ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ მუშაობა ლიზინგის და ფაქტორინგის კანონმდებლობაზე, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება და მცირე მეწარმეებს საშუალებას მისცემს, ფინანსური ინსტრუმენტებით უფრო აქტიურად ისარგებლონ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ ინტერნეტმომხმარებლის კითხვას, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები ჭარბვალიანობასთან ბრძოლის მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ლიზინგის და ფაქტორინგის მიმართლებით ახალი რეგულაციები ძალაში მომავალი წლის 1-ლი მარტიდან შევა.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ უნდა მოვაგვაროთ ჭარბვალიანობის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ. რა თქმა უნდა, სოლიდარობის აქტი იყო ყველაზე პრინციპული და აღსრულების თვალსაზრისით ყველაზე რთული ნაბიჯი. დანარჩენი შეეხება ახალი, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ მოქალაქეების ასეთი რაოდენობა ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ლიზინგის და ფაქტორინგის განვითარების ნაწილში. მცირე მეწარმეები, რომლებიც იყვნენ ე.წ შავ სიაში, ვერ სარგებლობდნენ ამ სერვისით. ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ ლიზინგის და ფაქტორინგის კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება“, – აღნიშნა პრემიერმა.

Please follow and like us: