დღევანდელ რეალობაში, ბევრი ფიქრობს, რომ დასჯა გამოსავალია. დასჯა გამოსავალია ნებისმიერ შემთხვევაში. არც თუ ისე ბევრი, თავს იმ ადამიანის ადგილზე წარმოიდგენს, რომელიც დამოკიდებულია სიცოცხლისთვის სახიფათო სხვადასხვა ნივთიერებაზე. ეს მცირე რიცხვი ცდილობს ამ ადამიანების რეაბილიტაციას ნაცვლად იმისა, რომ, „დამნაშავის სტატუსმა“, მათ ყოველდღიურობაში ხელი შეუშალოს.
„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს პასუხობს ირმა კახურაშვილი – სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი, კომუნიკაციების მენეჯერი პროექტისა „აღმოვფხრათ ხარვეზები: მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად“ (პროექტი ხორციელდება საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომას“ ბაზაზე).
როგორია გრემის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის ისტორია?
კახეთში, სოფელ გრემში არსებული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი დამოკიდებულების მქონე ადამიანებს ემსახურება. ჩვენს რეალობაში, ეს არის პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი ცენტრი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და, რაც მთავარია, უფასოა. აქ მოხვედრა, სქესის მიუხედავად, ნებისმიერ მსურველს მხოლოდ ორი ძირითადი პირობით შეუძლია – მას უნდა ჰქონდეს მოხსნილი ფიზიკური დამოკიდებულება ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, ან რომელიმე ფსიქო-აქტიურ ნივთიერებაზე. ასევე, უნდა ჰქონდეს სურვილი იმისა, რომ იყოს ფხიზლად.
„გრემის ცენტრის“ ძირითადი კონცეფციაა, დაეხმაროს დამოკიდებულების მქონე ადამიანს ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დაძლევაში როგორც პროგრამით „12 ნაბიჯი“, ისე – არტ-და შრომითი თერაპიებით. გრემში ჩასვლა და გრემიდან წასვლაც ემყარება ნებაყოფილობითობის პრინციპს. თუმცა, თუ ადამიანმა მყარად გადაწყვიტა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გავლა გრემში, აქ დარჩენის ვადებს ის სპეციალისტებთან ერთად განსაზღვრავს. გრემის ცენტრში ბენეფიციარს შეუძლია, დაჰყოს სამ თვემდე: საჭიროების შემთხვევაში – უფრო ნაკლები, ან – ცოტა მეტი.
ცენტრის ბენეფიციარის სიფხიზლეზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი – სპეციალურად მომზადებული ინსტრუქტორები, ფსიქოლოგი, არტთერაპევტები.
ცენტრის დაარსებიდან დღემდე, აქ უკვე გაიარა რეაბილიტაცია 30-ზე მეტმა ადამიანმა. ჯერჯერობით – მხოლოდ მამაკაცებმა, რადგან ცენტრისთვის ქალ მსურველს არ მიუმართავს. ცენტრი არ ემსახურება არასრულწლოვნებს.
გრემის ცენტრის კოორდინატორი გახლავთ ვაჟა კასრელიშვილი, პროფესიით – ექიმი. ცენტრის გახსნის იდეა მას ჯერ კიდევ 2001 წელს გაჩენია მას შემდეგ, რაც პოლონეთში მსგავსი სარეაბილიტაციო დაწესებულებების ქსელი უნახავს. შემდეგ, უკრაინაში ერთ-ერთი მივლინების დროს, დაბა ზნამენკის სარეაბილიტაციო ცენტრშიც მოხვდა და იქაურ ბენეფიციარებთან ერთად ორი კვირა დაჰყო. დარწმუნდა, რომ ასეთი ტიპის დაწესებულება საქართველოსთვის, სადაც მსგავსი ტიპის სერვისები, პრაქტიკულად, არ არის გავითარებული და მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ დღის ცენტრებს მოიცავს, აუცილებელი იყო.
აქვე, შეგახსენებთ, რომ, ოფიციალური მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში 52 ათასამდე პრობლემური ნარკოტიკის მომხმარებელია, 22 ათასი ოპიოიდების მომხმარებელი, ხოლო ე.წ. სააფთიაქო ნარკომომხმარებლებისა და მარიხუანას მომხმარებლების რიცხვი კი არც ვიცით. ქვეყანაში არ გახორციელებულა სრული დეკრიმინალიზაცია. მაშასადამე, კანონით, მომხმარებელი კვლავ მიიჩნევა დამნაშავედ, რომელსაც ხელისუფლება არ ცნობს დაავადებულ პირად, არ აღიარებს მისი ჯანმრთელობის უფლებებს, არ სთავაზობს ხელმისაწვდომ და ფართომასშტაბიან სამკურნალო, მით უფრო – მრავალფეროვან სარეაბილიტაციო პროგრამებს, როგორც ეს სხვა ცივილიზებულ ქვეყნებშია.
