თუკი ერთ სივრცეში არაერთი მომსახურების მიღება შეგიძლია, ის , ასე თუ ისე, შენთვის განსაკუთრებული ხდება. რაც უფრო მეტის მოლოდინს გიღვივებს ის, მეტად საინტერესოც ხდება. ეს ნიშნავს ბიზნესს, რომელიც ორიენტირებულია ზრდასა და გავითარებაზე. ყელა ბიზნესს აქვს საკუთარი ისტორია – ათეულობით წელი, რაც ის არსებობს. თუმცა, ძალიან იშვიათად თუ ხდება, როცა ეს ისტორია საუკუნის წინაა დაწყებული.

„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს პასუხობს ნუცა მალაშხია – „ღვინის ქარხნის“ პროექტის მენეჯერი.

რას საქმიანობს „ღვინის ქარხანა“?

„ღვინის ქარხანა“ მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც ძველი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზეა გათავსებული. შენობა 1894-96 წლებში, ცნობილი არქიტექტორის – ალექსანდრე ოზეროვის პროექტის მიხედვით არის აშენებული და თბილისში ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესია.

„ღვინის ქარხნის“ ტერიტორია უზარმაზარია და იტევს ბევრ სხვადასხვა კონცეფციის პროექტს – ყვავილების ბაზარი, ღია კინო, რესტორნები, ბარები და კაფეები, ოფისები, კულინარიული სკოლა „კულინარიუმი“, ქართველი დიზაინერებისა და პროდუქტის conceptstore, ფიტნეს დარბაზი X Body, თონე, ძველ ღვინის კასრებში გაკეთებული streetfood… უძველესი ღვინის საცავში, საძველეში, ინახება 100 წელზე ძველი ღვინოები და კონიაკები ნაპოლეონის და სტალინის კოლექციიდან. აქვე ადგილს დაიდებს დიდი ქართული ბაზარი – ქართული ღვინითა და ნატურალური პროდუქტებით.

როგორია თქვენი ბიზნესის ისტორია?

პროექტზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დავიწყეთ. პირველად, როცა შენობაში შევედი, დავიკარგე… ბევრი ლამაზი დარბაზი, პატარა აივნები, ტერასები, დახვეული დაუსრულებელი კიბე, რომელსაც, კიდევ,ახალახალ, თაღოვან, აგურით ნაშენებ დარბაზებში ჩავყავდი… მაშინ სამი ვიყავით.დღისა და ღამის განმავლობაში ვისხედით შენობის სხვადასხვა ნაწილში და ვფიქრობდით კონცეფციაზე – იმ ხალხზე, ვისაც, შემდეგ, აქ უნდა ევლო და იმ სიახლეებზე, რომლის შემოტანაც გვინდოდა „ღვინის ქარხნის“ პროექტით. მას შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა და დაიხვეწა, ჩვენი გუნდიც გაიზარდა. თუმცა, იმ ძირეულ იდეებსა და ღირებულებებს, რაც სულ თავიდან ჩავიფიქრეთ, ბოლომდე მივყევით.

ვისზეა გათვლილი თქვენი მომსახურება?

„ღვინის ქარხანა“ პატარა უბანია და ისევე, როგორც სხვა რომელიმე თბილისის უბანში. ყველა ასაკის, წარმომავლობის და ინტერესის ადამიანისთვის არის ადგილი. ყველა იპოვნის იმ მისთვის სასურველს, რითაც შეეძლება დაკავდეს. ასევეა აქ. ჩვენს ტერიტორიაზე დიდი გამწვანებული პარკია, სადაც მშობლები ბავშვებს ასეირნებენ, რესტორნებში დღისით საქმიანი შეხვედრები იმართება, საღამოობით კი მეგობრების თავშეყრის ადგილად იქცევა. გამომდინარე იქედან, რომ ყველა კაფეს, თუ რესტორანს სხვადასხვა კონცეფცია აქვს და შინაარსით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, თითქმის ყველა ასაკის სტუმრები გვყავს.

რა სახის აქტივობებს სთავაზობს ის მომხმარებელს?

ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ქართველ არტისტებს, ხელოვანებს და ჩვენს ტერიტორიაზე ყოველთვის მოიძებნება ადგილი, სადაც საინტერესო პროექტს ადგილს დავუთმობთ. ძალიან ხშირად იმართება გამოფენები, ფესტივალები, კინოჩვენებები, ლექციები…

როგორც ბიზნესი, რამდენად მომგებიანი აღმოჩნდა თქვენი საქმიანობა?

თბილისი დღეს ისეთ ფაზაშია, რომ ყველაფერ ახალსა და საინტერესოს ადვილად იღებს და ხალხის ინტერესიც დიდია ახლის მიმართ. მომგებიანობაზე საუბარი ცოტა ადრეა. დრო გვიჩვენებს J

რა მიმდინარე პროექტები გაქვთ?

დეკემბერში ორი დიდი პროექტი გვაქვს:

20 დეკემბერს,art&designnightmarket, ხოლო 22-23 დეკემბერს HAPPY WINE YEAR ღვინის ფესტივალი ჩატარდება.

Art&designnightmarket საღამოს მარკეტია, სადაც, კარგ მუსიკასთან და კოქტეილებთან ერთად, მოსულ სტუმრებს შეეძლებათ, შეიძინონ ძალიან საინტერესო და ლამაზი პროდუქტები – ყველაფერი, რაც არტთან და დიზაინთან კავშირშია.

HAPPY WINE YEAR ღვინის ფესტივალზე მომხმარებელს ქართული ღვინის დიდი არჩევანი, სპეციალურად მათთვის შერჩეული საახალწლო პროდუქცია და ბევრი სიურპრიზი დახვდება.

მომავალში  კიდევ ბევრი დიდი და საინტერესო გეგმა გვაქვს.

მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: