი თაიმსს”, მაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობა დროებით შეჩერებულია ფინანსური პრობლემების გამო, რადგან როგორც განმარტავენ, იტალიურმა კომპანიამ , რომელსაც დაევალა კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების ჩატარება , ვერ შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება. საქმე გამოძიების ეტაპზეა. სამუშაოები გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული, შესაძლოა დაინიშნოს ახალი ტენდერი ახალი კომპანიის გამოსავლენად, მანამდე კი ხაშურის ოთხი სოფლის მოსახლეობა კვლავ დიდი პრობლემების წინაშე რჩება, რაც არასწორად და გაუმართავად მიმდინარე საგზაო სამუშაოებმა შექმნა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ზედამხედველობის ტენდერში იტალიურმა კომპანიამ – „IRD ENGINEERING” – გაიმარჯვა. 14 კმ-იანი გზა ზემო ოსიაურიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამსა და ჩუმათელეთს და პირდაპირ რიკოთის გვირაბს დაუკავშირდება.
ურთხვა, ბიჯნისი, ზეკოტა და ბუღაურა ხაშურის რაიონში, სურამის თემში მდებარეობს. უკვე ერთი წელია, რაც ავტობანის გარკვეული მონაკვეთის მშენებლობამ ეს სოფლები და მისი მაცხოვრებლები ერთმანეთისგან გაყო, გაართულა მათი ყოველდღიური ცხოვრება და პრობლემების ჩამონათვალს კიდევ ახალი დაბრკოლებები დაუმატა .

კონკრეტულად რა პრობლემები შექმნა არასწორად დაგეგმილმა ავტობანმა ხაშურის ოთხ სოფელში და რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება ადგილობრივებს, ამ და სხვა თემებზე “თბილისი თაიმსს” ესაუბრა 78 წლის დარიკო თოდრია, რომელსაც სახლში აქვს ურთხვაში და ხშირად სტუმრობს სოფელს და მეზობლებს.

„ უკვე ერთი წელია ჩვენ სოფლებში მიდის გზის მშენებლობა აქტიურად , თავიდან ხალხი აყარეს, გადაასახლეს სხვა ადგილას, დავრჩით შვიდი ოჯახი გზის აქეთ მხარეს და ფაქტობრივად, დავკარგეთ მისასვლელი გზა ჩვენ სალოცავთან და სასაფლაოებთანაც კი, რომელიც საკმაოდ მოშორებითაა ისედაც ჩვენი სოფლებიდან.

მოსახლეობასთან ამ გზის პროექტი არავის შეუთანხმებია, იქ მცხოვრები არ იცნობდნენ ზუსტად ინფორმაციას ამის შესახებ, ისიც კი არ ვიცოდით ზუსტად გზა სად გავიდოდა, როგორ და რა ვადებში. თუმცა ის ვიცოდით რომ ავტობანის პროექტი ითვალისწინებს გადასასვლელების გაკეთებას, რომელიც აადვილებს მოძრაობას და ხელს არ უშლის მოსახლეობას, რომ აკეთოს საკუთარი საქმე.

მაგრამ ჩვენ შემთხვევაში პირიქით მოხდა. არასწორად დაიგეგმა ეს ავტობანის გადასასვლელებიც და პატარა გვირაბი გაკეთდა ხიდის ქვეშ, რომელშიც გაძრომა ფაქტობრივად შეუძლებელია. სხვა შემთხვევაში შემოვლითი გზებით გვიწევს სიარული ელემენტარულად, რომ მივიდეთ ნათესავებთან, ახლობლებთან ან ტაძრის მოსალოცად. ეს დროის მხრივაც ქმნის პრობლემას, უფრო მეტი დრო გვჭირდება სამოძრაოდ და ფინანსურადაც საკმაოდ რთულია, რადგან ადრე თუ პირდაპირ შეგვეძლო დანიშნულების ადგილამდე მისვლა, ახლა უკვე 10-15 ლარი უჯდება ადამიანს ეს გადაადგილება.