დღეს გრემის ცენტრი პროექტის „აღმოვფხრათ ხარვეზები: მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად“ ერთ-ერთი ნაწილია. ცენტრი მთელი დატვირთვით 2016 წლიდან ამოქმედდა. მანამდე კი მისი შენობა „თანადგომამ“ საკუთარი სახსრებით, კერძო პირისგან შეიძინა. ნელ-ნელა გაიმართა შენობის ინფრასტრუქტურა, კეთილმოეწყო და გახდა კომფორტული. შენობა სამსართულიანია. მესამე სართულზე ჯერ კიდევ იგეგმება ბიბლიოთეკისა და სპორტული აქტივობებისთვის სივრცის მოწყობა. ამისათვის ვეძებთ დონორს. ასევე, ევროკავშირის დახმარებით, ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა დამატებითი ნაგებობა, სადაც ბენეფიციარები თიხაზე მუშაობენ.
პროექტის ძირითადი მიზანი დამოკიდებული ადამიანების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. ამ შესანიშნავი წამოწყების ფინანსურ მხარდაჭერას ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჰოლანდიური საქველმოქმედო ფონდი „შიდსის ფონდი აღმოსავლეთი-დასავლეთი“ (AIDS Foundation East-West, AFEW) უზრუნველყოფს. ვაჟა კასრელიშვილი კი დღესაც ამ პროექტის კოორდინატორია. გრემი და გრემელები მეც მისი დახმარებით, ჩემი პროფესიული დაინტერესების დროს გავიცანი. ვაჟას, ამ არაჩვეულებრივ და მშრომელ ადამიანს, მომავალშიც აქვს დაგეგმილი გრემის გაძლიერება. გეგმავს სხვადასხვა მეურნეობის გამართვას, მაგალითად, მეფუტკრეობის და მეფრინველეობის გავითარებას, რადგან, ადრე თუ გვიან, პროექტი დასრულდება და ცენტრს საკუთარი თავის შენახვა მოუწევს.
რა გარემოებებმა განაპირობა ამ ტიპის ცენტრის შექმნის საჭიროება?
გრემის სარეაბილიტაციო ცენტრი სათემო-სარეაბილიტაციო დაწესებულებაა. აქ დასაქმებულები არიან ყოფილი მომხმარებლები. სარეაბილიტაციო პროგრამას უძღვებიან ისინი, ვინც დამოკიდებულება დაამარცხა, გაიარა ეს რთული გზა და ახლა შეუძლია, სხვასაც დაეხმაროს ამაში. ეს არ არის სამედიცინო დაწესებულება, სადაც დეტოქსიკაციას გაივლი და „ლომკას“ მოგიხსნიან. აქ ცდილობენ, რომ უარი თქვა მოხმარებაზე და თუ ბოლომდე ვერ იტყვი, მაშინ, რაც შეიძლება, დიდხანს შეინარჩუნო სიფხიზლე. ყველა სერვისი სწორედ ამაზეა მომართული – კითხვა იქნება ეს, თემატური ფილმის ყურება, არტთერაპია, ფსიქოლოგთან მუშაობა, მიწის დამუშავება, თუ – თავისუფალ დროს, უბრალოდ, შენს განვლილ ცხოვრებაზე ფიქრი და მისი გადაფასება.
გრემში ადამიანი წყდება იმ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს, იყოს მომხმარებელი. ნარკოტიკების, ან ალკოჰოლისადმი მაპროვოცირებელი მომენტები მინიმუმდეა დასული. გრემი იმედია იმისა, რომ ცენტრიდან გასული პირი დაუბრუნდება ოჯახის წევრებს, საზოგადოებას, გახდება მათთვის საჭირო და სასარგებლო, აღადგენს საკუთარი ძალებს, უნარებს და იგრძნობს თავს არა „ვიღაც ნარკამანად და ალკოჰოლიკად“, არამედ ადამიანად.
ამ ცენტრის საჭიროებაც აქედან მოდის. სამყარო მიმართულია ჰუმანიზაციისკენ და არა – ადამიანების დასჯისკენ. დასჯა არ ხსნის არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, არ უბიძგებს ადამიანს ფხიზელი ცხოვრებისკენ. დასჯა არ არის რემისიის გარანტია. დამოკიდებულებასთან გამკლავება სხვა მიდგომებს მოითხოვს და ეს მიდგომები მრავალნაირია, ეფექტიანიც.
საქართველოში წამალდამოკიდებულებას მხოლოდ ორი მეთოდით მკურნალობენ – დეტოქსიკაციითა და ჩანაცვლებითი თერაპიით. ეს უკანასკნელიც, კონკრეტულად, ოპიოიდებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რის მერეც სახელმწიფო გთავაზობს ორ-სამკვირიან ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, რაც არ ითვალისწინებს ბენეფიციართან 24-საათიან კომუნიკაციას. ასეთი რეაბილიტაცია საკმაოდ უშედეგოა და უფრო – ფორმალური ხასიათის.
გრძელვადიანი, სადღეღამისო დაკვირვებით, ბენეფიციარს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გავლა მხოლოდ გრემში შეუძლია.
მსოფლიო პრაქტიკა უკვე მრავალი წლის მანძილზე ადასტურებს, რომ დამოკიდებულებასთან მებრძოლ ადამიანებში საუკეთესო შედეგები სწორედ გრძელვადიანი რეაბილიტაციით და, თანაც, ქალაქგარეთ არსებულ ცენტრებში მიიღწევა.
ვფიქრობ, ჩვენ მოვესწრებით დროს, როდესაც სახელმწიფო გამოიჩენს ნებასა და ინიციატივას, გახსნას მსგავსი ცენტრები. ამას მოიტანს დეკრიმინალიზაცია, რომელიც ბუნებრივად და უფრო ხილულად წარმოაჩენს ასეთი ცენტრების საჭიროებას. საჭიროება ახლაც არსებობს, მაგრამ სახელმწიფო და, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო, გვერდს უქცევს ამ საკითხს. არადა, გამართული, კარგად აწყობილი სარეაბილიტაციო სისტემა ზრდის იმის ალბათობას, რომ მომხმარებელმა მიიღოს ასეთი ტიპის სერვისები, ებრძოლოს თავის დაავადებას და დაუბრუნდეს საზოგადოებას. დღევანდელი რეპრესიული კანონმდებლებით, ამ ადამიანებს კიდევ უფრო ვრიყავთ იმ ნაპირზე, საიდანაც, შესაძლოა, ვეღარასდროს დაგვიბრუნდნენ.
რა მიზნებზეა ორიენტირებული ცენტრი?
ცენტრის მიზანია საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის – დამოკიდებულ პირთა მხარდაჭერა, მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია. ცენტრი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ იქედან გამოსული ადამიანი საბოლოოდ იტყვის უარს ნარკოტიკების, ან – ალკოჰოლის მოხმარებაზე. მაგრამ ცენტრის პროფესიონალთა გუნდი, სხვადასხვა მეთოდოლოგიით, ეცდება, გაააზრებინოს ადამიანს, რომ გამოფხიზლება, ფხიზლად ცხოვრება და სიფხიზლის შენარჩუნება პოზიტიური ცვლილებების მომტანია მისთვის და სოციუმისთვის. საბედნიეროდ, ცენტრს, უმეტესად, მიმართავენ ის ადამიანები, ვისაც სიფხიზლის სურვილი აქვს, ვინც აცნობიერებს იმ რისკებსა და საფრთხეებს, რის წინაშეც შეიძლება დადგეს.
ცენტრის ყველა ბენეფიციარი რეჟიმულად ცხოვრობს. მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე აქტივობაშია ჩართული. მას აქვს დრო და ყველა პირობა ფიქრისთვის.
რატომ იკავებენ თავს ის ადამიანები, ვინც საჭიროებენ ამ ტიპის მომსახურებებს იმისგან, რომ მიმართონ შესაბამისი დანიშნულების ცენტრს?
კარგი კითხვაა, რადგან ცენტრში, ერთდროულად, 12 ბენეფიციარი არასოდეს ყოფილა. ჩემი აზრით, ორ მთავარ მიზეზთან გვაქვს საქმე: პირველი – გრემის შესახებ ბევრმა მომხმარებელმა არც იცის. ჩვენ ახლა ვცდილობთ საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევას და ვამბობთ ყველგან: გრემი არ არის მითი, ის რეალობაა! მეორე მიზეზად მიმაჩნია საზოგადოდ ფსიქო-რეაბილიტაციის კულტურის არარსებობა. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ საკმარისია ადამიანმა აბსტინენციის სინდრომი სტაციონარში მოიხსნას და ეს მისთვის საკმარისი იქნება. რასაკვირველია, ეს ასე არ არის. ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა არ განაპირობებს იმას, რომ ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაც აღარ არსებობს. აუცილებელია მკურნალობის კიდევ ერთი რგოლი – ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, რომელიც, რაც უფრო ხანგრძლივი იქნება, მით უკეთესი. ბევრ ქვეყანაში ასეთ ცენტრებში არსებობს ექვსთვიანი სარეაბილიტაციო პროგრამები, რომლებიც მართლაც კარგ შედეგს იძლევა.
რა იგეგმება სამომავლოდ ცენტრთან დაკავშირებით?
გრემს ბევრი გეგმა აქვს: ინფრასტრუქტურის მოწყობა, მესამე სართულის რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა. ასევე – არსებული შტატის გაძლიერება და მათი უწყვეტი პროფესიული გავითარება. ცენტრი გააგრძელებს თიხის ნამუშევრებზე მუშაობას და ეცდება, რომ მეურნეობის გავითარებაზეც იზრუნოს. მთავარია, ცენტრმა უზრუნველყოს მდგრადობა, რისთვისაც ეცდება, მოლაპარაკება და საქმიანი კომუნიკაცია დაამყაროს ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
მარიამ ტილეიძე