დღეს, ადამიანებს სურთ, სხვებს აჩუქონ რაღაც ისეთი. რაც მათთვის პირადია – ის, რაც ყველგან არ იყიდება და რაც ვერ შეიქმნება, თუ თვითონ არ ჩაერთვები ამ პროცესში. საჩუქარი საინტერესოა, როცა რაიმე განსაკუთრებულთან ასოცირდება, გახსენებს შენს პირადს და ინარჩუნებს იმ მომენტებს, რომლებიც დღესაა.

სულ რაღაც, მაისიდან, ქართულ ბაზარზე არსებობს „ფაზლბოქსი“. მისი მიზანი სწორედ საინტერესოს, უნიკალურის და სამახსოვროს შექმნაა. “თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს მისი დამფუძნებელი, მიხეილ ლალიაშვილი პასუხობს:

„ფაზლბოქსი“ ხის ფაზლების პირველი  კომპანიაა. საიდან გაჩნდა ამ ბიზნესის იდეა?

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვმუშაობდი სარეკლამო კომპანიაში გაყიდვების თანამდებობაზე. ზოგადად, სარეკლამო კომპანიებში ბევრ საინტერესო დანადგარს იხილავთ, როგორიცაა –  პრინტერი, ლაზერი, რუტერი და ა.შ. როცა ამდენ დანადგარს ერთ სივრცეში ხედავ, შეუძლებელია, რამე ლამაზი, განსხვავებული და ორიგინალური იდეა არ დაგებადოს.

მეგობრის დაბადების დღეზე მივდიოდი და იმდენად ვიყავი საქმეში ჩართული, რომ სულ გადამავიწყდა საჩუქრის შეძენა. გამახსენდა, რომ ჩემს მეგობარს ძალიან უყვარდა ფაზლების აწყობა. შესაბამისად, გამიჩნდა იდეა, გამეკეთებინდა ფაზლი მეგობრის საუკეთესო სურათით, რომელიც ჰქონდა გადაღებული თავის დაქალებთან ერთად და ძალიან უყვარდა. ვიფიქრე, ამ ფაზლს თუ ხისგან გავაკეთებდი და შევფუთავდი, ლამაზ ყუთში, არ გაუტყდებოდა, ვერ დაკარგავდა და სამუდამოდ დარჩებოდა. რა თქმა უნდა, დაბადების დღეზე დამაგვიანდა, რადგან საკმაოდ დიდი დრო წაიღო ფაზლისა და ყუთის დახაზვამ და დამზადებამ. როცა ვაჩუქე ის და გახსნა, არასდროს დამავიწყდება ის ემოციები, რაც ყველას ჰქონდა – განსაკუთრებით, იუბილარს. აქედან დამებადა „ფაზლბოქსის“ იდეა. მომინდა, რომ ეს ემოციები სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

რისგან მზადდება თქვენი ნაწარმი?         

ჩვენი ნაწარმი მზადდება  ფანერისა და ეკოსაღებავისგან.

წარმატებული აღმოჩნდა თქვენი ბიზნესი?

დიახ, წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ როგორც პროდუქციას, ისე – სერვისს. ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი უნიკალურია და ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და სრულყოფილად გავცეთ ყველა კითხვაზე პასუხი. სწრაფი სერვისის გამო, დამატებული გვყავს ბოტი ბოლტი, რომელიც შევქმენით ჩვენ. მას შეუძლია, გაგცეთ ისეთ კითხვებზე პასუხი, როგორიცაა – ფასები , საფოსტო მომსახურება, შეკვეთის გაფორმება. თუ ვერ გაერკვევა მომხმარებელი, შეუძლია, აირჩიოს ოპერატორის დახმარება, რომლის შემდეგაც ჩვენი გუნდი ერთვება.

მთელს საქართველოს მოიცავთ?

დიახ. ჩვენ ვსარგებლობთ საფოსტო მომსახურებით, რომელიც მოიცავს სრულიად საქართველოს. ასევე, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა გავაგზავნეთ ჩვენი პროდუქტი საქართველოს ფარგლებს გარეთ .

ვისი იდეებით მზადდება თქვენთან ფაზლები?

ფაზლები მზადდება ჩვენი მომხმარებლის იდეებით, მათთვის სასურველი სურათით.

თუ გეგმავთ ბიზნესის გაფართოებას და როგორ?

დიახ, ვგეგმავთ გაფართოებას. ამაში იგულისხმება:  მაღაზია, საქართველოს საზღვრებს გარეთ პროდუქციის გატანა და კონკრეტული ნახატების  ხაზის გამოშვება, რომელიც გაიყიდება მაღაზიათა ქსელში.

ძირითადად, ვინ არის თქვენი პროდუქციის მომხმარებელი?

ძირითადად, არიან შეყვარებული წყვილები(რომლებსაც სურთ, თავიანთ რჩეულს გაუკეთონ განსხვავებული საჩუქარი, ან, უბრალოდ, ხელი თხოვონ), უკვე დაოჯახებულები(რომლებსაც სურთ, თავიანთი ოჯახის ფოტო გააკეთონ და დაიტოვონ სამახსოვროდ), ფაზლის მოყვარულები. ასევე, სურთ ჩვენი ნაწარმი, უბრალოდ – გასართობად, დაბადების დღის საჩუქარად და, ასევე, სხვადასხვა თემატური დღის საჩუქარად: მაგალითად – სეკრეტ სანტა, ახალი წელი და ა.შ.

დაბოლოს, რატომაა თქვენი ნაწარმი გამორჩეული და საინტერესო?

გამორჩეულია, რადგან  მსგავსი პროდუქცია საქართველოში პირველად ჩვენ შევქმენით, რომელსაც ჰქვია: ფაზლი სასურველი სურათით. სხვათა შორის, როგორც მოვიძიეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ ძალიან ცოტა კომპანია. ვიპოვნეთ, ვინც აწარმოებს  მსგავს პროდუქტს მსგავსი თემატიკით (სასურველი სურათით).

მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: