ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული ტურნირი – „ფალავნობა 2018“ ჩატარდა. წლევანდელი შეჯიბრება საიუბილეო – 90-ე იყო. 2018 წლის „ფალავნობა“ განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ ნოემბერში იუნესკომ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა. „ფალავნობა 2018“-ს ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენამ უმასპინძლა.

ქვეყნის აბსოლუტური ფალავანის წოდება ბექა ბერძენიშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა. ახალციხელმა  ფალავანმა სხვა პრიზებთან ერთად 35 000 ლარი მიიღო. 10 000 ლარი ხვდა წილად გიორგი პაპუნაშვილს. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ლაშა ტაველურმა გიორგი კაციაშვილი დაამარცხა და 5 000 ლარს დაეუფლა.

„ფალავნობა“ ჯამში 4 წონით კატეგორიაში ჩატარდა. 80 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება გიორგი მახარაშვილმა იზეიმა. გიორგი პაპუნაშვილის გამარჯვებით დასრულდა 90 კგ წონითი კატეგორიის ფინალი. რაც შეეხება 100 და +100 კგ წონით კატეგორიებს, გამარჯვებულები შესაბამისად ლაშა ტაველური და ლევან მატიაშვილი გახდნენ. წონითი კატეგორიების გამარჯვებულებმა 5-5 ათასი ლარი გამოიმუშავეს, 3-3 ათასი ლარით დაჯილდოვდნენ მეორეადგილოსნები, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებმა ათას-ათასი ლარი მიიღეს.

გამარჯვებულები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის პირველმა მოადგილე შოთა ხაბარელმა და საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა დააჯილდოვეს.

 

 

გაზიარება