ჩვენს ქვეყანაში, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი აქტუალური ეკონომიკური მოვლენა მოსახლეობის ნაწილისთვის სესხების განულების პროცესი გახლავთ. ეს არის მოვლენა, რომელიც ყველა მიმართულებით დადებით შედეგს ვერ იძლევა. საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს თუ აქვს ინფორმაცია იმისა შესახებ, რომ დღეს მიმდინარე სესხების განულების პროცესი, ხუთი წლის განმავლობაში, მსესხებლების ისტორიაში საკუთარ კვალს მაინც ტოვებს – მათ ეზღუდებათ ეკონომიკურ აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

აღნიშნულ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი,  გიორგი კეპულაძე ესაუბრა:

ამ ფაქტის შესახებ საზოგადოება რამდენად არის ინფორმირებული?

ყოველ შემთხვევაში, ჩემი მიზანი, ამ ეტაპზე, იყო სწორეს ის, რომ იმ მსესხებლებს, რომლებსაც ვალი ჩამოეწერებათ ჰქონოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, ვთქვათ, იანვარში რომ მიადგნენ ბანკებს სესხების ასაღებად, არცერთი კომერციული ბანკი მისცემს მას სესხს. ეს სამწუხარო ფაქტია. შესაბამისად, ალბათ, სასურველი იყო, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ ამ ადამიანებისთვის. ეს ფაქტი არ უნდა გამოეყენებინათ პოლიტიკურ მესიჯად, რომ ისინი ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდებოდნენ და შავი სიიდან ამოვიდოდნენ.  ისინი, შესაძლოა, შეხვდნენ ახალ წელს ვალების გარეშე (იმ კონკრეტული ვალების გარეშე, რომლებიც 2000 ლარამდე იყო), მაგრამ, სამწუხაროდ, კრედიტინფო არ მუშაობს იმ პრინციპით, რომ საერთოდ წაშალოს ინფორმაცია მსესხებლის შესახებ, რადგანაც სარისკოა. როდესაც ბაზარზე ჩნდება ასიათასობით მსესხებელი, ვისაც დეკემბრამდე ჰქონდა ვალდებულება და ეს ვალდებულება მას სხვამ გაუსტუმრა, იანვარში რომ ის ადამიანი სესხს აიღებს, ძალიან დიდია ეჭვი იმისა, რომ ის ამ სესხს უკან ვეღარ დააბრუნებს.

შესაბამისად, კომერციულ ბანკებსა და კრედიტის გამცემ სხვა ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სარისკო მსესხებლების შესახებ.

ამ წლების მანძილზე, რა ეკონომიკური პრობლემები შეიძლება, შეექმნას იმ ადამიანს, რომელსაც, მიმდინარე პერიოდში, გაუნულდებათ სესხი, თუკი ისინი კვლავ ისურვებენ სესხის აღებას?

ზოგადად, ხუთი წლის ვადის გასვლა არ სჭირდება, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ გარკვეული პერიოდი მაინც უნდა გავიდეს. ამას „შავ სიას“ დავარქმევთ, თუ – „ნეგატიურ ჩანაწერს“, არანაირი მნიშვნელობა აქვს – არსი არ იცვლება. ინფორმაცია მსესხებლის გადახდების შესახებ აუცილებლად აისახება კრედიტინფოში – როდის გადაიხადა? რამდენი გადაიხადა? რამდენი ჰქონდა ვადაგადაცილება? და ა.შ. ეს ინფორმაცია რჩება და ის არის ხელმისაწვდომი.

შესაბამისად, უკვე თვითონ საფინანსო ინსტიტუტების გადასაწყვეტი იქნება, მისცენ, თუ – არა სესხი იმ ადამიანს, რომელსაც, ერთ დროს, პრობლემები ჰქონდა ამ საკითხთან მიმართებით. ასე შევხედოთ – საქმე გვაქვს ორ კერძო სუბიექტთან: ფიზიკური პირი და იურიდიული პირი. როდესაც ფიზიკური პირი მიდის ბანკში სესხის ასაღებად, კომერციული ბანკი (განსაკუთრებით, მისი რისკების განყოფილება) წყვეტს, ღირს, თუ – არა ამ ადამიანისთვის სესხის მიცემა. ეს არის და ეს. შესაბამისად, ხუთი წელი დასჭირდება ამ ადამიანს, თუ – სამი თვე, ეს უკვე არის კომერციული ბანკის გადასაწყვეტი. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი რჩევა არის ხოლმე, რომ თუ ამ ადამიანებს სესხის აღება სურთ, დაიწყოს მცირე სესხით – მაგალითად, გააკეთონ პატარა, ექვსთვიანი განვადება. დაფარონ კარგად, დროულად და, ამის შემდგომ, გაზარდონ სესხის ოდენობა. პირდაპირ იპოთეკურ სესხს, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს არავინ მისცემს.

ზოგადად, სესხების განულების პროცესი, რამდენად დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე?

მე მგონია, რომ სესხების განულების ეფექტი იქნება ნული ეკონომიკაზე, რადგან ეს, უფრო მეტად, იყო პოლიტიკური აქტი, ვიდრე – ეკონომიკური. ეს იყო პოლიტიკური ქულების დასაწერად გაკეთებული. რა თქმა უნდა, კონკრეტული ადამიანებისთვის ეს არის ძალიან კარგი, რომ  მათ ვალი აღარ ექნებათ – ჩამოეწერებათ ვალები, მოეხსნებათ ფსიქოლოგიური სტრესი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელზე ამას დიდი ეფექტი ნამდვილად ვერ ექნება.

მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: