არსებობს საქმიანობები, რომლებიც მთელი მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი, სასურველი და მისაღებია. თუმცა, ამასთან, არსებობს პროფესიები, რომლებიც ამდენად პოპულარული არ არის. მეთოჯინეობა საქართველოში, ჯერ კიდევ, ახლა დგამს საწყის ნაბიჯებს. აწარმოო ხელნაკეთი – განსაკუთრებულ კრეატივს, ნიჭს, გამოცდილებას, ხედვას, მოთმინებას, ინტერესსა დამ რაც ყველაზე მთავარია, შინაგან სურვილს მოითხოვს.
ამ ეტაპზე, ჩვენს ქვეყანაში სწორედ თოჯინების გამოფენა მიმდინარეობს. 10-დან 14 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე, დილის 11 საათიდან საღამოს 6 საათამდე, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ დაათვალიეროს წარმოდგენილი ნამუშევრები.
„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს მეთოჯინე, გამოფენის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მაკო გნოლიძე პასუხობს.
ვისი ინიციატივით ეწყობა ეს გამოფენა?
გამოფენა მიმდინარეობს „ფოლკლორის ცენტრის“ ინიციატივით. მეც სწორედ მათ მომიწვიეს. ფოლკლორის ცენტრი ხშირად აწყობს მსგავს გამოფენებს. მადლობა მათ მოწვევისთვის. დამითმეს ერთი მთლიანი დარბაზი, სადაც წარმოდგენილია ჩემი 27 თოჯინა. ასევე – საახალწლო აქსესუარები, გვირგვინები და ხელნაკეთი სამკაულები და ბროშები.
თქვენი რა ნამუშევრებია გამოფენილი?
აქ წარმოდგენილი მაქვს, შედარებით, ადრინდელი ნამუშევრებიც და, რა თქმა უნდა, ახლებიც. არის ძალიან საინტერესო ექსპოზიცია. დამთვალიერებელი აუცილებლად დაიმუხტება დადებითი ემოციებით. მოწყობილია ულამაზესი საახალწლო გარემო. ახალი წელი ხომ დიდსა და პატარას – ყველას ერთნაირად ახარებს. სამი დღის მანძილზე, დიზაინერთან ერთად ვამზადებდით ჩვენ ამ დარბაზს. ბევრი შრომის შემდეგ, მართლაც არაჩვეულებრივი გარემო შეიქმნა მეთოჯინეებისა და დამთვალიერებლებისთვის.
რა მიზანი აქვს ამ გამოფენას?
რამდენიმე წლის წინ, არც ისე დიდი იყო ინტერესი თოჯინების მიმართ საქართველოში. ახლა, ნელ-ნელა, უკვე გაიზარდა მათი დაინტერესება. მე ვხედავ, რომ ეს ყველაფერი ხალხს მოსწონს. და ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და სტიმულისმომცემი.
რატომ არის საინტერესო ამ ტიპის გამოფენები და რამდენად ხშირად ეწყობა ისინი ჩვენ ქვეყანაში?
სასურველია, უფრო ხშირად მოეწყოს მსგავსი გამოფენები, რომ მიეჩვიოს ხალხი, თუ რა არის თოჯინა – რომ ის არის არა სათამაშო, არამედ – არის არტობიექტი, რომელიც უნდა ამშვენებდეს ინტერიერს.
ბიზნესის დონეზე, რამდენად პოპულარული საქართველოში მეთოჯინეობა?
მე ვფიქრობ, რომ ბიზნესის თვალსაზრისითაც მომგებიანია ეს თემა. მე მყავს რამდენიმე კოლექციონერი. მათ უკვე არაერთი თოჯინა აქვთ ჩემი საკუთარი ნამუშევრებიდან..
ყველაფერს ვუყურებ მომავლის იმედით. მინდა, ყველა მეთოჯინეს ვუსურვო წარმატება საქმიანობაში – რომ დაფასდეს მათი შრომა.
მარიამ ტიელიძე