შსს-ს “112”-ის დეპარტამენტი ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) მიერ 2014 წლის “112”-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ოპერატორის/დისპეტჩერის კატეგორიაზეა ნომინირებული.
უწყებიდან აცნობეს, საქართველო, როგორც საუკეთესო კანდიდატი აღნიშნული ნომინაციისთვის, პოლონეთთან ერთად, EENA-ს მრჩეველთა საბჭოს მიერ იქნა შერჩეული, რომელშიც ასოციაციის წევრი 44 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.
“2013 წლის 13 ოქტომბრამდე მიმდინარეობს ასოციაციის წევრი ქვეყნების მიერ ხმის მიცემის პროცედურა, რომლის დასრულების შემდეგ ნომინირებულ კანდიდატებს შორის საბოლოო გამარჯვებული გამოვლინდება”, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, “112”-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია 2014 წლის 2 აპრილს, პოლონეთში ქ. ვარშავაში გაიმართება.
“ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, დისპეტჩერებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრებს განსაკუთრებული მიღწევებისათვის დააჯილდოებს. EENA აერთიანებს ევროპის 850 გადაუდებელი დახმარების სფეროს წარმომადგენელს, 9 საერთაშორისო ასოციაციას, ევროპარლამენტის 130 წევრს და 50 მკვლევარს”, – განმარტავენ უწყებაში.
საქართველოს შსს “112”-ის წარმომადგენლობა EENA-ს ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის 3 სექტემბერს გახდა.
ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1999 წელს შეიქმნა ბრიუსელში. ასოციაციის მიზანია, ევროპის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის – “112” -ის დანერგვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობა და მათთვის მაღალი ხარისხის გადაუდებელი დახმარების სერვისის განვითარების ხელშეწყობა.
07.10.13