22 დეკემერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჟიულ მასნეს ოპერა „ვერთერის“ პრემიერა გაიმართება. 76 წლის შემდეგ თბილისის სცენაზე კვლავ აჟღერდება გოეთეს რომანის „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ მიხედვით შექმნილი ფრანგული ოპერა.
ეს დადგმა 2002 წელს ტოკიოს ახალ ნაციონალურ თეატრში დიდი წარმატებით განხორციელდა. „ვერთერის“ ეს ვერსია დღესაც ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პროდუქციად არის მიჩნეული. სპექტაკლი ტრადიციულ, კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი და ზუსტად ასახავს ნაწარმოების ეპოქას.
„ვერთერის“დამდგმელი რეჟისორია ჯოზეფ ფრანკონი ლი, დამდგმელი დირიჟორები ზაზა აზმაიფარაშვილი და ფაბრიციო კასი, სცენოგრაფი ემანუელე ფავრე, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი, მხატვრული განათება სტეფანო გორერი.
“ვერთერის“ დადგმაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები და სტაჟიორები, ისე მოწვეული უცხოელი მომღერლები.
ფრანგი კომპოზიტორის ჟიულ მასნეს ლირიკული დრამის „ვერთერი“ პრემიერა ვენის სამეფო თეატრში 1892 წლის 16 თებერვალს შედგა. პრემიერის დღეს იგი გერმანულ ენაზე შეასრულეს. ამის შემდეგ ოპერა დაუბრუნდა თავის ორიგინალურ ფრანგულ ვერსიას. „ვერთერის“ პრემიერა ფრანგულ ენაზე 1892 წლის 27 დეკემბერს ჟენევაში, ხოლო 1893 წლის 16 იანვარს პარიზის Opéra Comique-ში შედგა. მასნეს „ვერთერი“ მსოფლიოს მრავალი წამყვანი საოპერო თეატრის რეპერტუარშია.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ვერთერის“ პრემიერა პირველად 1904 წლის 16 ოქტომბერს შედგა და გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისის ჩათვლით თეატრის რეპერტუარში იყო. 1942 წელს „ვერთერი“ თბილისის ოპერის სცენაზე ალექსანდრე წუწუნავამ დადგა, მთავარ პარტიებს დავით ანდღულაძე, ვერა დავიდოვა და დავით ბადრიძე ასრულებდნენ. 76 წლის შემდეგ მასნეს „ვერთერი“ კვლავ უბრუნდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს. საპრემირო ჩვენებები 22, 23, 26 და 29 დეკემბერს გაიმართება.

Please follow and like us: