გენდერული ბალანსი დღესდღეობით ერთ-ერთი აქტუალური თემაა, ის საქმიანობის ყველა სფეროში გვხვდება, ეს იქნება საჯარო თუ კერძო სექტორი. ქალები თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ მამაკაცების მსგავსად და მათ კანონი არ ასხვავებთ, ამასთანავე მრავალი საერთაშორისო კონვენცია აღიარებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას. მიუხედავად იმისა, რომ ის დრო წარსულს ჩაბარდა როცა ქალებს ეკრძალებოდათ ამა თუ იმ დარგში მოღვაწეობა, მაინც მრავლად ვხვდებით გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს დასაქმების სფეროში. ამიტომ მოცემული თემა ჯერაც არ კარგავს აქტუალურობას და საჭიროა მისი საფუძვლიანი შესწავლა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ ჩატარდა კვლევა „გენდერული უთანასწორობა დასაქმების სფეროში“. კვლევისას სტუნდეტებმა გაიზიარეს როგორც საზოგადოებისა და თვით დისკრიმინებულ ქალთა, ამასთანავე ექსპერტთა მოსაზრებები.
საზოგადოების აზრით, დასაქმების სფეროში გენდერული უთანასწორობის განმსაზღვრელი ნიშნებია სტერეოტიპები, განათლების არასაკმარისი დონე და ადრეული ქორწინება. მათი აზრით, ჩვენს ქვეყანაში სიტყვა “ქალი“ უკვე სტატუსია,რომელიც მას ერგუნა დაბადებიდანვე, მის არსებობას კი ახასიათებს როლების მთელი კრებული, მთავარი ამ როლებიდან კი არის „კარგი შვილის“, “კარგი დედის“,“ოჯახის ქალის” და “კარგი მეუღლის“.
გამოკითხულ დისკრიმინებულ ქალთა აზრით, არსებობს დისკრიმინაციის ეტაპები: დისკრიმინაცია გასაუბრებაზე, უგულებელყოფა უფროსის მხრიდან, არანორმალური დატვირთვა, ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა, ფიზიკური ზეწოლის მცდელობა, რომლებიც ხშირად ქალს აიძულებენ თავადვე თქვან უარი სამსახურზე. მსგავსი დამოკიდებულება და ვითარება კი, აკნინებს ქალების თვითშეფასებას და შესაბამისად, ისინი არ ხარჯავენ დიდ დროს სამსახურის ძებნაში, რადგან არსებულ რეალობასთან და სტერეოტიპებთან გამკლავება უჭირთ.
ექსპერტები უთანასწორობის მთავარ მიზეზებად, განათლების არასაკმარის დონესთან და სტერეოტიპებთან ერთად ასახელებენ სამუშაოს დახარისხების ფაქტორს გონებისა და ფიზიკური ძალის მიხედვით და თავად დამსაქმებლის პოზიციას. მათი თქმით, დამსაქმებელს ურჩევნია აიყვანოს მამაკაცი, რადგან იგი არ დაფეხმძიმდება, არ გავა დეკრეტში და შესაბამისად არ მოუწევს შემცვლელის ძებნა. ამასთანავე, ექსპერტები განმარტავენ, რომ დღეს ქალები საკუთარ თავსაც უწევენ დისკრიმინაციას და მიიჩნევენ, რომ ვერ შეძლებენ იმ დოზითა და ძალისხმევით მუშაობას, როგორც მამაკცები.
პრობლემის აღმოფხვრის გზად ექსპერტები პირველ რიგში ბავშვების სწორად აღზრდაში ხედავენ, თუ ბავშვებს თავიდანვე შთავაგონებთ, რომ არ არსებობს ქალსა და მამაკცას შორს განსხვავება, ისინი სწორედ ასე იფიქრებენ. ამასთანავე მნიშვნელოვანია განათლების დონისა და ქალების თვითშეფასების ამაღლება, რაც საბოლოოდ აისახება დასაქმების სფეროში გენდერული უთანასწორობის გამოვლენის ფაქტების შემცირებით.
ნინი ჭრიკიშვილი