სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოება არასასიამოვნო სიახლემ მოიცვა. პური, რომელიც სასურსათო პროდუქტებიდან ერთერთი უმნიშვნელოვანესია, 10 თეთრით გაძვირდა.  პურ-პროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ამის მიზეზად ფქვილზე ფასების ზრდას ასახელებენ.

როგორც შესაბამისი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ გარე ფაქტორებმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ხორბლის ფასის ზრდაზე, რაც პირდაპირ აისახა პურის ღირებულებაზე და მისი მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი, შესაბამისად პურისთვის საჭირო ფქვილის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც. დღეის მდგომარეობით, ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ღირებულება 47-დან 50 ლარამდე მერყეობს, როდესაც აგვისტოს თვეში ეს ნიშნული 33-დან 35 ლარამდე იყო.

პურ-პროდუქტებზე ფასების ზრდამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომელსაც ბევრი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემა აწუხებს, აშფოთებს არსებობისთვის აუცილებელი პროდუქტის გაძვირება და ქმედით ნაბიჯებს ხელისუფლებისგან ელის. ამ დროს კი მთავრობა ბაზარზე მიანიშნებს, რომლის გაკონტროლებაც შეუძლებლად მიაჩნია. პრემიერ ბახტაძის დავალებით უნდა იქნეს შესწავლილი პურის ფასის ზრდის მიზეზები და ის მოსალოდნელი შედეგები, რაც ამ მოვლენას შეიძლება მოჰყვეს. საბოლოო ანგარიშში ჩვენ გავიგებთ ამ დეტალებს , მანამდე კი გაძვირებული პროდუქტების სია იზრდება, ისევე როგორც ამ პროცესის თანმხლები სოციალური და ეკონომიკური რისკები .

როგორც საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში თბილისი თაიმსს განუცხადეს, ისინი სწავლობენ აღნიშნულ საკითხს და ცოტა ხანში საზოგადოებას გააცნობენ შედეგებს, იმ მიზეზების ახსნას, რამაც პროდუქტებზე ფასების ზრდა და პურის გაძვირება გამოიწვია.

წინასაახალწლო პერიოდში სამომხმარებლო ფასების ზრდა უკვე წლებია ტრადიციადაა ქცეული ჩვენს ქვეყანაში, ახლა კი რა ბედი ელის პროდუქტების ღირებულებას და შესაბამისად ჩვენი მოსახლეობის ჯიბეებს, არის თუ არა პურის შემდეგ სხვა სურსათ-პროდუქტზე ფასის ზრდა მოსალოდნელი, ამ და სხვა კითხვებზე თბილისი თაიმსს ესაუბრა ეკონომიკის ექსპერტი ქეთევან კრიალაშვილი .

„ –როგორ აისახება პურის ფასის ზრდა მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ?

პური არის პირველადი მოხმარების საქონელი და შესაბამისად ვერ მოხდება მისი ჩანაცვლება სხვა რომელიმე პროდუქტით. მოსახლეობა რა რაოდენობის პურსაც მოიხმარს, ეს ასე იქნება ბუნებრივად სულ, რადგან მისი ალტერნატივა არ არსებობს. შესაბამისად მისი ფასის ცვლილება აისახება თითოეული ოჯახის ბიუჯეტზე. ამასთანავე გასათვალისწინებელია ინფლაციის მაღალი დონე, რომელიც დაანონსებულია მომავალი წლისთვისაც და სამი პროცენტითაა განსაზღვრული.

როგორც წესი, ინფლაცია საჭიროებისამებრ გამოიყენება ხოლმე და დაგეგმილია ბიუჯეტით, თუმცა ეს მაშინ , როდესაც მისი სწორი და დროული გამოყენება ხდება. საინტერესო ისაა, მომავალ წელს როგორი იქნება ეს ინფლაცია, მე მაინც მაქვს მოლოდინი, რომ ის დაგეგმილს გადააჭარბებს.

ასევე შეიძლება ვთქვა, რომ ყოველი წლის გარკვეულ მონაკვეთში სამომხმარებლო ფასების ზრდა ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესიც კია, რადგან ეს ერთგვარი ცხოვრების წესია და დროის გასვლასთან ერთად პროდუქტზეც იცვლება ფასები.

სწორედ ამიტომ არის ბიუჯეტში ინფლაცია გათვალისწინებული, რადგან არის რაღაც პროდუქტები, რომლებზეც სეზონების მიხედვით დგინდება ფასები, რომლებიც ბაზარზე რეგულირდება ფასების მიხედვით.  ზოგადად, სწორი დამოკიდებულებაა, როდესაც ბაზარი თვითონ არეგულირებს ფასებს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ეს ასე არ ხდება. არის გარკვეული შეზღუდვები და ინტერესები, რის შემდეგაც ყალიბდება გარკვეული პროდუქტის ფასები. ფასების  ცვლილება ბუნებრივია, თუმცა ის არ უნდა იყოს შესამჩნევი და მკვეთრი და არ უნდა აღემატებოდეს დაგეგმილ ინფლაციას, რათა არ წარმოიშვას დამატებითი პრობლემები და გართულებები .

რაც შეეხება კონკრეტულად პურის შემთხვევას, მთავრობამ დააწესა გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად ფქვილის ავტომობილით შემოტანაზე , რამაც გარკვეული დროით  შეაჩერა ეს პროცესი. ანუ მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ფქვილის მიწოდების სიხშირეზე. რეალურად მივიღეთ ის რომ არა ბაზარმა, არამედ მთავრობის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია მომავალში პურის ფასების ზრდა .

-რა შეიძლება გაკეთდეს ბაზარზე პურის ფასის დასარეგულირებლად და სამომავლო გაძვირების თავიდან ასაცილებლად ?

არაფერი არ უნდა გაკეთდეს, ანუ სახელმწიფომ უარი უნდა განაცხადოს ისეთი გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელიც აიძულებს გარკვეული პროდუქტის მწარმოებლებს მოახდინონ ფასების მკვეთრი გაძვირება. არსებობს ბაზარი და ბაზარმა უნდა დაარეგულიროს ნებისმიერი პროდუქციის ფასი, მასზე მოთხოვნაც და მიწოდებაც.

ის რომ სახელმწიფო ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო ზღუდავს ტრაილერებით ფქვილის იმპორტს , ქმნის გარკვეულ სირთულეებს. ამ შემთხვევაში დაინტერესებად შეიძლება მივიჩნიოთ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ რკინიგზაზე ტვირთის გადატანების შემცირებ. სწორედ ამის გამო  სახელმწიფომ გადაწყვიტა  შეზღუდვებით გაეზარდა მოთხოვნა რკინიგზით სარგებლობაზე. ასე ჩაერია სახელმწიფო კერძო კომპანიების საქმიანობაში და მათ შეუზღუდა ამ ტიპის ტვირთის შემოტანა, რამაც საბოლოო ჯამში მოგვიყვანა ამ შედეგამდე, როდესაც პურის პროდუქტის ფასი ასე მკვეთრად გაიზარდა.

არჩევნების პროცესებმა და მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენება შეაყოვნა ფასების ზრდა, რომელიც სწორედ ხელისუფლების არასწორი გადაწყვეტილებების და უხეში ჩარევების შედეგია და თავი სწორედ არჩევნების დასრულების შემდეგ იჩინა. საბოლოოდ ვიღებთ, რომ მთავრობა თავისი პრიორიტეტული გადაწყვეტილებებით, რომელიც ცალმხრივია, აზარალებს ჩვენს მოსახლეობას. „

ანა ურუშაძე

Please follow and like us: