ყველასთვის ცნობილია, რომ მოქალაქეებს წარედგინებათ ხოლმე ანგარიში იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მან „დაიქირავა“ და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებიც მათ კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს.

არაერთი ცვლილების კვალდაკვალ, საფინანსო სექტორშიც გვაქვს ახალი შედეგები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის დონემ 1,9 პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე “თბილისი თაიმსთან” საუბრისას განმარტავს, რომ  რაც უფრო დაბალია ინფლაციის დონე, მით უფრო სასარგებლოა ეს ქვეყნისთვის. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინვესტორებისთვის, რაც, ბუნებრივია, ქართული ეკონომიკის გავითარებას ხელს მნიშვნელოვნად უნდა უწყობდეს. მისივე შეფასებით, ეს გარემოება დადებით ეფექტს ახდენს ბიზნესის წარმოებისა და გავითარებისთვის, თუმცა, არც ნულთან მიახლოებული ინფლაციაა, მაინცდამაინც, სახარბიელო ჩვენი ქვეყნისთვის.

რის საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას იაფად შემოტანილი საქართველო?

იაფად შემოტანილი საქონელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფასების დონე ქვეყანაში იყოს გაცილებით სტაბილური. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ერთი ბარელი ნავთობი გაიაფდა 83 დოლარიდან 59 დოლარამდე (ახლა, შედარებით, მოიმატა). ამან მოგვცა საშუალება, რომ, საშუალოდ, ერთ თვეში, იმავე რაოდენობის ნავთობპროდუქტების იმპორტირებისთვის, ნაკლები დახარჯულიყო ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან . საქართველო არის ენერგომატარებლების მატარებელი ქვეყანა.

ამ მიმართულებით, საქართველო რა მარაგს ფლობს?

ჩვენი, ადგილობრივი წარმოება რომ ავიღოთ, ნავთობს ვაწარმოებთ იმდენს, რომ ახალ წელს, ღამის 12 საათზე რომ დავიწყოთ ჩვენ მიერ წარმოებული ნავთობის მოპოვება, გვეყოფა, ასე, 10 იანვრამდე. ჩვენ მიერ წარმოებული გაზის მოხმარება კი, ღამის 12 საათზე რომ დავიწყოთ, დილის 10 საათამდე გვეყოფა. ხატოვნად რომ ვთქვათ – ერთი ჩაიდანი ჩაის ასადუღებლად. დანარჩენი კი ჩვენთან იმპორტირდება. ასე რომ, თუ ენერგომატარებლები, მსოფლიო მასშტაბით, იაფდება, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ხეირისმომტანია.

ქართულ ბაზარზე მოსახლეობის აქტივობა როგორია?

ძალიან გამარტივებულად რომ ვთქვათ – ვინც, შედარებით, მდიდარია, ის თანხებს ხარჯავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ (უფრო დიდ ნაწილს) – შესაბამისად, მათი მოთხოვნა არ აწვება ქვეყნის შიდა ბაზარს: ბაზარზე საქონელი გამოსულია, მაგრამ შეძლებული ადამიანი არ ყიდულობს საქართველოში – ჩადის სხვადასხვა ქვეყანაში და იქ ყიდულობს. მათი პირდაპირი მოთხოვნა აცდენილია ქვეყნის შიდა ბაზარს. დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს კი არ აქვთ საკმარისი შემოსავალი იმისთვის, რომ ბაზარზე სოლიდური მოთხოვნით იხელმძღვანელონ. და რა გამოდის? ბაზარზე საქონელი არის; ჩვენი მდიდარი მოქალაქე სახსრებს ჩვენს ქვეყანაში არ ხარჯავს; ღარიბი ვერ ყიდულობს იმის გამო, რომ მას შესაბამისი სახსრები არ გააჩნია და ფასებიც, ამის გამო, შეჩერებულია. როცა მოთხოვნა არ არის, ფასს ხომ ვერ გაზრდი, სხვა თანაბარ პირობებში? ასე ვთქვათ – ტრაგი-კომიკური მდგომარეობა გვაქვს შიდა ბაზარზე.

დაბოლოს, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ინფლაციის მაჩვენებლის დარეგულირება?

წლის ბოლომდე, ჩვენ ინფლაციის სამპროცენტიან მაჩვენებელში აუცილებლად ჩავეტევით. ამ წლის ბოლომდე, რაიმე რადიკალური ღონისძიება მოსალოდნელი არ არის. მომავალ წელსაც, სამპროცენტიანი ინფლაცია არის დაგეგმილი. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ზოგად გეო-პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ეს იმიტომ, რომ გლობალიზაციის მთელი ხიბლი და საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული დანარჩენ მსოფლიოსთან – მსოფლიოს 140 ქვეყანასთან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები. ჩვენი შიდა მოხმარების 70 %-ზე მეტი გახლავთ იმპორტირებული საქონელი. მსოფლიო ბაზარზე ნებისმიერი რყევა, თუ – სირთულე თავისთავად ახდენს გავლენას ჩვენს შიდა ბაზარზე.

გვაქვს ორი მომენტი – ვინ სარგებლობს და ვინ ზარალდება? თუ ხეირისმიმღებთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე – დაზარალებულთა რაოდენობა, ეს პროცესი წახალისებასა და მოწონებას იმსახურებს. ხოლო თუ საზოგადოების უმეტესი ნაწილი ზარალდება, ამ შემთხვევაში უკვე, საჭიროა სხვა, ალტერნატიული ღონისძიებების გატარება იმისთვის, რომ არსებული ნეგატიური ეფექტი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: