22 დეკემბერს, სპორტკომპლექს „არენა 1“ – ში (თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N 2) კონტაქტურ კარატეში საქართველოს აბსოლუტური პირველობა და საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდება. პარალელურად, გაიმართება საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი.
აღნიშნული ღონისძიებები 11:00 საათიდან დაიწყება, 13:00 საათზე კი ოფიციალური გახსნაა დაგეგმილი. დასწრება თავისუფალია და მაყურებელს წინ ელის შთამბეჭდავი სანახაობა, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის შესრულებით:
საქართველოს კიოკუშინკაი კარატედოს ფედერაცია (ანზორ ჩუბინიძე)
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია (უშუს სკოლა – ,,ოქროს დრაკონი“ – კორნელი მაისაშვილი)
საქართველოს ტაეკვონდოს ი.ტ.ფ. ფედერაცია (ლევან წარეტაშვილი)
საქართველოს ჯიუ-ჯიცუს ეროვნული ფედერაცია (ავთანდილ მიქაძე)
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია (გიორგი ვერულიძე)
ქართული საბრძოლო ხელოვნება ,,შავფაროსნები” (ირაკლი ქოქოსაძე)
საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაცია (გიორგი ლეკაშვილი)
საქართველოს სპორტული აიკიდოს ასოციაცია (ვახტანგ სიხარულიძე)
ღონისძიებისთვის ძიუდოს აკადემიაში საგანგებოდ ემზადებიან ჩემპიონატისა და ფესტივალის მონაწილეები. მზადების პროცესს დაესწრო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.
ჩემპიონატისა და ფესტივალის საერთო საპრიზო ფონდი შეადგენს 30 000 ლარს. აბსოლუტური ჩემპიონატის პრიზიორებს გამოავლენს წინასწარ შედგენილი მსაჯთა ბრიგადა ავთანდილ შენგელიას ხელმძღვანელობით, ხოლო საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალის მონაწილეებს შეაფასებს ხუთ წევრიანი წინასწარ შერჩეული ჟიური. ღონისძიების მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ფონდი ,,ქართუ“, ,,ადიდასი“ და ,,ზედაზენი“.