გამოუსადეგარია ის გადასასვლელი, რომელიც გააკეთეს ჩვენი სოფლებიდან საკმაოდ მოშორებით, დაახლოებით 2 კილომეტრში. ეს არასწორი დაგეგმვაა და ბევრ დაბრკოლებას ქმნის აქაური მაცხოვრებლებისთვის. არა მხოლოდ მძღოლებისთვისაა ზედმეტი ხარჯი, ასევე გლეხებისთვის, რომლებიც ურმებით მიდიან ტყეში, ამუშავებენ ნაკვეთებს და შრომობენ ლუკმა პურის საშოვნელად.

მოსახლეობა აღშფოთებულია ამ უყურადღებობით და უპასუხისმეგბლობით, რომელსაც შესაბამისი უწყებები იჩენენ და იმ აზრამდე არიან მისულები, რომ მშენებლობას შეუშალონ ხელი. ამ მდგომარეობამდე ხალხი ბევრმა პრობლემამ და გართულებულმა ცხოვრებამ მიიყვანა.

ჩვენ ბევრ გზას მივმართეთ, რომ ხმა მიგვეწვდინა ყველასთვის და გვეცნობებინა ჩვენი პრობლემის შესახებ. ვიყავით სურამის მერიაში, საგზაო დეპარტამენტშიც მივედით და თვენახევრის დაგვიანებით გამოგზავნეს წარმომადგენელი, რომელიც შეხვდა სოფლის მოსახლეობას და აუხსნა, მათ რომ ამჟამად არ აქვთ რესურსი უფრო ახლოს მანძილზე და მოსახერხებელ ადგილას გააკეთონ გადასასვლელები გადასაადგილებლად. 300 კაცის ხელმოწერით განცხადება გვაქვს დაწერილი და შესაბამის უწყებებში შეტანილი. მივმართეთ ყველას და ვცდილობთ ამის შესახებ გაიგოს იმ ადამიანებმა, ვისაც ხელი მიუწვდება ამ საქმეზე.
პარადოქსი ისაა, რომ ამ სოფლებიდან წარმოშობით ჩვენი პარლამენტარები და დეპუტატები არიან და თვით მათ ინტერესებშიც კი ვერ შევიდა ეს საქმე. გოგა ხაჩიძე, ალეკო ტაბატაძე და კიდე რამდენიმე პარლამენტარი სწორედ ამ სოფლებში ცხოვრობდა წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად, ყურადღება კი ნაკლებად ეთმობა ამ სოფლებს და საქმეც ნაკლებად კეთდება.

მთელი წლის განმავლობაში, რაც დაიწყო ამ გზის მშენებლობ,ა ბევრი პრობლემა შეექმნა ჩვენ სოფლებს. გაუმართავი სამუშაოები ქმნის შეფერხებებს არა მხოლოდ გადაადგილებისას, ასევე ელექტროენერგიის მოწოდებასაც ზღუდავს და ბევრ სხვა სირთულეს ქმნის ჩვენი სოფლების მოსახლეობისთვის.

როგორც გავიგე ადგილობრივებისგან, თვითონ ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც არ იყო გამართული, მათ შორის დაფიქსირდა მუშებისთვის ხელფასის არ გადახდა და გაურკვევლობები. ეს, რა თქმა უნდა, ამ პროექტს, რომელიც თავისი არსით საინტერესო და საჭიროც კია ჩვენი ქვეყნისთვის, უკარგავს ღირებულებას და ხიბლს. მოვითხოვთ, რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნები, სწორად გაგრძელდეს სამუშაოები და ადგილობრივებს, რომლებსაც ისედაც ბევრ დათმობაზე მოუწიათ წასვლა გზის მშენებლობისთვის, თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება სალოცავებსა და ახლობლების მოსანახულებლად მეზობელ სოფლებში. „

ანა ურუშაძე

Please follow and like us: